9 დაღუპული, დაჭრილი?.. - კვირის პალიტრა

9 დაღუპული, დაჭრილი?..

ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჭრის ფაქტებს თავდაცვის სამინისტრო კვლავ მალავს

"იმ ოპერაციისას, რომელშიც რიგითი გია გოგუაძე დაიღუპა, კიდევ რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. სამს ქვედა კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდა, ორი კი გერმანიაში, ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია," - ეს შემაშფოთებელი ინფორმაცია ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორმა - ირაკლი სესიაშვილმა გაავრცელა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ავღანეთში დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ დევს, რაც უკვე აღარცაა გასაკვირი, რადგან მთავარი სამხედრო უწყება, ტრადიციულად, ასეთ ინფორმაციას მალავს.

სხვაგვარად ამას ვერ შევაფასებთ, თუნდაც იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში დაჭრილი 12 ქართველი სამხედროს შესახებ მხოლოდ ერთხელ, 2012 წლის 22 ნოემბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც ისინი  გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში, აშშ-ის პირველმა ლედიმ - მიშელ ობამამ მოინახულა.

ის 12 სამხედრო ერთი სამხედრო ოპერაციისას არ დაჭრილა. შეიარაღებული ინციდენტები, რომლებშიც ისინი დაიჭრნენ, ხუთი მათი თანამებრძოლი კი დაიღუპა, 2010 წლის აპრილიდან დაიწყო, როდესაც ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში ქართული არმიის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის 750 სამხედრო ჩავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ინფორმაცია დაჭრილების შესახებ იბლოკებოდა.

2011 წლის პირველი ტრაგედიის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ 22 თებერვალს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელიც დაღუპული სამხედროს გარდა ორ დაჭრილ კაპრალზეც იუწყებოდა. ახალი ტრაგედიის შესახებ 14 მარტის განცხადებაში კი დაღუპული სამხედროს გარდა ორ დაჭრილზე - კაპიტანსა და კაპრალზეც იყო ლაპარაკი.

ამის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ თავდაცვის უწყებამ შეცვალა მოქმედების ტაქტიკა და აღარ დამალავდა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჭრის ფაქტებს, თუმცა მას შემდეგ დაღუპული ორი ქართველი სამხედროს შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში (27 მაისი, 20 ივნისი) კვლავ არაფერია ნათქვამი დაჭრილების შესახებ. არადა არსებობს ავღანეთიდან არაოფიციალური  წყაროებით მიღებული ინფორმაცია, რომ ორივე შემთხვევაში დაღუპულების გარდა, სამწუხაროდ, არაერთი დაჭრილიც გვყავდა.

როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, ჰილმენდის პროვინციაში მოქმედ ქართულ სამხედრო კონტინგენტს, ამერიკელი სამხედროებისაგან განსხვავებით, აკრძალული აქვს "სკაიპის" გამოყენება და ინტერნეტითაც მხოლოდ განსაზღვრული დროით და  მეთვალყურეობის ქვეშ სარგებლობენ. ასეთი ზომები შეიძლება იმიტომ არის მიღებული, რომ ახლობლებს ვერ აცნობონ, რეალურად რა ხდება ავღანეთში.

24 ივნისის მდგომარეობით, ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის პირადი შემადგენლობის 9 სამხედრო მოსამსახურე (მუხრან შუკვანი, რამაზ გოგიაშვილი, დავით ცეცხლაძე, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, გიორგი ავალიანი, ვალერი ვერსკიანი, ლავროსი ივანიაძე და გია გოგუაძე) იყო დაღუპული. დაჭრილთა რაოდენობა უცნობია, მაგრამ ის შეიძლება უკვე 40-ს აღწევდეს, რადგან თალიბების მიერ ჩადებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქებისას, როგორც წესი, პატრულის რამდენიმე წევრი ზიანდება.