რა შეიარაღება ამოიღო პოლიციამ... - კვირის პალიტრა

რა შეიარაღება ამოიღო პოლიციამ...

საქართველოს შსს-მ გაავრცელა ვიდეოკადრები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავებისა და ამოღებული შეიარაღების შესახებ.

უდანაშაულობის პრეზუმფციისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ნებას ვერ მივცემთ, დარწმუნებით ვთქვათ ან უარვყოთ, მართლაც ამზადებდა თუ არა ეს ჯგუფი შეიარაღებულ თავდასხმებს. ამჯერად მკითხველის ყურადღებას ამოღებული შეიარაღების სახეობებზე შევაჩერებთ.

პოლიციიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ იღებენ მიწიდან სამ ხის ყუთს. ორი მათგანი სტანდარტული ყუთია, მესამე - უფრო მოგრძო.

პირველი ყუთიდან იღებენ "კალაშნიკოვის" ავტომატის რკინის მჭიდებს და ხელყუმბარებს (მათ შორის Ф-1-ის ტიპის), მეორე ყუთიდან კი - ვაზნებსა და ტროტილის 200 და 400-გრამიან ბრიკეტებს. მესამე, გრძელ ყუთში კამუფლირებული ფორმა, ორი ცალი ხელის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი (ერთი РПГ-26, ხოლო მეორე სავარაუდოდ РПГ-22 ტიპის) და რამდენიმე "კალაშნიკოვის" ავტომატი მოჩანს.

ამის შემდეგ კადრში ყუთებიდან ამოღებული, ბალახზე გაშლილი იარაღი და აღჭურვილობა გამოჩნდება. მათ შორის - "კალაშნიკოვის" შვიდი ავტომატი, სამი ცალი РКГ-3М ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, ორი ერთჯერადი ყუმბარსატყორცნი, ხელყუმბარები, ტროტილის ბრიკეტები და ჭურვებისა და ნაღმსატყორცნის ამფეთქებლები (ვის რაში სჭირდება ეს ამფეთქებელი, ძნელი სათქმელია).

თუმცა ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მდელოზე ტყვიამფრქვევი ПКМ-იც დგას. ვიდეოკადრებში არსად ჩანს, რომ ეს ტყვიამფრქვევი რომელიმე ყუთიდან ამოიღეს. ის ვერც ჩაეტეოდა სამიდან ყველაზე მოზრდილ ყუთშიც კი, რადგან ПКМ-ის სიგრძე 1173 მმ-ია, ყუთისა კი - არა უმეტეს 900-950 მმ-ისა; ყუთში ჩადებული РПГ-26-ის სიგრძე 770 მმ-ია და ყუთის ბოლომდე მხოლოდ 100-150 მმ თუ რჩება.

ამიტომაც ამ ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუკი ПКМ-ის ტყვიამფრქვევი მიწიდან ამოღებული სამი ყუთიდან არც ერთში არ ჩაეტეოდა, მაშ, როგორ მოხვდა ის მამხილებელ ვიდეოსიუჟეტში?