ომიდან ომამდე? - კვირის პალიტრა

ომიდან ომამდე?

"როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალი წყდება, საქართველო შიდაპოლიტიკური დაპირისპირების წვენში იხარშება, რომელსაც მომწამვლელი გემო აქვს და მარაზმის სუნი ასდის..."

27 სექტემბერი ყოველთვის დარჩება საქართველოს გულში ჩარჭობილ ისრად - სოხუმის დაცემის დღედ, მაგრამ სწორედ 27 სექტემბერი იქცა აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის დაწყებულ ყარაბაღის ბოლო ომში თითქმის ბოლომდე გამარჯვების სიმბოლოდ. თუმცა ყარაბაღის ბოლო ომის წლისთავაზე სიტუაცია ისევ ისე იძაბება, რომ შეიძლება სამხრეთ კავკასია და მისი სამეზობლო კვლავ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების ასპარეზი გახდეს.

ამჯერად დაპირისპირებული მხარეებიAაზერბაიჯან-ირანისა და რუსეთ-თურქეთის წყვილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიც და ირანიც მუსლიმური ქვეყნებია, მათი მეზობლობა იდეალური არასოდეს ყოფილა. შეიძლება იმიტომაც, რომ თეირანში ვერასდროს დაივიწყებენ 1945 წლის მიწურულს ირანის აზერბაიჯანის (ირანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ) რეგიონში სტალინის ბრძანებით შექმნილ "აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას", მიუხედავად იმისა, რომ მან ნახევარი წელიც ვერ გაძლო, რადგან აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად კრემლმა მაშინ ამ გრანდიოზულ პროვოკაციაზე ხელი აიღო.

თავის მხრივ, არც აზერბაიჯანელები იყვნენ აღფრთოვანებული იმით, რომ ბოლო 30 წელი მთიანი ყარაბაღისთვის დავაში ირანის ხელისუფლება ფარულად თუ ღიად სწორედ აზერბაიჯანის მთავარ მოწინააღმდეგეს - სომხეთს უჭერდა მხარს...

ამ ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთპრეტენზიებმა ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის დუღილის ტემპერატურას მიაღწია და საზღვარს ორივე მხარემ ტანკები და სარაკეტო დანადგარები მიაყენა. ეს იმან გამოიწვია, რომ აზერბაიჯანელებმა დაიწყეს იმ ირანელი მძღოლების დაკავება, რომელთაც ირანიდან სომხეთის გავლით ყარაბაღში დარჩენილ სომხურ ანკლავში ტრაილერებით სისტემატურად გადაჰქონდათ ტვირთი.

ერთი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვების შემდეგ, აზერბაიჯანმა სომხეთთან სახელმწიფო საზღვარი საბჭოთა დროინდელი რუკების მიხედვით აღადგინა და აღმოჩნდა, რომ ირანიდან სომხეთში მიმავალი კაფანი-გორისის გზის მონაკვეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოექცა. ეს სიტუაცია ბაქომ მაშინვე გამოიყენა და გზის ამ მონაკვეთზე სასაზღვრო და საბაჟო საკონტროლო პუნქტები შექმნა, რომლებზეც ირანიდან ყარაბაღის სომხური ანკლავისკენ მიმავალი ტრაილერების შემოწმება და მათი მძღოლებისგან საბაჟო მოსაკრებლის მოთხოვნა დაიწყო, რამაც ოფიციალური თეირანის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია, ამ ყველაფერმა კი ომში დამარცხებულ ერევანს რევანშის მცირე იმედი ჩაუსახა...

ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებიდან გასული ერთი წლის განმავლობაში დამარცხებული სომხეთის მიმართ აზერბაიჯანის პრეტენზიები და მოთხოვნები უფრო გაიზარდა, მათ შორის - ზანგეზურის დერეფნის სასწრაფოდ გასახსნელად, რომელმაცA აზერბაიჯანი პირდაპირ უნდა დაუკავშიროს ნახიჩევანს და, შესაბამისად, თურქეთს. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება თურქეთის გავლენა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე - ცენტრალურ აზიაში, რომლის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკურ ცხოვრებაში ისედაც დიდია თურქეთის როლი, მაგრამ რეგიონში თურქეთის გაძლიერება არ სურს ირანს, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხეთზე, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ისტორიულად სიტყვა თურქი (რომელშიც აზერბაიჯანელებსაც გულისხმობენ) უმთავრესი მტრის სინონიმია. თუმცა თურქეთის მომძლავრების მთავარი მოწინააღმდეგე მაინც რუსეთი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინ-ერდოღანის ურთიერთობა, ერთი შეხედვით, მეგობრული ჩანს.

დიდ პოლიტიკაში ყველაფერი გათვლაზეა დამოკიდებული, ამიტომ გუშინდელი მტერი შეიძლება მეგობარი გახდეს და პირიქით.

2015 წლის 24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვართან თურქულმა გამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, რის გამოც მაშინ პუტინსა და ერდოღანს შორის შავმა კატამ გაირბინა და მსოფლიო შავ ზღვაში რუსეთ-თურქეთის საზღვაო დაპირისპირებასაც არ გამორიცხავდა, მაგრამ 2016 წლის 15-16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ ერდოღანმა პუტინი თითქმის მეგობრად გამოაცხადა და მას შემდეგ რუსეთისგან თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემებიც კი შეიძინა, რითაც ძალიან გაანაწყენა მთავარი ნატოელი პარტნიორი - აშშ, მაგრამ დღეს პუტინ-ერდოღანის მეგობრობის თავზე ისევ შავი ღრუბელი იკვრება, რომელსაც სამოქალაქო ომში გახვეული სირიის იდლიბის პროვინციის ფორმა აქვს.

საქმე ის არის, რომ ექვსი წლის წინ სირიაში რუსული საბრძოლო ავიაციის, საზღვაო ესკადრისა და სახმელეთო დანაყოფების გადასროლით პუტინმა ბაშარ ასადს ხელისუფლება შეუნარჩუნა. დღეს უკვე მომძლავრებულ ასადს, ბუნებრივია, სურს აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ცდილობს დაიმორჩილოს იდლიბის პროვინცია, რომელიც თურქეთის სამხრეთს ესაზღვრება, პროვინციის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კი თავს თურქად მიიჩნევს.

ათიოდე დღის წინ მოსკოვში შეხვედრისას პუტინმა ასადს მხარი დაუჭირა სირიიდან იმ უცხო ქვეყნების შეირაღებული დანაყოფების სასწრაფო გაყვანაში, რომლებიც დამასკოს ქვეყნის ტერიტორიაზე ოფიციალურად არ მიუწვევია და რომელთაც არც გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი აქვთ.

ამჟამად სირიაში რუსი, ირანელი, თურქი და ამერიკელი სამხედროები არიან, მაგრამ რუსები და ირანელები ასადის რეჟიმს ეხმარებიან, თურქი სამხედროები თურქომანების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ამერიკელები კი სირიელ ქურთებს ბაშარ ასადის რეჟიმის თავდასხმებისგან იცავენ.

ბოლო დღეებში თურქეთმა იდლიბის პროვინციაში ასობით ჯავშანმანქანა და რამდენიმე ათასი სამხედრო გადაისროლა, რადგან თურქეთის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთგული არმია დღე-დღეზე აპირებს გადამწყვეტი შეტევის დაწყებას იდლიბიდან თურქომანების საბოლოოდ გასაყრელად, რაც სირიელი და ავღანელი დევნილებით ისედაც სავსე თურქეთს პრობლემებს დაუმატებს. ასადის არმიას ინტენსიურ საჰაერო მხარდაჭერას ჰმეიმის საჰაერო ბაზიდან რუსული საბრძოლო ავიაცია გაუწევს, თანაც, ეტყობა, განსაკუთრებული ჟინით, რადგან პუტინი ძალზე გააღიზიანა თურქი კოლეგის მიერ გაეროს ტრიბუნიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათქვამმა ფრაზამ, თურქეთი ყირიმს არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნევს რუსეთის კუთვნილებადო...

29 სექტემბერს სოჭში პუტინ-ერდოღანის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, სადაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, კერძოდ, გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა პუტინ-ერდოღანის "იძულებით-ნებაყოფლობითი" ჩახუტების პოლიტიკა თუ სირიაში, ლიბიასა და ყარაბაღში დაპირისპირებული რუსულ-თურქული ინტერესები ისევ დიდ შავ კატას "დაბადებს" მოსკოვი-ანკარის ურთიერთობაში.

ამ ეტაპზე იდლიბის თემა ყველაზე აქტუალურია და იმის გამო, რომ პუტინი ასადს ყველას გასაგონად შეჰპირდა სირიიდან "დაუპატიჟებელი" ქვეყნების სამხედრო დანაყოფების გაძევებაში დახმარებას, სოჭში პუტინ-ერდოღანის "მეგობრული მუსაიფი" შეიძლება ძალზე დაძაბულიც აღმოჩნდეს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ერდოღანი იდლიბში თურქომანების მიტოვებას და ასადის არმიისთვის მათ "საჯიჯგნად" მიგდებას დაყაბულდეს. მეორე მხრივ, პუტინისთვის კვლავ ძალზე მნიშვნელოვანია კატათაგვობანის თამაშის გაგრძელება კრემლის მიერ რუსეთის მთავარ მტრად მიჩნეულ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-თან, როცა რიცხოვნობით ნატოს მეორე წევრი, თურქეთი, რაღაცნაირად უკვე დაუპირისპირა სხვა წევრებს და ალიანსში ერთგვარი განხეთქილებაც შეატანინა.

აზერბაიჯან-ირანის დაძაბული ურთიერთობის შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დამთავრდება 29 სექტემბერს სოჭში რუსეთ-თურქეთის მაღალი დონის მოლაპარაკება.

თუკი პუტინი და ერდოღანი ისე შეთანხმდებიან, რომ არც მწვადი დაწვან და არც - შამფური (ანუ ისევ გადადონ იდლიბის მწვავე თემის გადაწყვეტა), მაშინ აზერბაიჯან-ირანის საზღვრის ორივე მხარეს თავმოყრილი ტანკების სამიზნეების გასწორებას არ უნდა ველოდოთ.

თუ სოჭის ერთდღიანი შეხვედრის შემდეგ ასადის არმია იდლიბში შეტევაზე გადავა და მას თურქების პოზიციების დაბომბვაში ჰაერიდან რუსული საბრძოლო ავიაცია დაეხმარება, მაშინ, ალბათ, მონასტერიც აირევა და ირანი ეცდება, თურქეთის იმედად მყოფ აზერბაიჯანს უფრო მკაცრად მოსთხოვოს პასუხი ირანელი მძღოლების დაკავებისთვის, რის შემდეგ თავს სომხეთიც წამოყოფს, ყარაბაღში ჩამდგარმა რუსმა "მშვიდობისმყოფელებმა" კი შეიძლება ბაქოს იგივე "ოინი" მოუწყონ, რაც აგვისტოს ომის დროს თბილისს დამართეს ცხინვალსა და აფხაზეთში ჩვენივე დასტურით შემოყვანილმა რუსმა "ცისფერჩაფხუტიანებმა..."

სამხრეთ კავკასიასა და მის სამეზობლოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ფონზე საქართველო თითქოს გარიყული რჩება და, სამწუხაროდ, მხოლოდ თავისი შიდაპოლიტიკური დაპირისპირების წვენში იხარშება, რომელსაც მომწამვლელი გემო აქვს და მარაზმის სუნი ასდის.