ომწაგებულ თავდაცვის მინისტრებს იჭერენ... - კვირის პალიტრა

ომწაგებულ თავდაცვის მინისტრებს იჭერენ...

"ყარაბაღის ბოლო ომის წლისთავზე სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი 5 მლნ დოლარამდე გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს, მის ქართველ, ასევე ომწაგებულ კოლეგას კი 5 მლნ ევროს მოპარვას ედავებიან..."

ომში დამარცხების შემდეგ, როგორც წესი, განტევების ვაცს ეძებენ და გამონაკლისი არც ჩვენი მეზობელი სომხეთი აღმოჩნდა, სადაც 29 სექტემბრის შუაღამეს საკუთარ სახლში დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავიდ ტონოიანი. ყარაბაღის ბოლო ომიდან, რომელიც სომხეთმა, ფაქტობრივად, პირწმინდად წააგო აზერბაიჯანთან, ზუსტად ერთი წლის თავზე იმ ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრება, რომელიც ამ ომში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ედგა სათავეში, შემთხვევითი არ არის.

დავით ტონოიანი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ თავდაცვის მინისტრად ის სწორედ 2018-2020 წლებში დააწინაურეს, ანუ პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის პერიოდში. შესაბამისად ტონოიანი მისი გუნდის წევრად აღიქმებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრემიერად მეორედ მოსვლის შემდეგ ფაშინიანმა, ფაქტობრივად, გაწირა ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც გამოძიება საბრძოლო საჭურვლის შეძენისას 5 მლნ დოლარამდე თანხის "მოტეხვას" აბრალებს.

ომში დამარცხების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებში ისევ ფაშინიანმა გაიმარჯვა, რაც ჩვენთვის ნაცნობი სურათია - აფხაზეთის ომში დამარცხების მიუხედავად, შევარდნაძემ ხელისუფლება კიდევ 10 წელი შეინარჩუნა, აგვისტოს მარცხის შემდეგ კი სააკაშვილმა პრეზიდენტის სავარძელში კიდევ ხუთი წელი გაძლო.

ყარაბაღის ბოლო ომში დამარცხების ტონოიანისთვის გადაბრალების ცდა გასაგებია, რადგან ფაშინიანს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად სჭირდება ოდიოზური პოლიტიკოსები, რომლებზეც საზოგადოების თვალში ჯოხი გადატყდება. თუმცა რაღა მეზობლებს დავესესხოთ, ასე საქართველოშიც არაერთხელ მომხდარა და ალბათ, მომავალშიც მოხდება.

ერევანში სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრებას უცნაურად დაემთხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, რომლითაც ის ასევე "ომწაგებულ" მინისტრ დავით კეზერაშვილს 5 მლნ ევროს მიტაცებას ედავება. ამ სარჩელის მიხედვით, თავის დროზე კეზერაშვილის განკარგულებით ოფშორულ ზონაში თავდაცვის სამინისტროდან 5 მლნ ევრო გადაირიცხა, რის სანაცვლოდ მომსახურება და შეიარაღება თავდაცვის სამინისტოს დღემდე არ მიუღია.

ამ საქმეში სასამართლოს ბოლო ინსტანციამ გაამტყუნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მაგრამ საეჭვოა, კეზერაშვილმა სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი გაითვალისწინოს და დღევანდელი ხელისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

შეიარაღების, საბრძოლო საჭურვლისა თუ სხვა სამხედრო დანიშნულების საქონლის საზღვარგარეთ შეძენა ყოველთვის გასაიდუმლოებული და ბურუსით მოცული იყო, რასაც ამა თუ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო და კომერციული საიდუმლოების დაცვით ხსნიდნენ, თუმცა, უმეტესწილად, საქმე გვქონდა ბანალურ "ოტკატებთან" - იარაღს უცხოური ფირმებიდან რეალურ ფასზე ძვირად ყიდულობდნენ, განსხვავებას კი ჯიბეში იდებდნენ...

რად ღირს თუნდაც "კვირის პალიტრაში" ჩვენ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილისა და თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილის "დუეტმა", დიდი ვაჭრობის შემდეგ, 15 მლნ-დან 11 მლნ დოლარამდე ფასდაკლებული "კოლჩუგას" პასიური რადიოტექნიკური დაზვერვის სისტემა საქართველოს უკრაინიდან თავდაპირველ ფასზე ძვირად - 16,5 მლნ დოლარად შეაძენინეს...

მეტიც - შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს ძალიანაც უხაროდათ, როდესაც აგვისტოს ომის დროს რუსები ნაალაფარ ქართულ შეიარაღებას კოლონებით ეზიდებოდნენ - საზღვარგარეთ "გაბერილი" ფასებით შეძენილი შეიარაღებისა თუ საბრძოლო საჭურვლის ჩამოწერა და კვალის დაფარვა ხომ უფრო ადვილი იქნებოდა!

P.S. სანამ ორ დავითს, ორ ყოფილ თავდაცვის მინისტრს სომხეთისა და საქართველოს ხელისუფალნი ედავებიან, საქართველოს მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა და თავად გამოცადა ქართული არმიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნაწილი.

ჯერ იყო და, თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის პოლიგონზე გამართული მორიგი სამხედრო სწავლების მონახულებისას ამერიკული "ბრაუნინგის" 12,7 მმ-იანი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი ჯერებით ისროლა, შემდეგ გულგრილად ვერ ჩაუარა ტანკისტებს და მათ გულთბილად მიესალმა. ტანკისტებიც ვალში არ დარჩნენ - თავიანთ "ჯავშანსახლში" - ტანკში ჩაიპატიჟეს და 125 მმ-იანი ქვემეხი გაასროლინეს, ბოლოს კი, როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო და თავდაცვის მინისტრმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან კუმულაციურქობინიანი რაკეტაც გაისროლა...

კულმინაცია კი სექტემბრის ბოლოს ვიხილეთ, როცა თავდაცვის მინისტრი 600 მ სიმაღლეზე მფრენი ბიპლანიდან თბილისის ზღვაზე პარაშუტით დაეშვა. არ ვიცით, პარაშუტით ეს გადმოხტომა თავდაცვის მინისტრისთვის პირველი იყო თუ არა, მაგრამ წყალზე დაშვება გამოცდილი პარაშუტისტებისთვისაც კი რთულ ელემენტად ითვლება.