საუკუნე ყარსის ხელშეკრულებიდან - ვის და როგორ სურს სამხრეთ კავკასიის საზღვრების "გადაკერება"...
საუკუნე ყარსის ხელშეკრულებიდან - ვის და როგორ სურს სამხრეთ კავკასიის საზღვრების "გადაკერება"...
13 ოქტომბერს 100 წელი შესრულდა ყარსის ხელშეკრულებიდან, რომელმაც გასულ საუკუნეში მნიშვნელოვნად შეცვალა მაშინდელი საქართველოს საზღვრები, თუმცა ყარსში ამ ხელშეკრულების დადების დროს საქართველოს პირველი რესპუბლიკა უკვე რვა თვის ოკუპირებული იყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ და საქართველოს, ისევე, როგორც ჩვენსავით ოკუპირებული სომხეთისა და აზერბაიჯანის ბედს, შორეული მოსკოვიდან ლენინი და ბოლშევიკების სხვა ლიდერები წყვეტდნენ.

დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს პოზიციიდან ყარსის ხელშეკრულების გადახედვა და დღეს თურქეთ
ისთვის ტერიტორიული პრეტენზიების წაყენება არალოგიკურია, მით უმეტეს, რომ 1992 წელს ოფიციალურმა თბილისმა ის აღიარა, 1993 წლის 25 მარტის საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ მხარეები ცნობენ და დაიცავენ 1921 წლის ყარსის შეთანხმებას, მაგრამ განვლილ ერთ საუკუნეში იყო მომენტი, როდესაც თბილისიდან და ერევნიდან ანკარას პრეტენზიები შეუთვალეს ართვინისა და არდაღანის ოლქების დაბრუნებისა და არარატის მთის რაიონის სომხეთისთვის გადაცემის თაობაზე.

მეორე
მსოფლიო ომის დამთავრებამდე, პოტსდამის კონფერენციაზე სტალინმა სცადა თავის დროზე ლენინის დაშვებული სტრატეგიული შეცდომის გამოსწორება და წამოჭრა საკითხი თურქეთის მიერ სომხეთისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებისთვის იმ ტერიტორიების დაბრუნების შესახებ, რომლებიც ყარსის ხელშეკრულებამდე მეფის რუსეთის სახელმწიფოს საზღვრებში შედიოდა.


მიუხედავად სტალინის უდიდესი როლისა და გავლენისა, თვით "ბიძია ჯომაც" (როგორც მას დასავლეთში ეძახდნენ) ვერ მოახერხა ყარსის ხელშეკრულების იგნორირება და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე საბჭოთა კონტროლის დაწესება. სამაგიეროდ, სტალინის მუქარნარევი მოთხოვნებით დამფრთხალმა თურქეთმა 1952 წელს თავი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეაფარა და პირველ "ცივ ომში" საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგედ იქცა.

1961 წელს თურქეთის ქალაქ იზმირის რაიონში განთავსდა ამერიკული "იუპიტერის" ტიპის საშუალო სიშორის მოქმედების 15 ბალისტიკური რაკეტა. თითოეულ მათგანს მაქსიმალურ, 2 400 კმ-ზე 1,44 მეგატონა სიმძლავრის ერთი ბირთვული ქობინის გადატანა შეეძლო, იზმირიდან თბილისამდე კი, სადაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი, ანუ სამხრეთ კავკასიაში ამერიკელების პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნე გახლდათ, მხოლოდ 1 500 კმ იყო.

1962 წლის კარიბის კრიზისის მოგვარების პირობების თანახმად, საბჭოთა კავშირმა კუბიდან თავისი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები გამოიტანა, ამერიკელებმა კი თურქეთიდან გაიტანეს ასევე ბირთვულქობინიანი "იუპიტერები", თუმცა ინჯირლიყის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე 2018 წლამდე იყო ორ ასეულამდე ამერიკული ტაქტიკური ბირთვული იარაღი საავიაციო ბომბების სახით. დღეს, დიდი ალბათობით, პენტაგონს ეს ბირთვული ბომბებიც ევროპაში აქვს გატანილი, მით უფრო, მას შემდეგ, რაც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის მერე ერდოღანი პუტინთან უფრო პოულობს საერთო ენას, ვიდრე - ჩრდილოატლანტიკურ თანაალიანსელებთან.

საზოგადოების ნაწილში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს 1921 წელს დადებულ ყარსის ხელშეკრულებას ვადა 100 წლის შემდეგ გასდის, მცდარია. ყარსის ხელშეკრულების მოქმედებას განსაზღვრული ვადა არ აქვს, თუმცა სამხრეთ კავკასიაში ამის გარეშეც დაწყებულია მნიშვნელოვანი გადანაცვლება.
სამხრეთ კავკასიაში დიდ ცვლილებებს სათავე დაუდო ერთი წლის წინ ყარაბაღის ომში Aაზერბაიჯან-თურქეთის წყვილის გამარჯვებამ, რამაც ერთგვარად "გაალღო" გაყინული სტატუს კვო.


ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში რუსეთმა ორჯერ გაყიდა სომხეთის ინტერესები, არადა, სომხებს თავიანთ მთავარ დამცველად სწორედ რუსები მიაჩნიათ. პირველად ეს 1921 წელს ლენინმა გააკეთა ყარსის ხელშეკრულებით, როდესაც ათა თურქს სომხების საწინააღმდეგოდ დაუჭირა მხარი, მეორედ კი 2020 წელს პუტინმა, რომელმაც ალიევ-ერდოღანის დუეტს ფარული დასტური განუცხადა აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად, თუმცა, საიდუმლო შეთანხმების თანახმად, ეს პროცესი ბოლომდე არ მიაყვანინა და ყარაბაღის ნაწილში, იქაური სომხების დაცვის მოტივით, რუსი "მშვიდობისმყოფელები" ჩააყენა, ანუA აზერბაიჯანის შუაგულშიც რუსეთის ჯარი დააბრუნა. შედეგად სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზები მოქმედებს: ჩვენთან - საოკუპაციო, სომხეთში - ნებაყოფლობითი, აზერბაიჯანში კი - ნაწილობრივ იძულებითი, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში საზღვრების "გადაკერების" პროცესში, რაც კრემლმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარებით სცადა, შეიძლება ჩვენი რეგიონის კიდევ ერთი მეზობელი - ირანიც ჩაერთოს, რომლის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აღარ მალავს, რომ ის არ შეურიგდება ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ ისედაც გაძლიერებული აზერბაიჯან-თურქეთის წყვილის შემდგომ მომძლავრებას, მით უფრო - სომხეთის ტერიტორიის გავლით Aაზერბაიჯან-ნახიჩევან-თურქეთის სახმელეთო დერეფნის გახსნასა და ინტენსიურ ამოქმედებას.

ნახიჩევანის ტერიტორიის საზღვართან ფართომასშტაბიანი სწავლებების პარალელურად, ირანმა აზერბაიჯანს ნახიჩევანისკენ სამხედრო ავიაციის ირანის საჰაერო სივრცის გავლით ფრენა აუკრძალა. ამ საჰაერო მარშრუტის დიდ მნიშვნელობაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ ერთი წლის წინ, ყარაბაღის ომის გადამწყვეტ მომენტში, სანამ აზერბაიჯანის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალები ქალაქ შუშაზე შეტევას დაიწყებდნენ, ნახიჩევანიდან აზერბაიჯანში სამგზავრო ლაინერებით, ირანის საჰაერო სივრცის გავლით, სასწრაფოდ გადაისროლეს რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი სპეცრაზმელი, რამაც გარდატეხა შეიტანა საბრძოლო ოპერაციაში.

ირანის ცის აზერბაიჯანის სამხედრო ავიაციისთვის ჩაკეტვის შემდეგ გაორმაგდა აზერბაიჯანისკენ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რეისების რაოდენობა, რა თქმა უნდა, საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, თანაც - უმოკლესი მარშრუტით: არა - შავი ზღვის მხრიდან ბათუმზე, არამედ სამცხე-ჯავახეთზე გადაფრენით.
დიდი ალბათობით, ირანიდან წამოსული სავარაუდო საფრთხის მოსაგერიებლად თურქეთი აზერბაიჯანს დაჩქარებული ტემპით ამარაგებს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გარკვეული სახეობებით. Lლაპარაკია იმაზეც, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში შეიძლება რუსეთისგან ახალნაყიდი შ-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ნაწილი და F-16 ტიპის ავიაგამანადგურებელიც გადაისროლოს.

ქართული მხარე არ შეეწინააღმდეგება თურქეთიდან და ისრაელიდან აზერბაიჯანისკენ სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტს. ჯერ ერთი, ქართული არმია თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებს ატარებს, მეორეც - ნატოსთან შეთანხმების თანახმად, ქართულ ცაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ფრენა წინასწარი შეტყობინებისა და ნებართვის გარეშეც დაშვებულია, თურქეთი კი ნატოს წევრია. ამასობაში ირანში უკვე ხმამაღლა გაისმის მოწოდებები, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯან-თურქეთის მომძლავრების საპასუხოდ სომხეთის სიუნიქის რაიონში, რომელსაც ბაქოში ზანგეზურად მოიხსენიებენ, გაიხსნას...…ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ბაზა! ჩვენს ისედაც უკიდურესად მილიტარიზებულ რეგიონში კიდევ ერთი უცხო ქვეყნის სამხედროთა გამოჩენა უთუოდ გაამწვავებს სიტუაციას, თუნდაც იმიტომ, რომ თეირანის მხარდაჭერილ სომხეთს თითქმის დაკარგული ყარაბაღისთვის რევანშის გრძნობა გაუძლიერდება.
რუსეთი ირანსა და თურქეთთან აქტიურ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას განაგრძობს, თუმცა სირიაში მიმდინარე ბრძოლებში ირანელები ასადისა და რუსების მოკავშირეები არიან, თურქები კი - მოწინააღმდეგები.

სამხრეთ კავკასიაში ისრაელის სადაზვერვო და სამხედრო პოტენციალის გაძლიერების გამო თეირანი ბაქოს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან არ გამორიცხავს აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის მხრიდან ისრაელის სადაზვერვო და კამიკაძე დრონების წერტილოვან საჰაერო დარტყმებს ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე.

ლოგიკურია, თუ აზერბაიჯანთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე ისრაელის სპეცსამსახურები საკუთარი სტრატეგიული მიზნების განხორციელებასაც ცდილობენ ირანის მნიშვნელოვანი ობიექტების დისტანციური მონიტორინგის სახით, აზერბაიჯანი კი, რომლის ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ ისრაელისგან შესყიდულ თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას ეკუთვნის, ბუნებრივია, არ აპირებს თელ-ავივთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეწყვეტას. მეტიც - განიხილება ისრაელისგან Aრროწ-3 ტიპის თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემის შეძენაც, რომელიც ისრაელმა ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად შექმნა, რომ თავისი ტერიტორია დაეცვა.

აზერბაიჯანის ამ ორ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორს - თურქეთსა და ისრაელს ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუფუჭდათ მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორთან ჰუმანიტარული მიზნით მიახლოებულ თურქულ გემზე შვეულმფრენიდან ისრაელის სპეცრაზმი დაეშვა და გემბანზე სროლა დაიწყო, რასაც თურქეთის რამდენიმე მოქალაქე ემსხვერპლა, არადა, მანამდე ეს ორი ქვეყანა ისე იყო "ჩახუტებული" ერთმანეთთან, რომ მცირე საჰაერო სივრცის მქონე ისრაელის საბრძოლო ავიაციის პილოტები თურქეთის ცაში სისტემატურად ვარჯიშობდნენ.
ძნელი სათქმელია, შეარიგებს თუ არა აზერბაიჯანი თურქეთსა და ისრაელს, მაგრამ ფაქტია, რომ საერთო მოწინააღმდეგედ ირანის გამოჩენა მათ ინტერესებს ბევრ საკითხში გააერთიანებს, მათ შორის - სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებითაც.
მკითხველის კომენტარი (1)
mzirali
13 ოქტომბერი 2021 14:34
არა გამორიცხული ახალი კონფლიქტის მომსწრეები გავხდეთ და შესაძლებელია საქართველოც აღმოჩნდეს მის ეპიცენტრში

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
25-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები