რატომ ეშინია მოსკოვს შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო კრეისერების გამოჩენის... - კვირის პალიტრა

რატომ ეშინია მოსკოვს შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო კრეისერების გამოჩენის...

გასულ თვეს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი გამოჩნდა. რამდენიმე დღის ინტერვალით ბათუმის პორტში ორი ამერიკული სარაკეტო კრეისერი  - "ანციო" და "მონტერეი" - შემოვიდა.

1995 წლიდან მოყოლებული, ფოთსა და ბათუმს სხვადასხვა კლასისა და ტიპის 22 ამერიკული სამხედრო ხომალდი ეწვია. "ანციო" და "მონტერეი" 23-ე და 24-ე იყვნენ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ყველაზე სერიოზული გაღიზიანება სწორედ მათმა სტუმრობამ გამოიწვია.

მოსკოვის ასეთ მწვავე რეაქციას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა - "ანციოც" და "მონტერეიც" "ტიკენდეროგას" კლასის სარაკეტო კრეისერებია და იმ მომენტისათვის შავ ზღვაზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ხომალდები გახლდნენ.

მათ სიძლიერეს განაპირობებს მრავალფუნქციური საბრძოლო-საინფორმაციო მართვის სისტემა Aegis-ი, რომელიც ამ კლასის ხომალდებზეა დამონტაჟებული.

გასაგებად რომ ვთქვათ, Aegis-ის სისტემა ერთდროულად ახერხებს ხმელეთზე, წყალსა და წყალქვეშ სამიზნეების აღმოჩენას, მათ თვალთვალსა და დაზიანებას.

ეს სისტემა სულ 107 ამერიკულ  სამხედრო ხომალდზეა დაყენებული.  მისი მძლავრი ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგური ხომალდიდან არანაკლებ 190 კმ რადიუსში ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩენს და უთვალთვალებს ერთდროულად 250-300 საჰაერო სამიზნეს და საჭიროების შემთხვევაში ყველაზე საშიში სამიზნეებისკენ ერთდროულად 18 საზენიტო რაკეტას უშვებს და მართავს.

ბათუმის პორტში შემოსული "ანციო" და "მონტერეი" აღჭურვილი იყო 122-შახტიანი უნივერსალური ვერტიკალური გასაშვები დანადგარებით, რომლებშიც როგორც "სტანდარდის" ტიპის საზენიტო, ისე "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები იყო განთავსებული. ხომალდების გემბანზე ასევე იყო დამონტაჟებული "ჰარპუნის" ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვები რვა დანადგარი.

"ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტა 1300-2500კმ-ზე მიფრინავს (მოდიფიკაციებიდან გამომდინარე) და ბირთვული ქობინის გადატანაც შეუძლია, შავი ზღვის აკვატორიიდან პირდაპირი ხაზით მოსკოვამდე კი მხოლოდ 1300-1400კმ-ია, ამასთან, "ტომაჰავკი" ძალიან დაბალ სიმაღლეზე (დაახლოებით 60მ-ზე) რელიეფის მიყოლებით მიფრინავს და მისი დროული აღმოჩენა და ჩამოგდება ძალიან ძნელია, ამიტომ კრემლის შეშფოთება გასაგებია, თუმცა "ტომაჰავკები" არის იმ  ამერიკული ხომალდების შეიარაღებაშიც, რომლებიც ბალტიის ზღვაში დაცურავენ, იქიდან მოსკოვამდე კი უფრო ნაკლები მანძილია.

როგორც ჩანს, კრემლი "ტომაჰავკებზე" მეტად სხვა რამეს უფრთხის, კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, Aegis-ის სისტემით აღჭურვილ ხომალდებზე (და პირველ რიგში - "ანციოსა" და "მონტერეის" კლასის სარაკეტო კრეისერებზე) აამოქმედოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი კომპონენტი - საზღვაო ბაზირების მოდერნიზებული "სტანდარდის" ტიპის ანტირაკეტები.

Aegis-ის სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს ხომალდიდან 320 კმ სიმაღლეზე მფრენი კოსმოსური ობიექტებიც, რამაც ამერიკელებს საშუალება მისცა, გაენადგურებინათ კოსმოსური სამიზნეები.  2007 წლის 6 ნოემბერს SM-3 ტიპის მოდერნიზებულმა ანტირაკეტებმა დედამიწის ატმოსფეროს მიღმა, 180კმ სიმაღლეზე, ორი ბალისტიკური სამიზნე პირდაპირი მოხვედრით გაანადგურა,  2008 წლის 21 თებერვალს კი ასევე სარაკეტო კრეისერიდან გაშვებულმა SM-3-მა 247კმ სიმაღლეზე გაანადგურა ავარიული ამერიკული სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც 27 300კმ/სთ  სიჩქარით გადაადგილდებოდა.

ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანეთ, რომ გვეთქვა -Aegis-ის სისტემით აღჭურვილი და მოდერნიზებული SM-3 ანტირაკეტებით შეიარაღებულ ამერიკულ სარაკეტო კრეისერებს შავი ზღვის აკვატორიიდან შეეძლებათ დროულად აღმოაჩინონ და დააზიანონ არა მარტო ირანიდან გაშვებული, არამედ რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილიდან სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტებიც.

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ამით ბირთვულ-რაკეტული პარიტეტი დაირღვევა და ვაშინგტონს დიდი უპირატესობა გაუჩნდება.

შავი ზღვა სტრატეგიული დაპირისპირების არეალი ხდება და მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ქართულ სანაპიროებთან მოდრეიფე ამერიკული სარაკეტო კრეისერები საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილობრივ დაცვას მაინც შეძლებენ.

თუმცა, საქმე არც ასე მარტივადაა, რადგან ჯერ კიდევ 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენცია სრუტეების გავლის შესახებ მნიშვნელოვნად ზღუდავს თეთრი სახლის ჩანაფიქრს შავ ზღვასთან დაკავშირებით.

მონტრეს კონვენციის თანახმად, მშვიდობიანობის პერიოდში არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდის (ამ ხომალდთა ჯგუფის) საერთო ტონაჟი ბოსფორის სრუტის გავლისას არ უნდა აღემატებოდეს 15 ათას ტონას.

"ტიკენდეროგას" კლასის Aegis-ის სისტემით აღჭურვილი ამერიკული სარაკეტო კრეისერების სრული წყალწყვა 9800 ტ-მდეა, ანუ ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლისას მათ დაბრკოლება არ შეექმნებათ.

მაგრამ მონტრეს კონვენციის შემდეგი თავი ახალ შეზღუდვას აწესებს - შავ ზღვაში ერთდროულად მცურავი არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას (თუმცა დაშვებულია მათი 45 ათას ტონამდე გაზრდა).

მესამე შეზღუდვა კი ცურვის ხანგრძლივობას ეხება - არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში ცურვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 21 დღე-ღამეს.

გამოდის, რომ შავ ზღვაში "მონტერეიმ" შეიძლება იდრეიფოს თავის ორ თანამოძმესთან ერთად (თუკი ამ დროს შავ ზღვაში სხვა არაშავიზღვისპირა ქვეყნების მსხვილი სამხედრო ხომალდებიც არ ცურავენ), ოღონდ სამ კვირაში აუცილებლად უნდა გავიდეს ბოსფორის სრუტით, რის შემდეგ კვლავ შეეძლება შავი ზღვის აკვატორიაში იმავე დროით დაბრუნება.

სწორი გათვლის შემთხვევაში, Aegis-ის სისტემით აღჭურვილ ამერიკულ სარაკეტო კრეისერებს შეუძლიათ დააწესონ მუდმივი მორიგეობა, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთის ფლოტის ამბიციებს შავ ზღვაში, ეს კი, შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური უსაფრთხოების განმტკიცებასაც წაადგეს...