ვინ დაალაგებს ყაზარმის ტუალეტებს? - კვირის პალიტრა

ვინ დაალაგებს ყაზარმის ტუალეტებს?

ყველგან და მით უმეტეს ავღანეთში საკუთარი დამლაგებლების წაყვანა შეუძლებელია...

"თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გაუაზრებელი გადაწყვეტილება ჯარში ე.წ. "დედოვშჩინას" ააღორძინებს", - განაცხადა ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" დირექტორმა ირაკლი სესიაშვილმა და განმარტა, რომ სამხედრო ნაწილებში უქმდება დამლაგებლების შტატი და სამხედროებს თავად მოუწევთ ტუალეტების დალაგება, რაც სამხედრო მოსამსახურეთა სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს.

ვისაც საბჭოთა სავალდებულო სამხედრო სამსახური გაგვივლია, არა ყურმოკვრით, არამედ ძალიან  კარგად ვიცით, რა სერიოზული პრობლემები გვექმნებოდა ქართველთა უმრავლესობას - ყაზარმის ტუალეტის დალაგებაზე უარის გამო არა მარტო კარცერი, "დისბატიც" (სადისციპლინო ბატალიონი) კი გვემუქრებოდა.

იგივე პრობლემა გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართულ არმიაშიც გაჩნდა, რამაც "დედოვშჩინისთვის" სერიოზული ნიადაგი შექმნა. ამას კუთხური ნიშნით ჯარისკაცთა ჯგუფების შექმნაც დაემატა.

ყველაზე მოხერხებულები ფულს აგროვებდნენ და დამლაგებელს ქირაობდნენ, რაზეც დანაყოფების მეთაურები ხშირად თვალს ხუჭავდნენ.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ფართოდ რეკლამირებული ახალი ყაიდის ქართული არმიის შექმნის პროცესში ეს პრობლემა თითქოს მოიხსნა - სამხედრო ნაწილებში ტუალეტებს დამლაგებლები ასუფთავებდნენ, რაც სრულიად ნორმალური იყო - კონტრაქტით მომსახურე სამხედროს დღე და ღამე საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე უნდა ეფიქრა და არა - ტუალეტის სისუფთავეზე.

თუმცა დროთა განმავლობაში ახალი პრობლემა წარმოიშვა - ვაზიანისა თუ სენაკის სამხედრო ბაზებზე კი გამონახავდნენ დამლაგებლებს, მაგრამ ავღანეთში მივლინებული ქართული არმიის დანაყოფებს თან დამლაგებელს ვერ გააყოლებდნენ, ადგილობრივი მანდილოსნების ამ მიზნით დაქირავება კი წარმოუდგენელია.

არაოფიციალურად გახდა ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებული ერთი ფაქტის შესახებ - ავღანეთში გასაგზავნი ერთ-ერთი ქართული სამხედრო დანაყოფი მოსამზადებელ კურსს გერმანიაში, სპეციალურ სასწავლო ცენტრში გადიოდა.

მშობლიურ ყაზარმებში დამლაგებლებს მიჩვეულ ჩვენს სამხედროებს არც უფიქრიათ გერმანული ყაზარმის ტუალეტის დალაგება. მალე იქ შესვლა შეუძლებელი გახდა, რის გამოც ამერიკელი მეთაურობა პრინციპულად მოიქცა და ის ტუალეტი საერთოდ დაკეტა. ძნელი მისახვედრი არ არის, ამის შემდეგ სად უწევდათ სამხედროებს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება...

მეორე ფაქტი ასეთია - ერთდროულად დაითხოვეს რამდენიმე ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც არ შეასრულეს მეთაურობის მოთხოვნა ტუალეტის დალაგების შესახებ.

ყაზარმის ტუალეტის დალაგება ძალზე მტკივნეული საკითხია და ამ მიზეზით შეიძლება არმია მართლაც დატოვოს ბევრმა კონტრაქტით მომსახურემ, მათ შორის მათაც, ვინც ქართულ ჯარს თავისი ცოდნისა და საბრძოლო სულისკვეთების გამო ძალიან სჭირდება.