ვინც პარტიას ირჩევთ, მუნდირი გაიხადეთ... - კვირის პალიტრა

ვინც პარტიას ირჩევთ, მუნდირი გაიხადეთ...

დაძაბული არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლება ყოფილი ძალოვანების უკანონო იარაღის შენახვის ბრალდებით დაკავებას იწყებს... უფრთხის თუ არა "ქართული ოცნება", რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო მომხრე ყოფილმა და მოქმედმა ძალოვანებმა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იარაღი გაისროლონ?

30 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ვითარება უფრო იძაბება, რასაც ლოგიკური მიზეზები აქვს.

თუკი "ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურში ოცივე საარჩევნო ოლქში გაიმარჯვებს, მაშინ მის მთავარ ოპონენტს, "ნაციონალურ მოძრაობას", კიდევ სამი წელი დასჭირდება, რომ არჩევნებით როგორმე დაიბრუნოს ჯერ კიდევ 2012 წელს დაკარგული ხელისუფლება, სამ წელიწადში კი ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს.

დღეს ისეთი მაცდური ვითარებაა, რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს შეიძლება თავში გაუელვოს ვა-ბანკზე წასვლა - გამარჯვებულებს ხომ არ ასამართლებენ, ყოველ შემთხვევაში, 2003 წლის ნოემბრის "ვარდებით" პარლამენტის კარის შენგრევისთვის არავინ დასჯილა, პირიქით... სწორედ მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგისგან მოსალოდნელი ძალისმიერი მეთოდების ამუშავების შიში შეიძლება იყოს იმის მიზეზიც, რომ ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების მეორე ტურის წინ ყოფილი სამართალდამცავების დაკავება დაიწყო, თანაც თითქმის ერთნაირი - იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

ყოფილ პოლიციელებს ხელყუმბარებსა და ავტომატებს ოთახებში უდებენო, ამტკიცებენ დაკავებულების ახლობლები. ის, რომ ყოფილ ძალოვანებში, განსაკუთრებით კი პოლიციელებში, მრავლად არიან სააკაშვილის მომხრეები, ახალი ამბავი არ არის. ამის შესახებ 2012 წლიდან მიდის ლაპარაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები მოქმედ სამართალდამცავებშიც მოიძებნება, რამაც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ეს სიტყვები ათქმევინა: "თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში. ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდოოფიცრებისგან".

ციხე შიგნიდან ტყდებაო, ნათქვამია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ ეს ანდაზა იქცა, ამ სიტყვების თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით, ციხეებში პატიმრების წამების ვიდეოჩანაწერების გავრცელების სახით.

დღეს "ქართულ ოცნებას", ბუნებრივია, არ სურს მოქმედმა, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილმა ზოგიერთმა სამართალდამცავმა ხელისუფლების რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალა გაავრცელოს არჩევნების მეორე ტურის წინ (პირველ ტურს წინ ხომ უკვე უძღოდა სუს-იდან გაჟონილი ფარული მოსმენების მთელი დასტა). ამიტომაც ხელისუფლება ამკაცრებს კონტროლის მექანიზმს ძალოვანი სტრუქტურების იმ ჩინოსნებზე, რომლებზეც ეჭვობს, რომ შეიძლება ფარულად თანამშრომლობდნენ ოპოზიციურად განწყობილ ყოფილ კოლეგებთან.

მაგრამ ერთია არასასურველი ინფორმაციის გაჟონვა არჩევნების წინ სახელისუფლებო პარტიის დისკრედიტაციის მიზნით და სულ სხვაა, თუკი ვინმე გასროლას გაბედავს ვითარების არევისა და ამღვრეულ წყალში თავისი მოგების დასაჭერად. ვა-ბანკზე წასვლის ალბათობა, თუკი გამოჩნდა, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ისევ სახელისუფლებო პარტია სრულად იმარჯვებს, სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის. ამ ალბათობას აძლიერებს ქართულ ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფაქტორიც, რომლის არჩევნების მეორე ტურამდე გამოშვებას ხელისუფლება ნამდვილად არ აპირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავს იმ ყოფილი ამომრჩევლის ხმებს, ვისაც კოაბიტაცია ვერ უპატიებია "ოცნებისთვის". დაჭერისა და "განკულაკების" შიშისა თუ რეალური პრობლემების გამო გათენებული ღამეების სანაცვლოდ, ისინი დღემდე ითხოვდნენ და ითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" იმ ყოფილი ჩინოვნიკების მკაცრად დასჯას, ვინც მათ უძილობა შეჰყარა. დასასჯელთა სიაში კი პირველი სწორედ ექსპრეზიდენტი სააკაშვილია, რომლის ციხეში ჯდომისთვის ამომრჩევლის ეს კატეგორია სპეციალურად მისცემს ხმას "ქართულ ოცნებას", მიუხედავად იმისა, რომ მისი მრავალწლიანი მმართველობითაც არ არის აღფრთოვანებული. სწორედ ამომრჩევლის ამ კატეგორიისთვისაა განკუთვნილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელი ხისტი რიტორიკა "ნაციონალების" წინააღმდეგ.

მწვავე პასუხები "ქართული ოცნების" სახელისუფლებო წრეებიდან არც იმ დასავლელ პოლიტიკოსებს აკლიათ, რომლებიც ზოგჯერ ობიექტურად, უფრო მეტად კი მიკერძოებულად ცდილობენ "ნაციონალებისა" და მათი "ბელადის" დაცვას, ხშირად საქართველოს კანონების უგულებელყოფის საფასურადაც კი, რასაც სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის სუნი დაჰკრავს.

30 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანად დამთავრებისა და პოლიტიკური ციებ-ცხელების მეტ-ნაკლებად განელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ხელისუფლება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს მის ახალ სამშობლოში დააბრუნებს.