ბაქომ თეირანს ყარაბაღის "პატივისცემა" ასწავლა? - კვირის პალიტრა

ბაქომ თეირანს ყარაბაღის "პატივისცემა" ასწავლა?

ძლიერი და აგრესიული მეზობლის ზეწოლის გაძლებას მყარი პოზიციიდან ფეხის მოუცვლელობით დადებითი შედეგი მოაქვს. თუმცა თურქეთის მსგავსი მეგობარი ქვეყანაც თუ გიდგას ზურგს უკან!

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოფიციალურმა თეირანმა და ბაქომ საკმაოდ მკვახე განცხადებები გაცვალეს და ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ერთგვარი დიპლომატიური ომიც დაიწყო, რასაც კიდევ უფრო ართულებდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის საზღვართან დაწყებული ირანის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რასაც ბაქომ აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი სამხედრო მანევრები დაუპირისპირა.

და, აი, 21 ოქტომბერს ერთმანეთის მიყოლებით ორი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა:

პირველი - ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური წერილი გაუგზავნეს თავისივე ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიების პროფკავშირებს, რომლის თანახმადაც, ირანელ მძღოლებსა და მათ სატრანსპორტო საშუალებებს ეკრძალებათ ლაჩინის დერეფანში და შესაბამისად, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, შესვლა სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღიქმება აზერბაიჯანის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად.

მეორე - იმავე 21 ოქტომბერს აზერბაიჯანმა კეთილი ნების გამოხატვის სახით გაათავისუფლა ორი ირანელი მძღოლი, რომლებიც ჯერ კიდევ 15 სექტემბრიდან ჰყავდა დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიის სომხეთის მხრიდან სატვირთო ტრაილერებით უკანონოდ გადაკვეთის გამო - ანუ მოიხსნა ის ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბოლო ერთი თვის განმავლობაში კინაღამ მართლაც დაიწყო ირან-აზერბაიჯანის შეიარაღებული შეტაკება.

გამოდის, ოფიციალურმა ბაქომ გაუძლო აზერბაიჯანზე ბევრად დიდი და ძლიერი მეზობლის, ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ზეწოლას და თეირანი აიძულა ეცნო აზერბაიჯანის გავლენის დაბრუნება ყარაბაღის რეგიონზე. შარშან ყარაბაღის ბოლო ომში აზერბაიჯანის სომხეთზე სამხედრო გამარჯვების შემდეგ შექმნილი რეალობის მიუხედავად, ირანი განაგრძობდა ყარაბაღის იმ რამდენიმე ქალაქსა და სოფელში, რომლებსაც ჯერ კიდევ სომხები მართავენ, რუსი სამხედროების დაცვის საფარქვეშ სატვირთო ავტომობილების კოლონებით სხვადასხვა ტვირთის შეტანას, რომელთაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მებაჟეები არ ამოწმებდნენ და ოფიციალურ ბაქოს არცთუ უსაფუძვლოდ უჩნდებოდა ეჭვი, რომ ირანელ მძღოლებს ყარაბაღში დარჩენილი სომხებისთვის შეიძლება იარაღი და საბრძოლო საჭურველიც შეჰქონდათ ყარაბაღის ბოლო ომში დახარჯული საბრძოლო მარაგის შესავსებად.

ირანული სატვირთოების სტეფანაკერტში უკონტროლოდ მიმოსვლის აღსაკვეთად აზერბაიჯანის არმიამ პატარა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა - გორის-კაპანის გზაზე, რომელიც სომხეთის სიუნიქის რაიონში გადის, თავისი საკონტროლო-გამშვები პუნქტი წამოჭიმა და დაიწყო ირანელი მძღოლებისა და და ტვირთების გაკონტროლება.

ოფიციალური ერევნის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, სომხეთმა ვერ შეძლო აზერბაიჯანელი სამხედროების ერთი პატარა ფარდულის დანგრევა, რადგან გორის-კაპანის გზის ეს მონაკვეთი საბჭოეთის დროინდელ რუკებზე სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის!

ომში დამარცხებული სომხეთი კი იძულებულია, სურს თუ არა, დაეთანხმოს აზერბაიჯანის მოთხოვნას, რომელსაც მხარს რუსეთიც უჭერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სწორედ ამ რუკებით აღდგეს.

ამ საინტერესო და ამასთანავე, ძალზე სახიფათო ერთთვიან ისტორიაში (იმედია, აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობა ამის შემდეგ უფრო დაწყნარდება) მთავარი მაინც ის არის, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მტკიცე პოზიციამ, რასაც, ბუნებრივია, მხარს უჭერდა თურქეთიც (აზერბაიჯანზე "აფოფრილი" ირანის დასაშოშმინებლად და ბაქოსთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ანკარამ თურქეთ-ირანის ყველა სასაზღვრო გადასასვლელი ერთხანს ჩაკეტა და ამით ირანის ისედაც გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა), ნაყოფი გამოიღო.

ომში გამარჯვების ერთ წლისთავზეც პრეზიდენტ ალიევისთვის მთავარ დაუკმაყოფილებელ გრძნობად, ალბათ, მაინც ის რჩება, რომ აზერბაიჯანმა ბოლომდე ვერ დაიბრუნა სრული კონტროლი ყარაბაღის მთელ რეგიონზე, მაგრამ ბაქო განაგრძობს აქტიურ ქმედებას ამ მიმართულებით.

რაც ტანკით ვერ მოვასწარით, ტრაქტორით დავამთავრებთ! - დაახლოებით ეს ტაქტიკა აირჩია პრეზიდენტმა ალიევმა და დაჩქარებული ტემპით დაიწყო გათავისუფლებული ტერიტორიების ეკონომიკური აღორძინება - რაც სომხებს 30-წლიანი ოკუპაციის პერიოდში არ გაუკეთებიათ ამ მიწებზე, ჩვენ 3 წელში ავაშენებთო, აცხადებს პრეზიდენტი ალიევი და დასძენს, ყარაბაღში უმუშევრად და უფულოდ დარჩენილი სომხებიც კი გვთხოვენ დავასაქმოთ ამ გრანდიოზულ მშენებლობებზეო.