ქართული ავტომატით ქართველი ჯარისკაცი საქართველოს დაიცავს - კვირის პალიტრა

ქართული ავტომატით ქართველი ჯარისკაცი საქართველოს დაიცავს

"დელტა" იწყებს საქართველო-ისრაელის ერთობლივი ავტომატური კარაბინის GI-4 (5.56)-ის სერიულ წარმოებას...

GI-4 (5.56) იშიფრება, როგორც 5,56 მმ კალიბრის Georgia-Israel-ის ერთობლივი წარმოების M4 ტიპის ავტომატური კარაბინის მოდიფიცირებული ვარიანტი. ამ ერთ წინადადებაში ჩატეულია ის დიდი სამუშაო, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" და ისრაელის მხარემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასწიეს და შექმნეს ერთობლივი ქართულ-ებრაული საწარმო "დელტა სი-ეი-ეი", რომელმაც თბილისში ამ ავტომატის სერიული წარმოება უნდა დაიწყოს, რათა მთლიანად გადაიარაღოს საქართველოს თავდაცვის ძალები და სხვა ძალოვანი სტრუქტურები.

გეგმები მართლაც დიდია და განხორციელებადიც, თუ, რა თქმა უნდა, ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოება შეფერხების გარეშე გაგრძელდება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უკვე იყო მაგალითები, როდესაც ხან გერმანული პისტოლეტების, ხანაც ამერიკული ავტომატური კარაბინების სერიულ წარმოებას ვიწყებდით, მალე კი ეს პროცესი სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო იყინებოდა. ამჯერად, იმედია, GI-4-ის სერიულ წარმოებას არაფერი დაემუქრება და "დელტაში" აწყობილი ეს ავტომატები მალევე მოხვდება ქართველი სამხედროების საშტატო შეიარაღებაში.

ქართული არმია აგვისტოს ომის შემდეგ თანდათანობით გადავიდა M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებზე და ამ იარაღს ქართველი ჯარისკაცი ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ თბილისში აწყობილი ანალოგის საბრძოლო ათვისება არ უნდა გაუჭირდეს.

საგულისხმოა, რომ "დელტას" ახალ საამქროში დამონტაჟდა თანამედროვე ამერიკული წარმოების ციფრული დაზგა-დანადგარები, რომლებიც სპეციალური პროგრამით ავტომატურ რეჟიმში ჩარხავს ამ ცეცხლსასროლი იარაღის დეტალებს, მათ შორის, ყველა რთულ დეტალს - ლულას.

საყურადღებოა გაუმჯობესებული მჭიდიც, რომელიც ამ ავტომატისთვისაა განკუთვნილი. მომავალში გამორიცხული არ არის სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოებაც.

ქართულ-ებრაული ერთობლივი საწარმოს მთავარი მიზანი ამ ავტომატებით მხოლოდ ქართული არმიის გადაიარაღება ვერ იქნება, რადგან კომერციული მოგებისთვის აუცილებელია იარაღის მსოფლიო ბაზარზე გასვლაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაზარი M4 ტიპის ავტომატური კარაბინების ანალოგებით სავსეა და იქ ფეხის მოკიდება ძალიან ძნელია. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ ერთობლივი საწარმოს მეორე პარტნიორი ისრაელიდანაა, რომელიც იარაღის მსოფლიო ბაზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს.

თბილისში ავტომატებს ბოლოს 80 წლის წინ აწყობდნენ

თბილისს შეიძლება დაუბრუნდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სერიულად მწარმოებელი ქალაქის სახელი, რადგან ჯერ კიდევ რვა ათეული წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენი პაპა-ბებიები თბილისის ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქარხანაში (რომელსაც მოგვიანებით თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა - თემქა - ეწოდა) სერიულად აწყობდნენ იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ ППС -43-ს, რომელსაც მაშინ ავტომატადაც მოიხსენიებდნენ. ორი წლის განმავლობაში ფრონტს თბილისში აწყობილი 46 102 ასეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მიაწოდეს. მას შემდეგ საბჭოთა საქართველოში საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი სერიულად აღარ უწარმოებიათ.