კანადა ავღანეთს ტოვებს - კვირის პალიტრა

კანადა ავღანეთს ტოვებს

ISAF-ში ამერიკული ძალების შემცირების პარალელურად ავღანეთიდან ჯარები გამოჰყავს კანადას, სამხედრო კონტინგენტს ამცირებენ ასევე საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია...

ყანდაარიდან, ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილიდან, სადაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კანადის სამხედრო კონტინგენტი იყო განთავსებული, დასრულდა 3 ათასამდე კანადელი სამხედროს გამოყვანის პროცესი.

მას შემდეგ, რაც ივნისში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა ავღანეთში ამერიკული სამხედრო მისიის ერთი წლის განმავლობაში 33 ათასი სამხედროთი შემცირების შესახებ, ISAF-ის წევრმა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს ავღანეთში თავიანთი სამხედრო კონტინგენტის შემცირება.

ყველას საფრანგეთმა დაასწრო - პრეზიდენტმა  ნიკოლა სარკოზიმ ათასი ფრანგი სამხედროს სამშობლოში დაბრუნების ბრძანება გასცა (ISAF-ის ოპერაციაში დღეისათვის 4 ათასი ფრანგი მონაწილეობს).

ასეთივე სურვილი გამოთქვეს ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა. ავღანეთში ამჟამად 500 ბელგიელი და 9500 ბრიტანელი სამხედრო იმყოფება.

კანადამ კი სიტყვა მაშინვე საქმედ აქცია და 3 ათასი სამხედრო ყანდაარიდან სწრაფად გაიწვია. ამ ეტაპზე სამშობლოში მხოლოდ 2 ათასს აბრუნებენ, ათასი კანადელი კი ქაბულთან დარჩება. ისინი ავღანური არმიის დანაყოფებს მოამზადებენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ყანდაარში კანადელების ადგილი ამერიკულმა ბრიგადამ დაიკავა.

9 წლის განმავლობაში ავღანეთში 1859 კანადელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 158 დაიღუპა.

პრეზიდენტ ობამას ინიციატივის შემდეგ ნათლად გამოჩნდა ავღანეთიდან სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის სასწრაფო შემცირების ან საერთოდ გამოყვანის მზარდი ტენდენცია, მაგრამ ეს არ ეხება საქართველოს, რომელიც, პირიქით, ავღანეთში ქართველ სამხედროთა რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს.