აზერბაიჯანმა "კალაშნიკოვის" წარმოება დაიწყო - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანმა "კალაშნიკოვის" წარმოება დაიწყო

ბაქოში გამართულ გრანდიოზულ აღლუმზე აზერბაიჯანის არმიამ თანამედროვე შეიარაღება აჩვენა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზუსტად ერთი თვის თავზე ბაქოში გრანდიოზული აღლუმი ჩატარდა, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 93-ე წლისთავს მიეძღვნა. ამ აღლუმზე აჩვენეს დასავლური და რუსული, აგრეთვე, თურქეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ისრაელის წარმოებული თანამედროვე შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.

თუკი თბილისში აღლუმზე პირველად გამოჩნდა საქართველოში აწყობილი ჯავშანმანქანა "დიდგორის" ორი ვარიანტი და ისრაელის წარმოების "ვულფები", ბაქოს ცენტრში ერთმანეთის მიყოლებით ჩაიარეს სამხრეთაფრიკულმა "მატადორებმა" და "მაროდერებმა", თურქულმა "კობრებმა" და "ლენდროვერებმა", ისრაელის "სუფებმა", სხვადასხვაგვარად შეიარაღებულმა რუსულმა "უაზებმა" (ისე, ჩვენი "დიდგორი" თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით, ეტყობა, ჯობნის შეჯავშნულ "ლენდროვერსა" და "სუფას", მაგრამ დაცვის ხარისხით, ალბათ, ჩამოუვარდება სამხრეთაფრიკულ "მაროდერებსა" და "მატადორებს").

საინტერესო იყო ბაქოს ცენტრში გამართულ აღლუმზე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების "ფავორიტებისა" და ისრაელის წარმოების 300მმ-იანი კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების - "ექსტრას" ნახვა. ეს აზერბაიჯანის არმიას მეზობლებთან შედარებით სერიოზულ უპირატესობას ანიჭებს და თუ ამას აღლუმზე ჩავლილ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების `ტოჩკებსაც" დავუმატებთ, მაშინ ეს უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდება.

აღლუმზე 6 ათასზე მეტი სამხედრო და 400-მდე ერთეული სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო (აღლუმის გამართვის ადგილი ზღვის სანაპიროსთანაა განთავსებული) სამხედრო ტექნიკის ერთეული იყო წარმოდგენილი, მათ შორის - თავის დროზე თბილისის საავიაციო ქარხნიდან შესყიდული მოიერიშე თვითმფრინავები.

ამ აღლუმით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, მეზობელ სომხეთს თავისი არმიის გადაიარაღებისა და აღჭურვის სწრაფი ტემპი დაანახვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტიც არ მალავს, რომ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტმა 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და აზერბაიჯანი მზადაა, ძალის გამოყენებით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

გამოაშკარავდა ერთი საინტერესო ფაქტიც - რუსეთი, რომელმაც სომხეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას მოაწერა ხელი და მზადაა, ერევანს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს, არც იმაზე ამბობს უარს, რომ აზერბაიჯანსაც მიჰყიდოს თანამედროვე იარაღი.

აღლუმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი რუსული ავტომატების Fღ-74V-ების ლიცენზირებულ წარმოებას იწყებს. აზერბაიჯანის მიერ მოდერნიზებულ ავტომატს Fღ-74V Kჰაზრი ერქმევა და რუსულისგან ზოგიერთი დეტალით იქნება განსხვავებული, კერძოდ, მასზე შესაძლებელი იქნება დასავლური წარმოების დამატებითი აქსესუარების - ლაზერული მიზანმომნიშვნელის, ოპტიკური სამიზნის, ღამის ხედვის მოწყობილობის, წინა ხელის მოსაკიდის და რეგულირებადი კონდახის დაყენება.

2011 წლის ბოლომდე რუსეთიდან მიღებული დეტალებით აზერბაიჯანელები 5 ათასამდე ასეთ ავტომატს ააწყობენ, ხოლო შემდეგ, ყოველწლიურად - 12 ათასს. კონტრაქტი 10-წლიანია და 2020 წლამდე ბაქოს 120 ათასი ავტომატის დამზადება აქვს განზრახული.