ისევ პანკისი, ისევ ბრალდებები... - კვირის პალიტრა

ისევ პანკისი, ისევ ბრალდებები...

პანკისიდან ბოევიკები დღე-დღეზე გადმოვლენ ჩრდილო კავკასიაში - აცხადებს ФСБ-ს დირექტორი

ჩრდილო კავკასიაში განხორციელებული ყოველი ახალი ტერაქტის შემდეგ რუსული სპეცსამსახურები დამნაშავეების ძებნას მეზობელ საქართველოში იწყებენ...

"ჩვენ გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბანდიტური დაჯგუფებების ცალკეულ ლიდერებს, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან, განზრახული აქვთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია ჩვენთან, ჩრდილო კავკასიაში შემოსაღწევად," - ეს სერიოზული განცხადება რამდენიმე დღის წინ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გააკეთა.

მანამდე კი, 1-ელ ივლისს, ФСБ-ს ჩრდილო კავკასიის მიმართულების თანამშრომელმა, ანონიმურობის დაცვით, რუსული მასმედიით სენსაციური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად პანკისის ხეობიდან ჩრდილო კავკასიაში უკვე გადავიდა დაახლოებით 50-70 ბოევიკი.

ამავე ინფორმატორის მტკიცებით, ეს ბოევიკები თურქი და არაბი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით პანკისის ხეობაში გადიოდნენ სპეციალურ საბრძოლო მომზადებას.

3 ივლისს ФСБ-ს ეყო გამბედაობა, უარეყო ეს სენსაციური ინფორმაცია და აღიარა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ჩრდილო კავკასიაში ბოევიკების გადასვლა არ დაფიქსირებულა, 7 ივლისს კი თავად ФСБ-ს დირექტორმა დააზუსტა (რითაც ეს სტატია დავიწყეთ) - პანკისიდან ბოევიკები ჯერ არ გადმოსულან, მაგრამ დღე-დღეზე ველოდებითო...

პანკისელებისთვის, ისევე, როგორც მთელი საქართველოსთვის, უცხო არ არის რუსული მხარის  ბრალდებები ამ ხეობაში ბოევიკების მომზადების შესახებ, მაგრამ ყოველი ახალი ბრალდება სერიოზულ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს პანკისის ხეობის მოსახლეობაზე.

ვერავინ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ბრალდებათა საფუძველზე რუსეთმა პრევენციული საჰაერო დარტყმა განახორციელოს პანკისის ხეობის სოფლებზე ან იქ მოულოდნელი სპეცოპერაცია ჩაატაროს საშვეულმფრენო დესანტის გამოყენებით.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე სერიოზული საბრძოლო შეტაკება მოხდა -  არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები ჩაუსაფრდნენ რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს.

მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და კერძოდ, პანკისის თემა მაშინ ხდება აქტუალური, როდესაც რუსული სპეცსამსახურები ჩრდილო კავკასიაში წარუმატებლობას განიცდიან და რუსი საზოგადოების წინაშე თავის გასამართლებლად ბრალდებებს უყენებენ მეზობელ საქართველოს, როგორც ბოევიკების დამხმარეს...