მტერი #3 რუსეთისთვის - საქართველო! - კვირის პალიტრა

მტერი #3 რუსეთისთვის - საქართველო!

ვინ წარმოიდგენდა, რომ პატარა საქართველო ზესახელმწიფო აშშ-ისა და ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინეთის თანასწორად იქნებოდა მოხსენიებული ოდესმე, თუმცა სწორედ საქართველომ დაიკავა მესამე "საპატიო" ადგილი აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, როგორც რუსეთისთვის ყველაზე საშიშმა და ფაქტობრივად, მტერმა სახელმწიფომ.

ფონდმა "საზოგადოებრივმა აზრმა" რუსეთის ფედერაციის 43 სუბიექტის 100 დასახლებულ პუნქტში ჩაატარა გამოკითხვა. მთავარი კითხვა ასეთი იყო - რომელი ქვეყნები წარმოადგენს დღეს რუსეთისთვის რეალურ საფრთხეს? გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ ასეთი ქვეყნები ნამდვილად არსებობს, 31% კი ასეთ საშიშროებას არარეალურად მიიჩნევს.

26%-ს მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ დღეს რუსეთს ნამდვილად ემუქრება საფრთხე, მიაჩნია, რომ რუსეთი ყველაზე მეტად აშშ-ს უნდა უფრთხოდეს.

მეორე ადგილზე ჩინეთი გავიდა, რადგან გამოკითხულთა 13%-ს ეშინია ჩინეთის სამხედრო ძლიერების მუდმივი ზრდის.აი, მესამე საპატიო ადგილი კი საქართველოს ერგო! რაოდენ წარმოუდგენლადაც უნდა გეჩვენოთ, გამოკითხულთა 5%-ის აზრით, საქართველოსგან სამხედრო აგრესიაა მოსალოდნელი.

ცხადია, ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძახილია, თორემ იმავე ფონდის მიერ 2000 წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვისას საქართველო არავის გახსენებია.

მაშინ პირველი სამი ადგილი ასე განაწილდა - აშშ, ავღანეთი და ჩინეთი.

თავის დასაიმედებლად ისღა გვრჩება, რომ საქართველოს შემდეგ, მეოთხე ადგილზე, იაპონია გავიდა 3%-ით (ალბათ, კურილის კუნძულებთან დაკავშირებული ნახევარსაუკუნოვანი დავის გამო). მეექვსე ადგილი 2%-ით ბელორუსიას ერგო, რაც, უდავოდ, ბატკა-ლუკაშენკოს "დამსახურებაა".

ყველაზე საოცარი, იცით, რა არის? NATO-სგან საფრთხეს გამოკითხულთა მხოლოდ 1% ელოდება, არაბული სამყაროსგან კი - 2%.

გამოდის, რომ საკუთარ პრობლემებში გახვეული საქართველო უფრო საშიში ყოფილა რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ვიდრე ბირთვულიარაღიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი...