ამერიკული რადარი ცაში გამოეკიდა - კვირის პალიტრა

ამერიკული რადარი ცაში გამოეკიდა

"კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლის დღეს უკვე ცნობილი იქნება, რა შედეგი მოიტანა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, ოფიციალურმა ვიზიტმა ანკარაში და დათანხმდა თუ არა თურქეთი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის - ფაზირებულანტენიანი მობილური რადიოლოკაციური სადგურის თავის ტერიტორიაზე განთავსებას.

ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არ გამორიცხავდნენ ასეთი ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ამის დიდი იმედი არ ჰქონდათ.

აშშ-სა და თურქეთს შორის რადარის საკითხზე შეთანხმების მთავარი ხელის შემშლელი გარემოება ანკარის ულტიმატუმი იყო - თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკული რადარის განთავსების შემთხვევაში მისგან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია ისრაელს არ უნდა გადასცემოდა.

თურქული მხარის ულტიმატუმით გაღიზიანებულმა რესპუბლიკელმა სენატორებმა პრეზიდენტ ობამას შესთავაზეს ამ რადარის არა თურქეთში, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე დამონტაჟება.

პრეზიდენტი ობამა რესპუბლიკელების ამ წინადადებას არ გამოეხმაურა სრულიად გასაგები მიზეზების გამო - მას კრემლთან დაწყებული აქვს ე.წ. გადატვირთვის პროგრამა, რომელსაც  არ შეესაბამება სერიოზული სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთის მტერ საქართველოსთან, ქართული არმიისთვის გაწეულ პატარ-პატარა სამხედრო დახმარებებს კი თეთრ სახლში იმით ხსნიან, რომ ქართულ მხარეს ეხმარებიან ავღანეთში გასაგზავნი პირადი შემადგენლობის მომზადებაში.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის ანონიმმა წარმომადგენელმა თურმე აღიარა, რომ თურქეთში განთავსებულ ამერიკულ რადარს უფრო ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობები ექნება სტარტაღებული ირანული რაკეტების აღმოსაჩენად, ვიდრე საქართველოს ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებულს.

პრეზიდენტმა ობამამ შეცვალა წინამორბედის, ექსპრეზიდენტ ბუში-უმცროსის გეგმები ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტების განთავსების შესახებ და საკუთარი გეგმა შეიმუშავა. ახალი გათვლებით, ევროპაში ამ სისტემის შექმნა 4 ეტაპად უნდა წარიმართოს. პირველ ეტაპზე - 2011 წლის ბოლომდე, სამხრეთ ევროპაში უნდა განთავსდეს რადიოლოკატორი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში იდრეიფონ ანტირაკეტებით აღჭურვილმა სამხედრო ხომალდებმა (სწორედ ისეთებმა, როგორებიც იყო ამას წინათ ბათუმის პორტში შემოსული "ანციო" და "მონტერეი"). მეორე ეტაპი (2015 წლამდე) ითვალისწინებს რუმინეთში ანტირაკეტების დაყენებას, ხოლო მესამე ეტაპი (2018 წლამდე) - ასეთივე რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე დამონტაჟებას. მეოთხე, დამამთავრებელ, ეტაპზე გათვლილია მათი ჩანაცვლება უფრო ძლიერი ანტირაკეტებით, რომლებსაც მთელი ევროპის დაცვა შეეძლება არა მარტო საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი, არამედ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისაგან.

ობამას ამ გრანდიოზულ გეგმებს წინ, სავარაუდოდ, ბევრი დაბრკოლება დახვდება, თუნდაც იმიტომ, რომ თეთრმა სახლმა აქამდე ვერ გადაწყვიტა რადიოლოკატორის სამხრეთ (ირანის) მიმართულებით განთავსების პრობლემა.