რა ხდება რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებში... - კვირის პალიტრა

რა ხდება რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებში...

რამდენი რუსი ოკუპანტი იმყოფება აფხაზეთში, დაგეგმილია თუ არა მათი რაოდენობის გაზრდა და რამდენად ემუქრება ეს საქართველოს...

ოკუპირებულ სოხუმში ვიზიტით მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა არ გაიზრდება და ასეთი რამ არც იგეგმებოდა.რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის ეს განცხადება გაოცებას იწვევს, რადგან ერთი თვის წინ რუსეთის არანაკლები დონის ოფიციალურ წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსეთის მასმედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროების (1500 კაცი) რაოდენობას მოსკოვი უახლოეს მომავალში 2,5-ჯერ გაზრდიდა.

ძნელი სათქმელია, რის შესაბამისად ცვლიან გადაწყვეტილებებს მოსკოვში, მაგრამ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ალბათ, უკეთ მოეხსენება, რომელ სამხედრო ნაწილს რას უპირებს.ამასთან, 1500 რუსი სამხედროს ყოფნა მე-7 საოკუპაციო ბაზაზე აფხაზეთში ცოტა ძნელი დასაჯერებელი გახლდათ, რადგან იმავე სერდიუკოვმა ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე 3636 კაცი მსახურობდა.

ერთი შეხედვით, ჩვენთვის თითქოს დიდი მნიშვნელობა არც აქვს, აფხაზეთში 1500 რუსი ოკუპანტი იქნება თუ - 3700, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

მე-7 რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში მაიკოპის 131-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს რუსული ბრიგადა მსოფლიოში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პირველი ჩეჩნეთის ომის დასაწყისში, 1995 წლის 1-ელ იანვარს, გროზნოს სარკინიგზო სადგურთან გენერალ დუდაევის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მთელი ბრიგადა ალყაში მოაქციეს და ფაქტობრივად, გაანადგურეს. ამ ბრძოლის შემდეგ 189 ადამიანი დაიღუპა. ჩეჩნებმა 26 ერთეულიდან 20 T-72 ტიპის ტანკი, 120 БМП-დან - 102 მანქანა და ექვსივე საზენიტო "ტუნგუსკა" ააფეთქეს.

ამ ისტორიული ფაქტის შემდეგ მე-7 რუსულ სამხედრო ბაზაზე რამდენად მაღალია საბრძოლო სულისკვეთება, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ბაზის საბრძოლო შესაძლებლობის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებული ძალებით დაიგეგმოს და წარმატებით განხორციელდეს შეტევითი ოპერაციები ოკუპირებული გალის რაიონიდან დანარჩენი საქართველოს მიმართულებით.იმავეს თქმა შეიძლება მე-4 საოკუპაციო რუსულ სამხედრო ბაზაზე ცხინვალის რეგიონში, სადაც უფრო მცირე რაოდენობის რუსული სამხედრო კონტინგენტი იმყოფება.დღეისათვის ორივე რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის რესურსები არ იძლევა შედარებით ფართომასშტაბიანი წარმატებული შეტევის განხორციელების საშუალებას.მაგრამ ეს არ უნდა ამშვიდებდეს ოფიციალურ თბილისს, რადგან აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე, მოსკოვმა ორივე საოკუპაციო სამხედრო ბაზის სახით ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შექმნა ერთგვარი ფორპოსტები.

ტყუილად როდი აქცევს რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი განსაკუთრებულ ყურადღებას როკის გვირაბის რემონტსა და დამატებითი შემოვლითი გზის გაყვანას რუსეთიდან ცხინვალამდე, ისევე, როგორც სარკინიგზო ხაზის გარემონტებას სოხუმიდან ოჩამჩირემდე და შეიძლება, გალამდეც კი. მოწესრიგებული საკომუნიკაციო ხაზები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, დროის უმოკლეს მონაკვეთში გადაისროლოს დამატებითი ძალები და საბრძოლო ტექნიკა მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე, რის შემდეგაც იქ თავმოყრილი ძალები სრულიად საკმარისი იქნება დანარჩენი საქართველოს მიმართულებით სერიოზული შეტევითი ოპერაციების დასაწყებად...

მანამდე კი მოსკოვს არც ზედმეტი ხარჯის გაწევა სურს, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ათიათასობით სამხედრო შეინახოს და გარკვეულწილად, დასავლეთისგან მორიგი შენიშვნის მიღებასაც ერიდება, რასაც ვერ ასცდება ამ ტერიტორიებზე სამხედროთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში.