გამართლდა თუ არა თეთრი სახლის ეჭვები... - კვირის პალიტრა

გამართლდა თუ არა თეთრი სახლის ეჭვები...

WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ შეშფოთებას გამოთქვამდა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მომავალში მსგავსი ქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევდა...

ერთ თვეში ზუსტად ორი წელი გახდება, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა და მხოლოდ ახლა ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მისი დანიშვნის გამო აშშ-ის სახელისუფლებო სტრუქტურები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებების დროს დიდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

ყველასათვის ცნობილი WikiLeaks-ი, რომელმაც არაერთი პოლიტიკოსი თუ მმართველი გუნდი "გააშიშვლა", მორიგ დოკუმენტებს აქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულს ეხება.

WikiLeaks-მა გამოაქვეყნა 2009 წლის სექტემბერში საქართველოში აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილი ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საუბარს შეეხება.

ეს წერილი, სავარაუდოდ, აშშ-ის საელჩოს იმ წარმომადგენლებმა მოამზადეს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. წერილში აღნიშნულია, რომ "ქეიდენაუმ შეშფოთება გამოხატა თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა რა ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით მისი ცუდი წარსული".

წერილის მიხედვით, "სააკაშვილმა მოუწოდა ქეიდენაუს და სხვა ოფიციალურ პირებს, ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა არ ეჩქარათ და ქეიდენაუს შესთავაზა, ახალაიას თანამდებობაზე მუშაობა შეეფასებინა, ქეიდენაუმ კი, თავის მხრივ, პრეზიდენტ სააკაშვილს მოუწოდა, გაეაზრებინა, რა გავლენა მოახდინა ამ დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედებისგან მომავალში თავის შეკავების მნიშვნელობას".

მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და აშშ-ს, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, საკმაო დრო ჰქონდა, პრეზიდენტ სააკაშვილის რჩევით, დაჰკვირვებოდა და შეეფასებინა ბაჩო ახალაიას მუშაობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

WikiLeaks-ი ჯერჯერობით არ აქვეყნებს რაიმე დოკუმენტს, თუ როგორ შეაფასა ახალაიას მინისტრობა საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და რამდენად გამართლდა ამერიკული მხარის შეშფოთება. თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის შეფასება თეთრ სახლშიც და სახელმწიფო დეპარტამენტშიც უეჭველად უკვე აქვთ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკული მხარე დიდად არ შემცდარა, "აღნიშნა რა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მისი ცუდი წარსული".

თავდაცვის სამინისტროსთან მომუშავე ამერიკული მისიებისა და სამხედრო ინსტრუქტორების საშუალებით, ასევე იმ ქართველი მაღალჩინოსანი სამხედროებისაგან, რომლებიც შეიძლება ოფიციალურზე უფრო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ამერიკელ კოლეგებთან, თეთრ სახლში შეიძლება მეტი და რეალური ინფორმაცია აქვთ ქართული არმიის შესახებ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში.

ამიტომაც, სავარაუდოდ, ოკეანის გაღმა არ გამოჰპარვიათ ის საკადრო პოლიტიკა, უფრო სწორად კი, მისი არარსებობა, რასაც ორი წლის წინ დანიშნული თავდაცვის მინისტრი დღემდე ახორციელებს და რასაც ბევრი პროფესიონალი სამხედროსა თუ სამოქალაქო პირის უკანონოდ დასჯა მოჰყვა,  მათ შორის, ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხითაც, რა საშიშროებაზეც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - აშშ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ ორი წლის წინ აფრთხილებდა...