ქართველი და ამერიკელი სამხედროები ვაზიანში წარმოსახვით ამბოხებას "ახშობენ" - კვირის პალიტრა

ქართველი და ამერიკელი სამხედროები ვაზიანში წარმოსახვით ამბოხებას "ახშობენ"

18 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, ვაზიანის პოლიგონზე, საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit-ის ფარგლებში, ათასამდე ქართველი და ამერიკელი სამხედრო პირობითი ამბოხებულების განეიტრალებას და სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადებას გაივლის...

ვაზიანში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადაა დისლოცირებული, 18 ივლისს დაიწყო საერთაშორისო სამხედრო სწავლება სახელწოდებით  Agile Spirit- 2011.

სწავლებაში ქართული არმიის მე-4 ქვეითი ბრიგადის 450 სამხედროსთან ერთად მონაწილეობს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 საზღვაო ქვეითი, რომლებიც "შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების" შემადგენლობაში შედიან და გასული წლიდან დისლოცირებული არიან რუმინეთში, ქალაქ კონსტანცასთან.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სწავლების მიზანია, გააღრმავოს სამხედრო დანაყოფების ურთიერთმოქმედება, დაეხმაროს მათ ერთმანეთისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარებასა და ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების დროს  ურთიერთგაძლიერებაში.

როგორც ჩანს, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს დავალებული აქვთ, ქართული არმიის მე-4 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ავღანეთში გაგზავნის წინ მოამზადონ.

ორი წლის წინ, 2009 წლის სექტემბერში ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა კრწანისის სასწავლო ცენტრში დაიწყეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობის მომზადება ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისათვის. 2010 წლის აპრილიდან ნოემბრამდე ავღანეთში იმყოფებოდა ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ მომზადებული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი. იგი, როტაციის პრინციპით, 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე უკვე 33-ე ბატალიონმა შეცვალა.

33-ე ბატალიონი დღესაც ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში იმყოფება და შემოდგომისთვის მათი ჩანაცვლების დრო დგება.

მე-3 ქვეით ბრიგადას არ ჰყავს სხვა ქვეითი ბატალიონი, რის გამოც, სავარაუდოა, რომ მე-3 ბრიგადის ავღანურ მისიას მე-4 ქვეითი ბრიგადა გადაიბარებს.სხვათა შორის, აქ ერთი პარალელი იკვეთება. 2008 წლის ივლისის ბოლოს საქართველოში გაიმართა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, რომელშიც ათასამდე ამერიკელი სამხედრო მონაწილეობდა. სწავლება აგვისტოს პირველ რიცხვებში დამთავრდა, რამდენიმე დღეში კი რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო.

სწავლება მაშინაც ვაზიანში მიმდინარეობდა და მასში აქტიურად მონაწილეობდა მე-4 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. ბრიგადა ემზადებოდა ერაყში გასამგზავრებლად იქ მყოფი 1-ელი ქვეითი ბრიგადის 2 ათასზე მეტი სამხედროს ჩასანაცვლებლად, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო.იმედია, ამჯერად მსგავსი არაფერი მოხდება და საქართველოში უკვე საოკუპაციო სამხედრო ბაზების სახით დაფუძნებული რუსეთის შეიარაღებული ძალები ქართულ-ამერიკული სწავლების დამთავრების შემდეგ სამხედრო აგრესიას არ განაახლებენ.

რაც შეეხება "შავი ზღვის მე-11 როტაციულ ძალებს", ის, ძირითადად, ამერიკელი საზღვაო ქვეითი კორპუსის რეზერვისტებითაა დაკომპლექტებული. მათი სამთვიანი პროგრამა 2010 წელს დაიწყო  და მასში 100 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, რომლებიც რუმინეთში, კონსტანცასთან განთავსდნენ. იმავე წელს მათ სწავლება რუმინეთის, უკრაინისა და მაკედონიის შეიარაღებული ძალების დანაყოფებთან ერთად ჩაატარეს.

წელს, 6 ივნისს კი ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა რუმინეთის ერთ-ერთ პოლიგონზე ადგილობრივ სამხედროებს გააცნეს ტაქტიკური დანიშნულების უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების Raven-B-ის მოქმედება ბრძოლის ველზე. ამ პატარა უპილოტო თვითმფრინავებს, რომლებიც 36 ათას დოლარამდე ღირს, ამერიკელები აქტიურად იყენებენ ავღანეთში და სურთ, მათი გამოყენება ISAF-ის ძალებში შემავალი სხვა ქვეყნების სამხედროებმაც იცოდნენ.

წინასწარ ძნელი სათქმელია, ასწავლიან თუ არა ამერიკელი საზღვაო ქვეითები ვაზიანის პოლიგონზე ქართველ სამხედროებს სადაზვერვო "ყვავის" საბრძოლო გამოყენებას, თუმცა ასეთი გამოცდილების მიღება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე "შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების" წარმომადგენლებმა 22-26 ივნისს ბულგარეთისა და სერბეთის სამხედროებთან ერთად ბულგარეთის ერთ-ერთ პოლიგონზე გამართეს სამხედრო სწავლება.

ვაზიანში ამჟამად მიმდინარე სწავლება ერთი წლის განმავლობაში "შავი ზღვის მე-11 როტაციული ძალების" თაოსნობით ჩატარებულ სწავლებათა შორის ყველაზე მასშტაბურია, და, როგორც ჩანს, ის უკანასკნელი არ იქნება.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს დაგეგმილი აქვს, თავისი რეზერვისტები ავარჯიშოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, მაკედონიის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის, სერბეთის, ალბანეთის, საბერძნეთის, ჩერნოგორიისა და ხორვატიის სამხედროებთან ერთად.

დღეს ამ ვარჯიშების მთავარი მიზანი იმ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გადამზადებაა (ერთობლივი სამხედრო სწავლებების სახით), რომლებიც ავღანეთში  ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობენ.

თუმცა, როდესაც დამთავრდება ავღანური ეპოპეა (2014 წელს, როგორც დაგეგმილია, ან უფრო მოგვიანებით), სავარაუდოდ, "შავი ზღვის მე-11 როტაციულ ძალებს" შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ კი რუმინეთში, ფეხი უკვე სერიოზულად ექნება მოკიდებული და არ არის გამორიცხული, დამატებითი დისლოკაციის ადგილები ამერიკულმა მხარემ ამ დროისთვის ბულგარეთსა და თვით საქართველოში კი განათავსოს, რაც ცხადია, ასევე შავიზღვისპირა რუსეთის ხელისუფლების მძაფრ უარყოფით რეაქციას გამოიწვევს...