"ჩვენებური" სეპარატისტების დანაშაულისთვის ვერ მიგვიხედავს და გუანტანამოს პატიმრების ჩამოყვანას ვაპირებთ?! - კვირის პალიტრა

"ჩვენებური" სეპარატისტების დანაშაულისთვის ვერ მიგვიხედავს და გუანტანამოს პატიმრების ჩამოყვანას ვაპირებთ?!

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა გუანტანამოს ციხის პატიმრების ნაწილი ქართულ ციხეებშიც შეიძლება გადმოიყვანონ, საზოგადოებამ

არაერთგვაროვნად აღიქვა.

კუბაზე, აშშ-ის სამხედრო ბაზა გუანტანამოს ციხეში რამდენიმე ასეული პატიმარია, რომლებსაც ძირითადად საერთაშორისო ტერორიზმში ედებათ ბრალი. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხის დახურვა გადაწყვიტა, რადგან მას ექსპრეზიდენტ ბუშის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო (არცთუ უსაფუძვლოდ) დანატოვრად მიიჩნევს.

გუანტანამოს პატიმრების გადანაწილება აშშ-ის მეგობარი ქვეყნების ციხეებში ობამას ადმინისტრაციას ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გამოსავლად მიაჩნია.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ისედაც სულ მეგობრობას უმტკიცებს აშშ-ს და, ბუნებრივია, ძალზე აქტიურობს გუანტანამოს პატიმრების ქართულ ციხეებში მისაღებად.

მაგრამ რა შეიძლება მოჰყვეს გუანტანამოს პატიმრების ჩამოყვანას?

პირველი: ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შემდეგ საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების თვალთახედვის არეში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობას.

მეორე: გუანტანამოს ციხის ბინადართა უდიდესი ნაწილი მუსლიმანია და ახლო აღმოსავლეთში ძალზე გავლენიანი საგვარეულოები დარჩათ. ეს ზრდის საფრთხეს, რომ იმ მუსლიმანურ ქვეყნებში ჩასულ ქართველ ბიზნესმენებსა და ტურისტებს სერიოზული პრობლემები გაუჩნდეთ - შეიძლება მოიტაცონ გამოსასყიდის მიღების ან პატიმრებზე გადაცვლის მიზნით.

მესამე: გუანტანამოს ციხის პატიმრების სრული დანაშაული ბევრ შემთხვევაში ბოლომდე დამტკიცებული არ არის, ხოლო მათი აღიარებითი ჩვენებები ზოგჯერ წამების შედეგია. არ არის გამორიცხული, ქართულ ციხეში მოხვდეს უდანაშაულო (რაც, სამწუხაროდ, ისედაც არ აკლია ჩვენს ციხეებს) ადამიანი, რომელიც გამართლების შემდეგ საერთაშორისო სასამართლო ინსტიტუტებს მიმართავს, რომ საქართველომ გადაუხადოს მნიშვნელოვანი ფულადი კომპენსაცია.

დაბოლოს: რომელი გუანტანამოს ციხის პატიმრების მიღებაზე ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება, როდესაც დღემდე ვერ დაუდგენია დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ქართული სოფლების მაოხართა გვარები და ეთნოწმენდაში დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოებისთვის არ წარუდგენია?!