სტრატეგიული შეცდომა... 16 წლის შემდეგ განმეორებით - კვირის პალიტრა

სტრატეგიული შეცდომა... 16 წლის შემდეგ განმეორებით

- ცხინვალის ახლომდებარე ქართული სოფლები რომ დაგვიბომბონ, საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა საქართველოს იმიჯს ავნებს, რადგან რუსული მასმედია

მთელ მსოფლიოს მოსდებს - ქართულმა მხარემ მშვიდობიანი ქალაქი დაბომბაო. ეს მოსაზრება დღეს არ გაჩენილა. აგვისტოს ომამდე "კვირის პალიტრაში" ხშირად ვწერდით, რომ საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალის მიმართულებით არ შეიძლებოდა.

16 წლით ადრე აფხაზი სეპარატისტები უკვე იყენებდნენ სამხედრო ეშმაკობას - მათი ტანკი დგებოდა ეშერის რუსული ლაბორატორიის გვერდით, რამდენჯერმე ესროდა სოხუმს და სასწრაფოდ ტოვებდა საცეცხლე პოზიციას. ქართველი არტილერისტების საპასუხო ცეცხლის შემდეგ ჭურვები რუსული ლაბორატორიის ტერიტორიაზეც ცვიოდა, გუდაუთიდან აფრენილი რუსული მოიერიშეები კი სოხუმს ბომბავდნენ...

ეს აფხაზური სამხედრო ეშმაკობა 16 წლის შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა გაიმეორეს, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით. ცხინვალის შემოგარენიდან მართლაც იბომბებოდა ქართული სოფლები, მაგრამ სეპარატისტების საცეცხლე წერტილების ჩახშობას წერტილოვანი დარტყმები სჭირდებოდა და არა რეაქტიული სისტემების სარაკეტო ზალპი.

ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც საქართველოს მთავარ ბრალდებას სწორედ 7 აგვისტოს ღამით ცხინვალისკენ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის გამო აკისრებენ.

აქ თავის მართლება ძალიან გვიჭირს თუნდაც იმიტომ, რომ თავად ხელისუფლება მისდამი დაქვემდებარებული ტელევიზიებით "აპიარებდა" ამ საარტილერიო ზალპს...

ასეთი საინფორმაციო დარტყმა საქართველოს ხელისუფლებას ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული, რომელიც კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

ბევრს ემახსოვრება, ოქრუაშვილის მინისტრობის დროს ცხინვალში ნაღმსატყორცნიდან ნასროლი რამდენიმე ნაღმის აფეთქება. იმ დღეს სეპარატისტები აღლუმს მართავდნენ, რაც დაგომისის ხელშეკრულების აშკარა დარღვევა იყო. ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები უკვე აპირებდნენ საერთაშორისო დონეზე ამის გაპროტესტებას, მაგრამ ცხინვალისკენ ნასროლმა რამდენიმე ნაღმმა ყველაფერი გადაწონა - მთელი ყურადღება ამ უაზრო დაბომბვაზე გადავიდა და საქართველო საინფორმაციო ომში წაგებული დარჩა. მაშინ მან, ვისი ბრძანებითაც ცხინვალს ის რამდენიმე ნაღმი ესროლეს, საქართველოს ძალიან ცუდი საქმე გაუკეთა...

არტილერია, ტანკები თუ მოიერიშე თვითმფრინავები სათამაშო არ არის, ერთი გასროლით შეიძლება ისეთი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომელიც საშვილიშვილოდ გაჰყვება მთელ ქვეყანას.