ვიღაცამ იალბუზს გადაუფრინა... - კვირის პალიტრა

ვიღაცამ იალბუზს გადაუფრინა...

საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან რუსი პილოტები მთაგორიან რელიეფზე რაკეტების ზუსტი სროლის მეთოდებს ხვეწენ...

როდესაც ზემო სვანეთში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიოს ჩემპიონთან ერთად 4 კმ-ის სიმაღლიდან თხილამურებით ეშვებოდა, რამდენიმე ათეულ კმ-ში, საზღვრის მეორე მხარეს, იალბუზის მთის ძირას, რუსული შვეულმფრენები და თვითმფრინავები სამიზნეებს ერთიმეორის მიყოლებით აყენებდნენ სარაკეტო დარტყმებს...

ამჯერად სამიზნეები სასწავლო იყო, თუმცა ეს სწავლებები, რომლებიც 10 აგვისტომდე გაგრძელდება, შემთხვევით არ დაწყებულა, ისევე, როგორც იალბუზის ჩრდილოეთით შემთხვევით არ გაუხსნიათ დიდი ხნის დაკონსერვებული პოლიგონი "ნალჩიკი". ამ პოლიგონზე სასწავლო სროლებს 15-მდე რუსული შვეულმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი ახორციელებს, რაც, ერთი შეხედვით, ნაკლებად საინტერესოა; უფრო საინტერესოა, რამდენი რუსული ეკიპაჟი მომზადდება მათი დახმარებით. ამასთან, აქ მთავარია მზადების ძირითადი ამოცანა - მართვადი და უმართავი რაკეტებისა და ბომბების ზუსტი გამოყენება მთაგორიან რელიეფზე.

ასეთი მომზადება რუსეთის ტრამალებზე შეუძლებელია. საბჭოთა პერიოდში ამ მიზნით უზბეკეთის ჩირჩიკის აეროდრომს იყენებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მოსკოვმა ასეთი პოლიგონი ყაბარდო-ბალყარეთში იალბუზის მთის სიახლოვეს გახსნა.

ზოგიერთი ინფორმაციით, მსგავსი მომზადება რუსული დამრტყმელი შვეულმფრენების და საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე ორიოდე თვით ადრე გაიარეს.

არ გვინდა პარალელის გავლება, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისათვის ნალჩიკის პოლიგონზე ეკიპაჟების გადამზადება სწორედ ისეთ Ми-24-ებზე, Су-25-ებზე, Су-24ვ-ებსა და Ту-22М3-ებზე  მიმდინარეობს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ერთხელ უკვე გამოიყენეს...