აფეთქება თბილისში - დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის... - კვირის პალიტრა

აფეთქება თბილისში - დაპირისპირება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის...

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მომხდარმა აფეთქებამ, შესაძლოა, პრეზიდენტ ობამას კრემლთან დაწყებული "გადატვირთვის" პროგრამა ჩაუშალოს...

"მაშინ, როდესაც აშშ-სა და რუსეთს შორის "გადატვირთვის" პროგრამა იწყებოდა და მზადდებოდა შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ, თურმე რუსეთის სპეცსამსახურები თბილისში აშშ-ის საელჩოს აფეთქებას გეგმავდნენ," - ასეთ კომენტარს აკეთებს ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი.

მათი ეს კომენტარი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იმ სამგვერდიან საიდუმლო მოხსენებას მოჰყვა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში მომზადდა და რამდენიმე დღის წინ მისი შინაარსის ნაწილი გავლენიანი ამერიკული გაზეთის - "ვაშინგტონ თაიმსის" ფურცლებზე გამოქვეყნდა.

პრესაში ასეთი საიდუმლო ინფორმაცია შემთხვევით რომ არ გაჟონავდა, ცხადია. არ არის გამორიცხული, ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს ამით სურდეთ, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას დაანახონ, რომ მათი დიდი მონდომებით დაწყებულ "გადატვირთვისა" და კრემლთან ერთგვარი სამხედრო-პოლიტიკური დათმობების პროცესი დიდი შეცდომაა და "მგელი მგლობას არ მოიშლის..."

თბილისში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება  (მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აფეთქდა) რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი, საქართველოს შსს-მ დაადასტურა. ჩანს, მათ მიერ მოპოვებულმა მასალებმა მოგვიანებით თავად ამერიკული მხარეც დაარწმუნა რუსულ კვალში, რასაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დაზვერვის კომიტეტებში გადაცემა მოჰყვა.

"თუ საქართველოში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში რუსული კვალი საბოლოოდ დადასტურდება, რუსულ-ამერიკული ურთიერთობები "ცივი ომის" შემდგომ ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდება  და "გადატვირთვის" პოლიტიკაც კრახით დამთავრდება," - ნათქვამია წერილში, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა.

ცნობილია, რომ აშშ-ის ხელისუფლება თავის საელჩოებზე თავდასხმებს უყურადღებოდ და უპასუხოდ არ ტოვებს. უახლოეს ისტორიაში იყო ფაქტები, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანაში აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტებს იმ ქვეყნებში ამერიკული ბომბდამშენების "სტუმრობა" მოჰყვა...

ჩვენ, რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რუსული კვალის ბოლომდე დამტკიცების შემთხვევაშიც, ამერიკელებმა რაიმე ძალისმიერ მეთოდს მიმართონ მოსკოვის წინააღმდეგ. თუმცა დღეს ოპოზიციაში მყოფ ამერიკელ რესპუბლიკელებს საუკეთესო შანსი უჩნდებათ, დემოკრატ ობამასთან დაპირისპირებაში პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ, რასაც მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარკვეული მნიშვნელობა ექნება.

ასე რომ, როგორი წარმოუდგენელიც უნდა ჩანდეს, ისეთი ზესახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი (რომელიც მთელი პლანეტის მაჯისცემას განსაზღვრავს), როგორიც აშშ-ია, გარკვეულ ამინდს, თურმე, ჩვენს პატარა ქვეყანაში მომხდარი ამბებიც ქმნის.

2005 წლის 10 მაისს, პრეზიდენტ ბუშის თბილისში სტუმრობისას, ვლადიმირ არუთინიანს თავისუფლების მოედანზე უფრო მარჯვედ რომ ესროლა ხელყუმბარა და თანაც ეს ხელყუმბარა ნახევრად კუსტარული, სომხური წარმოებისა რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, დღეს მსოფლიო როგორი იქნებოდა...

P.S. "ვაშინგტონ თაიმსის" ერთ-ერთ ბოლო ნომერში წერია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ორჯერ - მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე და 13 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ისაუბრა თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტზე, თუმცა გაზეთისთვის უცნობია რუსული მხარის პასუხი. ოფიციალურად მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ამ აფეთქებაში მონაწილეობას.

თავის მხრივ, ამერიკული დაზვერვის ინკოგნიტო მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, აშშ-ის რეაქცია სახელმწიფო ტერორიზმზე მეტისმეტად სუსტია და რუსული ГРУ-ს კვლავინდებურად აფხაზეთში ყოფნაზე ამერიკელების პასუხი უფრო მკაცრი უნდა იყოს...