გააგრძელებს თუ არა პოლონეთი იარაღის მიყიდვას საქართველოსთვის? - კვირის პალიტრა

გააგრძელებს თუ არა პოლონეთი იარაღის მიყიდვას საქართველოსთვის?

ზუსტად უცნობია, 2008 წლის აგვისტოს ომში ექვსი ჩამოვარდნილი და სავარაუდოდ, სამი  დაზიანებული რუსული საბრძოლო თვითმფრინავიდან რამდენი მოდის პოლონური "გრომების" ანგარიშზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ქართული მხარე აქტიურად იყენებდა.

აგვისტოს ომის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ომამდე პოლონეთმა საქართველოს 100 ერთეული სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Grom-ი მიჰყიდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ კომპლექსში შედის ერთი გასაშვები მოწყობილობა, ოთხი აკუმულატორ-გამაცივებელი და ორი საზენიტო რაკეტა, ქართული არმიის განკარგულებაში არანაკლებ 200 "გრომის" რაკეტა უნდა ყოფილიყო.

რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანი ომის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა საქართველოსთვის შეიარაღების მოწოდება შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არც გაეროს უშიშროების საბჭოს და არც ევროკავშირს თბილისისთვის იარაღის შესყიდვაზე რაიმე სახის სანქცია არ დაუწესებიათ. საქართველოში იარაღის ძირითადმა ექსპორტიორებმა - ჩეხეთმა, რუმინეთმა, უკრაინამ, ისრაელმა და თავად პოლონეთმაც, პირველ რიგში, კრემლის პოლიტიკური ზეწოლის გამო, თავად დააწესეს თბილისთან ასეთ გარიგებებზე ერთგვარი ემბარგო.

ამ დღეებში ცნობილმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Stratfot-მა თავისებურად შეაფასა პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომაროვსკის ოფიციალური ტურნე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, პოლონეთი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის იარაღის მიყიდვით იყოს დაინტერესებული.

პოლონეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობას მოსკოვი წინ არ აღუდგება, რადგან თავადაც ამარაგებს  ბაქოს თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის - C-300ПМУ-2 Фаворит-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებით, თუმცა შესაძლებელია, სომხურმა ლობიმ, მათ შორის - პოლონეთშიც, ამ ურთიერთობებისთვის ხელის შეშლა სცადოს.

რაც შეეხება საქართველოს, მოსკოვი, ბუნებრივია, ყველა ღონეს იხმარს, რომ არ აღდგეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ვარშავასა და თბილისს შორის, რადგან "გრომების" გარდა, პოლონელებს გასაყიდად სხვა, უფრო ძლიერი და ეფექტური საზენიტო საშუალებებიც მოეძებნებათ...