წამოდი რეზერვში, ოღონდ უფრთხილდი გიურზებსა და ჟურნალისტებს... - კვირის პალიტრა

წამოდი რეზერვში, ოღონდ უფრთხილდი გიურზებსა და ჟურნალისტებს...

რა საჭიროა მტრის ტყვიები, თუკი ერთი ასეთი ჩახოხბილისა და სოსისის შემდეგ ჯარისკაცები არაბრძოლისუნარიანები ხდებიან და მოწინააღმდეგის პოზიციების ნაცვლად ტუალეტებს იღებენ

იერიშით?!

ნარეცხის გემოს მქონე ჯადოსნურად მონათლული მაკარონი, მუცელში "გაღვიძებული" დაღლილი თევზი და შეურაცხყოფილი სოსისი (ახსნა არ სჭირდება) - სწორედ ასე აფასებენ თავიანთ მენიუს ის რეზერვისტები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ დავითგარეჯთან, ალგეთის რეზერვისტთა ბანაკში 18-დღიანი შეკრება გაიარეს.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში რეზერვისტი ლევანი არ მალავს, რომ ამ სარეზერვო შეკრებამ მას ბევრი ცუდი რამ დაანახვა, თუმცა კარგზე ლაპარაკიც არ უჭირს:

"მადლობა მინდა გადავუხადო კრწანისის სასწავლო ცენტრის იმ სერჟანტ-ინსტრუქტორებს, რომლებიც მართლაც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ ჩვენ, რეზერვისტებს, რამე გვესწავლა. ხშირად, თუკი ჩვენი სურვილი იყო, დამატებით გაკვეთილებსაც გვიტარებდნენ და შეკითხვებსაც ამომწურავად პასუხობდნენ, ანუ თუკი რეზერვისტს მართლაც აინტერესებდა სამხედრო საქმის ელემენტარული დეტალების გაგება, მას ამის საშუალება ჰქონდა," - ამბობს იგი, რომელსაც ეთანხმება კოტეც, მეორე რეზერვისტი.

"მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრმა რეზერვისტმა, რომლებიც ამ შეკრების შემდეგ სერიოზულად ფიქრობდნენ შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით სამხედრო სამსახურის დაწყებას, გადაიფიქრა, პირველ რიგში არაორგანიზებულობისა და იმ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გამო, რაც მათ სარეზერვო შეკრების პირველივე დღეს ნახეს," - განაგრძობს ლევანი.

"პირველივე დღეს, როდესაც თბილისში შეკრებილი 500-ზე მეტი ადამიანი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩაგვიყვანეს და თაკარა მზის ქვეშ დაგვყარეს, სწორედ მაშინ დაიწყო არაორგანიზებულობის მთელი ჯაჭვი. წარმოიდგინეთ, სამედიცინო შემოწმება მხოლოდ საღამოს 6 საათზე გავიარეთ, ანუ დილის 8 საათზე შეკრებილები 10 საათის განმავლობაში მშივრები, აუტანელ სიცხეში ველოდებოდით რეზერვში ჩარიცხვას. თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ 500 კაციდან სარეზერვო სამსახურისთვის ვარგისი ნახევარიც არ აღმოჩნდა სხვადასხვა სახის ჰეპატიტისა და სხვა დაავადებების გამო, მაგრამ სარეზერვო ბანაკში მაინც მოხვდნენ ავადმყოფები. ერთს სერიოზული ფორმის დიაბეტი ჰქონდა და სპეციალური კვება სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც იქ, ცხადია, არ იყო; ისე დასუსტდა, ერთი კვირის შემდეგ სახლში დააბრუნეს. მეორეს კუჭი აწუხებდა, მაგრამ ბოლომდე დატოვეს. მესამეს ვენერიული დაავადება ჰქონდა და საბუთსაც აჩვენებდა, მაგრამ მაინც წამოიყვანეს და ბანაკში მალე ისე ცუდად გახდა, გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საკუთარი ხარჯით მოუწია წამლების ყიდვამ, მერე კი ისევ ბაზაში დააბრუნეს," - იხსენებენ ლევანი და კოტე.

"არ ითვალისწინებდნენ ფსიქოლოგიურ მომენტსაც - სარეზერვო შეკრებაზე წამოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც შვილი 20 დღის გარდაცვლილი ჰყავდა და იმ პერიოდში მისი რეზერვისტად მომზადება შეუძლებელი გახლდათ.

მობილურები, რომ აღარაფერი ვთქვათ ფოტოაპარატსა და ვიდეოკამერაზე, სასტიკად იყო აკრძალული... 500-ლარიანი ჯარიმითა და სარეზერვო შეკრების არჩათვლით ემუქრებოდნენ მათ, ვისაც მობილურს აღმოუჩენდნენ. ამის შესახებ მწყობრის წინ მუდმივად გვაფრთხილებდნენ და რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ კარვებში ჩვენი არყოფნის პერიოდში პირად ნივთებს გვიმოწმებდნენ," - იხსენებს ლევანი.

რეზერვისტი სიმონი კი შეკრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მომენტზე ამახვილებს ყურადღებას: "მზის ქვეშ 59 გრადუსამდე, ჩრდილში კი თითქმის 45 გრადუსი იყო. ასეთი აუტანელი სიცხის დროს რეზერვისტები საშინლად ითენთებოდნენ და თეორიული მეცადინეობის დროს, რომელიც ველზე მიმდინარეობდა, უნებურად თვლემდნენ. როგორც სხვა ბანაკებში - მუხროვანთან, პალდოში, თელავში თუ სენაკში მომზადებული მეგობრები გვეუბნებოდნენ, მათ თურმე ემუქრებოდნენ, რომ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ალგეთის სარეზერვო ბანაკში გადაიყვანდნენ, სადაც ბევრად უფრო რთული პირობები იყო. არ ვიცი, ვის სჭირდება ამ გაუსაძლის სიცხეში რეზერვისტების შეკრება, ჩვენ რა, ავღანეთისთვის ხომ არ გვამზადებენ, სადაც სწორედ ასეთი პირობებია?!"

"ამ სარეზერვო შეკრებიდან ერთი აუხდენელი ოცნება გამომყვა - მინდოდა თან წამომეღო სოსისი, სახელწოდებით "მხედრული" და თბილისში მისი ექსპერტიზა ჩამეტარებინა, რათა გამერკვია, იყო თუ არა მასში ხორცის ნატამალი. ბიჭებს ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მუყაოსგან იყო დამზადებული... - არ მალავს ლევანი და ამატებს: - შედარებით უკეთესი ხარისხის იყო სადილზე შემოთავაზებული გუფთა და სოუსი, თუმცა ქათმის ჩახოხბილმა თითქმის მთელი ბანაკი "მწყობრიდან გამოიყვანა." რა საჭიროა მტრის ტყვიები, თუკი ერთი ასეთი ჩახოხბილისა და სოსისის შემდეგ ჯარისკაცები არაბრძოლისუნარიანები ხდებიან და მოწინააღმდეგის პოზიციების ნაცვლად ტუალეტებს იღებენ იერიშით?!

საკვებით ბანაკს ერთ-ერთი კერძო ფირმა უზრუნველყოფდა და ერთი-ორჯერ, როდესაც საკვების ხარისხი მართლაც ამაზრზენი იყო, მეთაურობამ (სერჟანტი-ინსტრუქტორებიც ჩვენთან ერთად იკვებებოდნენ) აიძულა ამ ფირმის წარმომადგენლები, პროდუქტები თავად გაესინჯათ.

ალგეთის ბანაკში წყალი ცისტერნებით მოჰქონდათ და საზღვაო კონტეინერებში მოწყობილ  საშხაპეებსა და პირსაბანებთან მუდმივად დიდი რიგი იყო. საღამოს უნდა გაგეპარსა, რომ დილით მწყობრში დადგომა მოგესწრო. საშხაპეების გაუმართაობის გამო ნაბანი წყალი ბოლო კაბინებში გროვდებოდა, ამიტომ ბევრი იძულებული იყო, დაბანაზე უარი ეთქვა. კონტეინერებში ელექტროგაყვანილობის იზოლაცია დარღვეული იყო და ისევ ჩვენი ძალებით შევაკეთეთ, რომ დენს არ დაერტყა. ტუალეტებს, პირსაბანებსა და საშხაპეებს დაქირავებული დამლაგებლები ალაგებდნენ, მაგრამ ანტისანიტარია და სპეციფიკური სუნი მაინც არ შორდებოდა ბანაკს," - ჰყვება ლევანი.

"არ ეთამაშოთ გიურზებს! - გვაფრთხილებდნენ ყოველდღე და ხელს გვაწერინებდნენ 48-პუნქტიან უსაფრთხოების წესებზე, - აცხადებენ ჩვენთან საუბარში ალგეთის ბანაკის რეზერვისტები, - ქვეწარმავლები სერიოზული პრობლემა გახლდათ. როგორც გვითხრეს, ჩვენს წინა სარეზერვო შეკრებაზე სამი რეზერვისტი დაუკბენიათ გიურზებს. ანტიგიურზინი ადგილზე არ ჰქონდათ, დაშავებულები მაშინვე გორის ჰოსპიტალში უნდა გადაეყვანათ."

"მიუხედავად ყველაფრისა, რეზერვისტთა დიდი ნაწილი ამ შეკრების შემდეგ მიხვდა, რა რთულია ჯარისკაცური ცხოვრება. საყოფაცხოვრებო პირობები და საკვების ხარისხი უკეთესი რომ ყოფილიყო და ბანაკიც ასეთ უდაბნოში არ მოეწყოთ, პრეტენზია არაფერზე გვექნებოდა," - დარწმუნებული არიან ჩვენთან მოსაუბრე რეზერვისტები.

P.S. გიურზების არ იყოს, სარეზერვო ბანაკში მყოფ რეზერვისტებს კატეგორიულად აკრძალული ჰქონდათ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. მობილურების ქონაც ამიტომ აქვთ აკრძალული - მათი საშუალებით ანტისანიტარია თუ უხარისხო საკვები რომ არ დააფიქსირონ.

უფრო მეტიც, ჟურნალისტი მამაკაცები, რომლებიც "შემჩნეულნი" არიან კრიტიკული სტატიების წერასა და ვიდეოსიუჟეტების მომზადებაში, რეზერვში არ მიჰყავთ. ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც უკვე ორჯერ ჰქონდა გავლილი სარეზერვო შეკრება, მესამედ ვაზიანში სამედიცინო შემოწმების შედეგად "დაბრაკეს," მიუხედავად იმისა, რომ სხვა ექიმებთან შემდგომმა შემოწმებამ იგი ჯანმრთელად ცნო....