ომიდან სამი წლის შემდეგ... - კვირის პალიტრა

ომიდან სამი წლის შემდეგ...

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანმა ომმა ვერ შეცვალა ხელისუფლება თბილისში, მაგრამ ქვეყანას, ფაქტობრივად, ჩამოაჭრა საერთო ტერიტორიის 20%-მდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით.

განვლილმა სამმა წელმა კიდევ უფრო განამტკიცა რუსული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ისინი სერიოზულ პლაცდარმად აქცია. ამ პლაცდარმებს სამხედრო თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება (განსაკუთრებით აფხაზეთში დისლოცირებულ მე-7 რუსულ საოკუპაციო ბაზას), თუკი აშშ შავი ზღვის რეგიონში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის ფარგლებში ანტირაკეტებით შეიარაღებული "იჯისის" საბრძოლო საინფორმაციო-მართვის სისტემებით აღჭურვილი სამხედრო ხომალდების შემოყვანას შეეცდება.

ცხინვალის მე-4 საოკუპაციო ბაზის სტრატეგიული მნიშვნელობა გაიზრდება, თუკი მთიანი ყარაბაღის რეგიონში მართლაც განახლდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები.

საქართველოს ხელისუფლების იმედი, რომ შესრულდებოდა მედვედევ-სარკოზის სამი წლის წინანდელი შეთანხება და რუსეთის სამხედრო დანაყოფები დაუბრუნდებოდნენ ომამდე არსებულ პოზიციებს, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამართლდა. უფრო მეტიც, ამასწინანდელ ინტერვიუში პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა: მე სარკოზის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შევუთანხმდი; ცხინვალისა და სოხუმის აღიარება და მათთან შეთანხმებით იქ რუსული სამხედრო ბაზების განთავსება მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტიაო.

ოფიციალური თბილისისთვის ერთგვარი ნუგეშია, თუ რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი თავის გამოსვლაში ახსენებს სიტყვას "ოკუპაცია". აშშ-ის სენატის განცხადება ოკუპაციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც უცხო ქვეყნის პარლამენტის მოხუცებული წარმომადგენლების პირადი პრობლემა, რომელიც ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს კრემლის გადაწყვეტილებებზე.

რუსეთი სამი წლის წინანდელი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. უფრო მეტიც - პრემიერ-მინისტრი პუტინი ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს შეფარვით სთავაზობს, თავად გადაწყვიტონ რუსეთთან შეერთება.

დღეს მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც მოსკოვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და მათი სახელმწიფოებრივი აღიარების გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს.

ცხადია, რაიმეს შესაცვლელად სამხედრო მეთოდებზე საუბარი არ ღირს, რადგან ამის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, მით უმეტეს, რომ დღევანდელი ქართული არმიის მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კი არა, ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის უზრუნველყოფაა...

აგვისტოს ომის სამი წლისთავს ქართული ჯარი საზღვაო და საჰაერო ძალების გარეშე ხვდება, არადა მხოლოდ სახმელეთო ჯარების იმედად მყოფ ერთკომპონენტიან არმიას, რომელსაც შეიძლება ბრძოლა ზღვაზეც მოუხდეს და ჰაერშიც, გამარჯვების შანსი თითქმის არ რჩება...