პუტინ-ბერლუსკონის ჯავშანმანქანას ამერიკული სანქცია დაემუქრა - კვირის პალიტრა

პუტინ-ბერლუსკონის ჯავშანმანქანას ამერიკული სანქცია დაემუქრა

რუსული "კამაზის" მიერ იტალიური ჯავშანმანქანა "ივეკოს" სერიული წარმოება ამერიკულ ძრავებზე ლიცენზიის არქონის გამო შეფერხდა...

სამი წლის წინ, აგვისტოს ომის დროს, დროებით ოკუპირებულ გორსა და ცენტრალურ მაგისტრალზე რუსული სადაზვერვო ჯგუფები "ტიგრის" ტიპის ჯავშანმანქანებით დაქროდნენ.

ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ მათი მშობლიური არმია "ტიგრებს" დიდი რაოდენობით შეიძენდა, თუმცა პუტინმა ერთგვარი რევერანსი გაუკეთა თავის იტალიელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ბერლუსკონის და რუსეთის არმიისთვის 2 ათასზე მეტი იტალიური ჯავშანმანქანა "ივეკოს" შეძენა გადაწყვიტა.

ისე, ქართული არმიისთვის სულერთი სულაც არ არის, ჩვენი ყველაზე სავარაუდო მოწინააღმდეგე როგორი ჯავშანმანქანებით შეიარაღდება და რაოდენ რთული იქნება მათი მწყობრიდან გამოყვანა საბრძოლო მოქმედებების დროს.

თავად რუსი სამხედრო სპეციალისტები უპირატესობას ქართველებთან ომში გამოცდილ "ტიგრს" ანიჭებდნენ, თუმცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა იტალიური "ივეკოების" შეძენით, სავარაუდოდ,  მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოვლენილი, ფაქტობრივად, ანტიქართული პოზიციის გამო.

ასეა თუ ისე, "კამაზის" ქარხანამ იტალიიდან მიღებული დეტალებით რამდენიმე ასეთი მანქანა ააწყო და უკვე ემზადებოდა შეჯავშნული "ივეკოების" სერიული წარმოების დასაწყებად (იტალიური "ივეკოს" რუსულ ვარიანტს "რისი" შეარქვეს), როდესაც გაირკვა, რომ ქარხანას აშშ-ის მხრიდან მკაცრი სანქციები ელოდა.

საქმე ისაა, რომ იტალიურ "ივეკოს" გერმანული ჯავშანი და ამერიკული ძრავა აქვს, რის გამოც მისი  წარმოების დეტალები ამ ქვეყნებთანაც უნდა შეთანხმდეს. გერმანიის კანცლერ მერკელთან პუტინი კი გამონახავდა საერთო ენას, მაგრამ ამერიკელების დაყოლიება ნამდვილად გაუჭირდებოდა. ამიტომაც "კამაზმა", რომლის ხელმძღვანელებს არ სურთ, შესაძლო ამერიკული სანქციების გამო ჩვეულებრივი სატვირთო ავტომობილების გაყიდვაშიც შეექმნეთ პრობლემები, უარი თქვა "ივეკოს" წარმოებაზე.

ამჟამად რუსები ცდილობენ, "ივეკოს" წარმოება ბრიანსკში, ავტოსარემონტო ქარხანაში წამოიწყონ. რა გამოუვათ, წინასწარ ძნელი სათქმელია, მაგრამ პუტინის გუნდი სერიოზულად არის დაინტერესებული ამ გარიგებით, რადგან მოარული ხმების თანახმად, თითოეული შეჯავშნული "ივეკო" 300 ათასი ევრო დაჯდება, რაც საუკეთესო "ოტკატის" საშუალებას აძლევს რუს ჩინოვნიკებს, მაშინ, როცა სამამულო "ტიგრი" ორჯერ ნაკლები ღირს...