ვინ დაასწრებს ამერიკული იარაღის შეძენას - ისრაელი თუ ერაყი? - კვირის პალიტრა

ვინ დაასწრებს ამერიკული იარაღის შეძენას - ისრაელი თუ ერაყი?

ისრაელი ესწრაფვის, იაფად შეისყიდოს ერაყიდან გასული ამერიკელების ჩამოწერილი შეიარაღება

აშშ-ის სამხედრო კონტინგენტმა ერაყის ტერიტორია წესით 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დატოვოს. ამჟამად ერაყში 46 ათასამდე ამერიკელი სამხედროღაა დარჩენილი, რომლებიც საბრძოლო შეტაკებებში აღარ მონაწილეობენ.

არ არის გამორიცხული, პენტაგონმა მომავალი წლისთვის 10 ათასამდე სამხედრო მაინც დატოვოს ერაყში, თუმცა დღეისთვის, სერიოზული ფინანსური კრიზისის პირობებში, აშშ-ის ხელმძღვანელობა უფრო იმითაა შეშფოთებული, როგორ გამოზიდოს ერაყიდან საბრძოლო ტექნიკის რამდენიმე ათასი ერთეული.

პირადი შემადგენლობის ერაყიდან ჩრდილო ამერიკაში დაბრუნებაც არ იქნება იაფი, რადგან 30-40 ათასი სამხედროს 10 ათას კმ-ზე გადაყვანა გახდება საჭირო. თუმცა პენტაგონი უფრო მეტად ერაყიდან ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოტანის ძალზე ძვირად ღირებულ პროცედურას უფრთხის.

2007 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობამ 166 ათასს მიაღწია. მის  შეიარაღებაში იყო თითქმის 7 ათასამდე ტანკი, ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარი და სხვა საბრძოლო თუ დამხმარე ტექნიკა.

დღეს, როდესაც მათი რაოდენობა 46 ათასამდეა შემცირებული, სამხედროებს საბრძოლო ტექნიკის 3 ათასამდე ერთეული მაინც რჩებათ.ამ საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი ამორტიზებულია და პენტაგონს მათი 10 ათას კმ-ზე გადაზიდვა ბევრად ძვირი დაუჯდება, ვიდრე ახლის შეძენა.

ეკონომიკური გათვლების შემდეგ პენტაგონის მესვეურებმა ერაყის ხელისუფლებას შესთავაზეს, შეესყიდათ მათ ტერიტორიაზე არსებული ამერიკული საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის დიდი ნაწილი მათთვის მისაღებ ფასად.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური ბაღდადის პასუხი, მაგრამ ისრაელმა თავად გამოიჩინა ინიციატივა და თეთრ სახლს ერაყში დარჩენილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის შესყიდვას სთავაზობს.

ებრაელმა სამხედროებმა პენტაგონელ გენერლებზე არანაკლებ იციან დათვლა. ერაყში ჩამოწერილი შეჯავშნული ამერიკული "ჰამვის" ყიდვა და გარემონტება ისრაელის არმიას უფრო იაფი უჯდება, ვიდრე მწარმოებლისგან ახლის ყიდვა. ისრაელი ასევე დაინტერესებულია ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვია-წამლის შეძენით, რადგან ერაყში დაახლოებით 300 ათასი ამერიკული ავტომატური კარაბინი, პისტოლეტი და ტყვიამფრქვევი ინახება.

თუკი ებრაელები და ამერიკელები შეთანხმდებიან,  ფინანსურად მოგებული ისრაელის არმია დარჩება.