რა დასკვნები გამოიტანა ბაქომ აგვისტოს ომიდან - კვირის პალიტრა

რა დასკვნები გამოიტანა ბაქომ აგვისტოს ომიდან

ბაქოს არასოდეს დაუმალავს, რომ თუკი სამშვიდობო მოლაპარაკება ნაყოფს ვერ გამოიღებს, აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, ძალის გამოყენებით დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სიტყვებს რომ ჰაერზე არ ისვრის, ამას ადასტურებს მისი სამხედრო ბიუჯეტის არნახული - 3,5 მლრდ დოლარამდე გაზრდაც, რაც სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტია. მაგრამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ სამხედრო ბიუჯეტის ზრდა რომ არ კმარა, ეს სამი წლის წინანდელმა აგვისტოს ომმა ოფიციალურ თბილისსაც დაანახა - მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 1,5 მლრდ დოლარს აღწევდა, ზესახელმწიფოს იმიჯის მქონე რუსეთთან ომი ხუთი დღეც არ გაგრძელებულა.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლება ინტენსიურად აპიარებს არმიის გადაიარაღებას და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამუშავებას. ბაქოში აღლუმზე აჩვენეს აზერბაიჯანული არმიის თანამედროვე შეიარაღება, მათ შორის - მძლავრი ოპერატიულ-ტაქტიკური თუ საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომელთა მსგავსი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი არა აქვს.

აზერბაიჯანი პრაქტიკულად მზად არის, ძალით დაკარგულის ძალით დაბრუნება დაიწყოს, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკება წყლის ნაყვას დაემსგავსა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნებას არავინ აპირებს.

თუმცა ოფიციალურ ბაქოს ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლის ის, რაც მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახა, კერძოდ, რუსეთის არმიის მხრიდან ოსი და აფხაზი სეპარატისტებისთვის გაწეული აშკარა დახმარება.

ბაქოს არა აქვს გარანტია, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში კრემლი ასევე აშკარად არ დადგება სომხეთის არმიის გვერდით. მით უმეტეს, გასულ, 2010 წელს, რუსეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად სომხეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზას ევალება რეგიონში როგორც რუსეთის ფედერაციის ინტერესების დაცვა, ასევე სომხეთის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თუმცა მოსკოვი აქტიურად თანამშრომლობს ბაქოსთანაც და მას თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემა "ფავორიტიც" კი მიჰყიდა. ხვალ რომ მართლაც დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში, რაც, ფაქტობრივად, აზერბაიჯან-სომხეთის ომს ნიშნავს, აზერბაიჯანელი მეზენიტეები სწორედ ამ "ფავორიტებით" დაემუქრებიან სომხეთის აეროდრომებიდან აფრენილ სომხურ მოიერიშეებსა და რუსულ "მიგებს".

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი აშკარად არ ჩაერევა აზერბაიჯან-სომხეთის შესაძლო ომში? რა თქმა უნდა, არა, რადგან ნებისმიერ "ფავორიტზე" მეტად კრემლში სომხეთის, როგორც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი დასაყრდენის უსაფრთხოება აინტერესებთ, ამიტომაც რუსეთის შეიარაღებული ძალების (პირველ რიგში კი - სომხეთში დისლოცირებული გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის) მხარდაჭერის დიდი იმედი ერევანს ნამდვილად აქვს. სხვა საქმეა, როგორი იქნება რუსული მხარდაჭერა - აშკარა თუ ფარული. სავარაუდოდ, თუკი აზერბაიჯან-სომხეთის მომავალ შესაძლო ომში ბაქო პირველივე ბრძოლებში გადამწყვეტ უპირატესობას მოიპოვებს, მაშინ მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ერევნისთვის მოსკოვის მხარდაჭერა აშკარა იქნება (სხვათა შორის, ოს სეპარატისტებს 2008 წლის 8 აგვისტოს ქართული სამხედრო-პოლიციური დანაყოფები თავიანთი ძალებით რომ მოეგერიებინათ, შესაძლოა, რუსული ჯავშანკოლონების უწყვეტი ნაკადი როკის გვირაბს არც მოსდგომოდა), ხოლო თუკი სომხურმა არმიამ შეძლო აზერბაიჯანელების შეტევის წარმატებით მოგერიება, რუსეთი მათ ფარულად დაეხმარება.

ასეა თუ ისე, ცხადია, რომ 2008 წლის ცხინვალის ბრძოლები, რაც რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, ოფიციალური ბაქოსთვის მნიშვნელოვან დამაფიქრებელ ფაქტორად იქცა.