რატომ ზრდიან ჯარისკაცების რიცხვს? - კვირის პალიტრა

რატომ ზრდიან ჯარისკაცების რიცხვს?

ქართული არმიის დაკომპლექტება შერეული პრინციპით ხორციელდება - შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ როგორც კონტრაქტით  აყვანილი სამხედროები, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები. კონტრაქტი 4 წლით იდება, სავალდებულო სამსახური კი ერთწლიანია და იქ 18-დან 27 წლამდე მამაკაცებს იწვევენ წელიწადში ორჯერ.

დღევანდელი ხელისუფლების მუდმივი სატრაბახო თემა პროფესიონალური არმიის შექმნა იყო, სადაც ყველა ნებაყოფლობით იმსახურებდა და ჯარში წასვლა სავალდებულო აღარ იქნებოდა, თუმცა კონტრაქტით დაკომპლექტებული ჯარი სულაც არ ნიშნავს პროფესიონალურს.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღებია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაც კი, მაგრამ როგორც ირკვევა, ის არათუ უქმდება, არამედ გაწვეული ჯარისკაცების რიცხვი იზრდება და თანაც - მნიშვნელოვნად.

პრეზიდენტის 4 აგვისტოს ბრძანებულების თანახმად, 2011 წლის  საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევას თავდაცვის სამინისტროში 4891 ახალგაზრდა ექვემდებარება, არადა გასული, 2010 წლის შემოდგომაზე მხოლოდ 1204 კაცი გაიწვიეს, ანუ გასაწვევთა რაოდენობა წელს ოთხჯერ არის გაზრდილი.

2009 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 717 ახალწვეულს შეადგენდა, 2008 და 2007 წლებში  კი შეიარაღებულ ძალებში ერთი ჯარისკაციც არ გაუწვევიათ.

ასევე გამოიყურება საგაზაფხულო გაწვევების დინამიკაც. თავდაცვის სამინისტროს 2009 წლის გაზაფხულზე სავალდებულო სამსახურში არავინ გაუწვევია, სამაგიეროდ, 2010 წლის გაზაფხულზე 1269 ახალგაზრდა გაიწვია, 2011 წლის 20 იანვრიდან 1-ელ ივლისამდე კი სავალდებულო სამხედრო სამსახურში უკვე 3275 კაცი უნდა წაეყვანა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის კონტინგენტს შსს-ც და სასჯელაღსრულების სამინისტროც იწვევს წელიწადში ორჯერ, მაგრამ მათი მოთხოვნები, ძირითადად, სტაბილურია და შსს-სთვის 1300-1400-ს, ხოლო სასჯელაღსრულებისთვის - 300-600 ახალწვეულს შეადგენს (თუმცა სასჯელაღსრულების სისტემამ ციხეების გარე პერიმეტრის დასაცავად 2011 წლის საშემოდგომო გაწვევიდან 1300 კაცი მოითხოვა).

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი კონტინგენტის მუდმივი ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახსრების დეფიციტი შეიძლება იყოს, რადგან საკონტრაქტო არმიის შენახვა იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის.