თეირანი მოსკოვს უჩივის, რაც ორივეს ხელს აძლევს - კვირის პალიტრა

თეირანი მოსკოვს უჩივის, რაც ორივეს ხელს აძლევს

ირანმა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ მოსკოვმა შეაჩერა ოთხი წლის წინ თეირანთან დადებული კონტრაქტი შედარებით თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიყიდვის შესახებ.

ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც ჩივილი მომჩივანსაც ხელს აძლევს და მოპასუხესაც.საქმე ის არის, რომ 2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავდა ირანისთვის შეიარაღების გარკვეული სახეობების მიყიდვას. არადა, 2007 წელს თეირანმა მოსკოვთან 800 მლნ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა С-300МПУ-1ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ხუთი დივიზიონის შეძენის თაობაზე.

წესით, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, როგორც თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღებას, გაეროს სანქციები არ უნდა შეხებოდა, მაგრამ 2010 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ინიციატივა გამოიჩინა და ირანის მიმართ გაეროს სანქციებს რუსეთიც შეუერთდა. კრემლი იმაზეც თანახმა იყო, რომ თეირანისთვის უკან დაებრუნებინა ავანსად აღებული 160 მლნ დოლარი.

როგორც ახლა ირკვევა, თეირანი იმიტომ უჩივის მოსკოვს, რომ თუკი საერთაშორისო სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, С-300-ების თეირანისათვის მისაყიდად რუსეთს ხელ-ფეხი იურიდიულად გაეხსნება.

С-300МПУ-1ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი 150 კმ-ია, ხოლო ერთ დივიზიონში ოთხი გასაშვები დანადგარი შედის. თითოეულ დანადგარში გასაშვებად გამზადებული ოთხი საზენიტო რაკეტა ჰერმეტულ კონტეინერებშია განთავსებული. გამოდის, რომ ხუთ  დივიზიონს საბრძოლო მზადყოფნაში 80 საზენიტო რაკეტა აქვს, რაც 100-150 კმ რადიუსში არანაკლებ 40-60 თვითმფრინავის, ფრთოსანი რაკეტისა თუ შვეულმფრენის (მათ შორის, დაბალ სიმაღლეზე მფრენი) ჩამოგდების გარანტიას იძლევა.

თუკი ეს რუსული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონები ბოლოს და ბოლოს, მაინც მოხვდა ირანის შეიარაღებაში, მაშინ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ შეიძლება დაივიწყოს მოულოდნელი საჰაერო "წერტილოვანი" დარტყმები ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე, ანუ ის სტრატეგია, რითაც  ბოლო ოცი წლის განმავლობაში იწყებოდა ომები ერაყში, ყოფილ იუგოსლავიასთან თუ ლიბიაში...