კადაფის დამხობამ NATO-ს სახე შეუნარჩუნა - კვირის პალიტრა

კადაფის დამხობამ NATO-ს სახე შეუნარჩუნა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო და, არაოფიციალურად, სახმელეთო დახმარების შემდეგ ლიბიელმა აჯანყებულებმა ტრიპოლი დაიკავეს...

ლიბიის დედაქალაქი - ტრიპოლი აჯანყებულების ხელშია. ნახევარი წელი დასჭირდათ მათ, რომ დედაქალაქი აეღოთ და იქიდან გაეძევებინათ პოლკოვნიკი მუამარ კადაფი, კაცი, რომელიც თითქმის 40 წელი ერთპიროვნულად მართავდა ლიბიას.

თუმცა ტრიპოლის დაკავება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ლიბიაში სამოქალაქო ომის დამთავრებას, რადგან, სავარაუდოდ, კადაფი და მისი მომხრეები  სირტში, კადაფის მშობლიურ ქალაქში, გამაგრდებიან და ბრძოლას გააგრძელებენ.

ტრიპოლის აღება აჯანყებულებზე არანაკლებ გაუხარდათ ევროპაში და პირველ რიგში -  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რადგან ამ საბრძოლო წარმატებამ  NATO-ს სახე შეუნარჩუნა.

დასავლურმა კოალიციამ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანახმად, კადაფის მომხრე საბრძოლო დანაყოფებისა და ლიბიის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა 19 მარტს დაიწყო. მაშინ ფიქრობდნენ, რომ კადაფის რეჟიმი დღე-დღეზე დაემხობოდა, რადგან ფრანგული თუ ამერიკული "მირაჟებისა" და "ტომაჰავკების" წყალობით აჯანყებულები სახმელეთო ოპერაციებში წარმატებას სწრაფად მიაღწევდნენ, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა - აჯანყებულთა სუსტი სამხედრო მომზადება, არადისციპლინირებულობა და ერთიანი მართვის მექანიზმის არქონა ხელს უშლიდა საბრძოლო ოპერაციების წარმატებას.

კადაფის მომხრეები აჯანყებულებს კონტრიერიშებით სერიოზულ  დარტყმებს აყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში NAთO-ს თვითმფრინავები იყვნენ გაბატონებული.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ ბრძოლებში ქვეითებს ვერ ჩართავდა, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ამის ნებართვა არ იყო, ამიტომ NATO იძულებული გახდა, აჯანყებულთათვის დამრტყმელი შვეულმფრენები მიეხმარებინა, რომლებიც ლიბიის სანაპიროს სიახლოვეს მოდრეიფე შვეულმფრენმზიდებიდან, მათ შორის - ფრანგული "მისტრალიდან" ფრინდებოდნენ. სახმელეთო ბრძოლებისას შვეულმფრენების გამოყენება უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე ზებგერითი თვითმფრინავებისა, რადგან ისინი დაბალი სიმაღლიდან უფრო ზუსტად აფეთქებდნენ ქალაქების საცხოვრებელ უბნებში მიმალულ კადაფის ტანკებს.

ჩრდილოატლატიკურ ალიანსში არ აღიარებენ, მაგრამ თითქმის აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ აჯანყებულთა მხარეს ევროპის რიგი ქვეყნების სპეცდანიშნულების დანაყოფების გადაცემული სპეცრაზმელები იბრძვიან.

დასავლურ პრესაში გაჟონა იმ ფაქტმაც, რომ დაპყრობილი ტრიპოლის ქუჩებში მუამარ კადაფისა და მის ვაჟებს დიდი ბრიტანეთის ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმის - SAS-ის გადაცმული მებრძოლები ეძებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კადაფის რეჟიმს თავად NATO  უპირისპირდებოდა, ლიბიელმა პოლკოვნიკმა ნახევარი წელი შეძლო ტრიპოლის შენარჩუნება, თუმცა მისი დაცემის შემდეგაც იგი, სავარაუდოდ, ფარ-ხმალს არ დაყრის და ბრძოლას მშობლიურ ქალაქ სირტში გააგრძელებს, თუკი, რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ გაანადგურეს...

დღეს უკვე ის კი აღარ არის აქტუალური, კიდევ რამდენ ხანს იბრძოლებს კადაფის რეჟიმი, არამედ ის, ვინ მოვა ლიბიის სათავეში და თუკი აღმოჩნდება, რომ ეს ძალა დაკავშირებულია ყბადაღებულ "ალ-ქაიდასთან", საინტერესოა, როგორი იქნება ავღანეთში იმავე "ალ-ქაიდასთან" მებრძოლი NATO-ს რეაქცია?..