პარლამენტის გაქუთაისელება რუსული ტანკების დასაბნევად? - კვირის პალიტრა

პარლამენტის გაქუთაისელება რუსული ტანკების დასაბნევად?

ხელისუფლება პარლამენტის ქუთაისში გადატანას, რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების განმტკიცებითაც ამართლებს...

ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი მუშაობას თბილისის ნაცვლად ქუთაისში რომ  შეუდგება, ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, რისთვისაც ქუთაისში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს პარლამენტის შენობის მშენებლობა.

საზოგადოების ნაწილში ისმის კითხვა - რა აუცილებელი იყო პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანა და ახალი კომპლექსის აგება, რაშიც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯება?

როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით ირკვევა, თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხიც, რადგან რუსული ტანკები თბილისიდან რამდენიმე ათეული კმ-ის მოშორებით დგანან.

ერთი შეხედვით, ხელისუფლების გადაწყვეტილება ლოგიკურიც კი ჩანს - იგი ცდილობს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის დეცენტრალიზაციას და ქუთაისსა და ბათუმში მათ გადანაწილებას, რათა რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში, თბილისში შემოჭრილმა რუსულმა ტანკებმა ერთბაშად ვერ შეაჩერონ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების მუშაობა.

მაგრამ იბადება კითხვა - ნუთუ ხელისუფლებაში მართლა ჰგონიათ, რომ თუკი რუსული სამხედრო აგრესია განახლდება (რისი საბაბიც რუს ოკუპანტებს, ალბათ, ისევ ოფიციალურმა თბილისმა უნდა მისცეს), მტრის სამიზნე მხოლოდ თბილისი იქნება?

აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული საბრძოლო დანაყოფები შეტევას ახორციელებდნენ არა მარტო ცხინვალი-გორისა და ცხინვალი-ახალგორის, არამედ გალის რაიონიდან ზუგდიდისა და სენაკის მიმართულებითაც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სურვილის შემთხვევაში რუსული საოკუპაციო ჯარების დასავლეთ დაჯგუფებას ძალიან გაუჭირდებოდა უპრობლემოდ დაკავებული სენაკის სამხედრო ბაზიდან ქუთაისისკენ წარმატებული გადაადგილება, ძალიან ცდება. მით უმეტეს, რომ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის არ იყოს, ქუთაისში მუდმივად დისლოცირებული მე-3 ქვეითი ბრიგადა, თითქმის მთელი პირადი შემადგენლობით და საშტატო შეიარაღებით, იმ დროისთვის ცხინვალის აღმოსავლეთით - ერედვი-სარაბუკის მიმართულებით აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს.

რუსეთსა და საქართველოს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ახალგორის მიმართულება მაშინვე ეცდება, გადაკეტოს თბილისი-გორის დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზი და საქართველოს დედაქალაქი ქვეყნის დასავლეთ ნაწილს მოსწყვიტოს.

რიკოთის უღელტეხილით რუსული ჯავშანკოლონების ქუთაისის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ დროული და პროფესიონალური მოქმედების შემთხვევაში მათი შეჩერება და განადგურებაც კი - შედარებით ადვილია.

ქუთაისისთვის საშიშროებას  წარმოადგენს ასევე პერევი-საჩხერე-ჭიათურის მიმართულებაც, მაგრამ იქაური მთაგორიანი რელიეფის გათვალისწინებით, თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა აქაც წარმატებით შეიძლება.

სენაკი-ქუთაისის ავტომაგისტრალი ის ძირითადი სავარაუდო მიმართულებაა, რომელიც შეიძლება გამოიყენონ რუსულმა საოკუპაციო საბრძოლო დანაყოფებმა ქუთაისზე შეტევის დაგეგმვის შემთხვევაში.

2008 წლისგან განსხვავებით, სენაკისა და ქუთაისის ქვეითი ბრიგადები თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დგანან და იმედია, მათ საბრძოლო ამოცანებში ასახულია ყველა შესაძლო მიმართულებიდან მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიება.

თუმცა ზემოხსენებული ვარაუდები ჯერჯერობით არაფრის მომცემია, რადგან მოსკოვს არა აქვს საბაბი, საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში საბრძოლო მოქმედებები განაახლოს.

მანამდე კი ქუთაისში გადატანილი პარლამენტი, ახალი სამშენებლო კომპლექსითა და პარლამენტართა გაზრდილი რაოდენობით, საქართველოს ბიუჯეტს დამატებით ხარჯად დააწვება...