"ჯარში ჯვრის ტარება არავის აუკრძალავს" - კვირის პალიტრა

"ჯარში ჯვრის ტარება არავის აუკრძალავს"

მედიასაშუალებებში გავრცელდა ხმები, თითქოს  თავდაცვის მინისტრ, ბაჩო ახალაიას საიდუმლო ბრძანებით, ჯარისკაცებს აეკრძალათ ჯვრის ტარება, ხატების შენახვა და ლოცვა. ამას, თურმე,  სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან და როგორც ამბობენ, ჯარში ბუნტიც არ არის გამორიცხული.

საპატრიარქოში ამ ინფორმაციას აბსურდულს და ჭორს უწოდებენ. "სამხედრო ნაწილებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამლოცველოები იხსნება. ამასთან, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოინახულონ ტაძრები სენაკის და ქუთაისის სამხედრო ბაზებზე, თავდაცვის სამინისტროში. ეს ტაძრები უშუალოდ  სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა. ქართულ ჯარში 22 მოძღვარი მსახურობს, მათ შორის, ორი მღვდელი ავღანეთშია ჩვენს ბიჭებთან და გამუდმებით ატარებს წირვა-ლოცვებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და სამინისტროს ხელშეწყობით იბეჭდება ლოცვის წიგნები ჯარისკაცებისთვის. აღდგომის დღესასწაულისთვის ავღანეთში 3000 პასქა და კვერცხის საღებავიც სამინისტროს დახმარებით გავგზავნეთ. ჯარში ყველა პირობაა იმისათვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, ეზიაროს", - გვითხრეს საპატრიარქოში. სამწუხაროდ, მოარულ ხმებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა თავდაცვის სამინისტრომ, რომლის პრესსამსახურიც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და წერილებს არ პასუხობს."კვირის პალიტრა” შეეცადა, გასაუბრებოდა იმ ჯარისკაცებსა და სასულიერო  პირებს, რომლებიც სხვადასხვა საჯარისო ნაწილში მსახურობენ. ერაყში ქართულ სამშვიდობო ძალებთან ერთად მყოფი მამა ისააკ ფირცხალავა გაოცებას ვერ ფარავს გავრცელებული ხმების გამო და ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებით ეხმარებოდა ერაყში ყოფნის დროს, რათა ქართველ ჯარისკაცებთან ნებისმიერ ბაზაზე სწრაფად შესძლებოდა მისვლა."უკვე ერთი წელია, ჯართან კავშირი აღარ მაქვს, მაგრამ როდესაც ერაყში ვმსახურობდი, ხელს კი არ მიშლიდნენ, ყველა პირობას მიქმნიდნენ, რომ  ბიჭებს დავხმარებოდი და  ჩვენს ჯარს მხნედ ეგრძნო თავი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევით ბაზებზე ზედმეტი სამხედრო-ბიუროკრატიული შეზღუდვების გარეშე ვმოძრაობდი. როგორც ვიცი, ასეთივე  ხელშეწყობა ჰქონდათ მოძღვრებს ავღანეთშიც,” - ამბობს მამა ისააკი.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური არც თვითონ აკეთებს კომენტარს და ვერც ჯარისკაცებთან ოფიციალური საუბრის ნებართვა მივიღეთ (პრესსამსახურის ნებართვის გარეშე ჯარისკაცებს პრესასთან საუბარი ეკრძალებათ), არაოფიციალურ საუბრებში კი ითქვა, რომ მინისტრმა ხატებთან ლოცვა კი არა, ყაზარმებში მათდამი დაუდევრად მოპყრობა აკრძალა(?!). ამბობენ, რომ ერთ-ერთ მოძღვარს ერთ-ერთ ნაწილში შეუფერებელ გარემოში უნახავს ხატები, რის გამოც ჯარისკაცებისთვის შენიშვნა მიუცია, სიწმინდეებს უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთო.

- ზოგან გაზეთიდან ამოჭრილი ხატის ფოტოასლი აქვთ კედელზე გაკრული, ზოგანაც დერეფნებში, მაგიდებზე აწყვია ქაღალდის რეპროდუქციები და ქარის ერთი წამობერვა საკმარისია, რომ ხატები ძირს მოეფინოს. სწორედ ეს არ მოეწონათ მღვდლებს. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ ხატები მხოლოდ სამლოცველოებში იყოს დაბრძანებული(?!). ითქვა, თუ ხატებთან ლოცვა გინდათ, სამლოცველოში მიდით, ან ხატებს სათანადო ადგილი მიუჩინეთო. ახლაც რომ დაიაროთ ნაწილები, ბევრგან ყაზარმაში ნახავთ ხატებს. არავინ გვიკრძალავს ჯვრის ტარებას და ხატებთან ლოცვას. ასეთი რამ რომ მოხდეს, ამას მართლა არ მოჰყვება კარგი ამბავი, - ამბობენ ჯარისკაცები.

საპატრიარქოში არაოფიციალური საუბრების დროს ისიც ითქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში მინისტრის თანხმობით იგეგმება ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დაბრძანება. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის გადამოწმება ისევ აღნიშნული უწყების პრესსამსახურის დუმილის გამო ვერ შევძელით.

ხატმა ფაშისტებისგან იხსნა...

მეორე მსოფლიო ომის იმ მონაწილეთა გადმოცემით, რომლებიც ლენინგრადისა და მოსკოვის მისადგომებს იცავდნენ, ყაზანის ღვთისმშობლის ხატმა ისინი ფაშისტებისგან იხსნა. როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა მოსკოვს, სტალინს განკარგულება გაუცია, გაეხსნათ ყველა დიდი ტაძარი, წირვა-ლოცვა აღვლენილიყო და ყაზანის ღვთისმშობლის ხატი თაყვანისცემისთვის ქუჩაში გამოებრძანებინათ. ხატი ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამბობენ, რომ ხატის თანმხლებთა თავზე მტრის ტყვიები ზუზუნებდა, მაგრამ ნაკაწრიც არავის გასჩენია. საკვირველმოქმედი ხატის აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვი, რომლის მისადგომებიც უკანმოუხედავად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.