სამშობლოსათვის დაღუპული "მეწამული ბერეტების" ამოსაცნობად - კვირის პალიტრა

სამშობლოსათვის დაღუპული "მეწამული ბერეტების" ამოსაცნობად

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული შინაგანი ჯარების 202 მებრძოლის უკვდავსაყოფად წიგნი იწერება

20 წლის წინ, 1991 წლის 12 სექტემბერს შექმნილი შინაგანი ჯარი ოფიციალურად 2004 წლის ბოლოს გაუქმდა და მისი მცირე ნაწილი თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, დანარჩენი კი - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს. მანამდე კი შინაგანი ჯარი ერთ-ერთი პირველი იბრძოდა ცხინვალთან, სოხუმთან, გალის რაიონში და ა. შ.

ამ ბრძოლებში შინაგანი ჯარების 202 ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი დაიღუპა, ასობით დაიჭრა და დაინვალიდდა.

ახალი წიგნის, "მეწამული ბერეტები" სამშობლოს სადარაჯოზე", პრეზენტაცია 11 სექტემბერს სახელმწიფო არქივის შენობაში გაიმართება, ხოლო 12-დან 18 სექტემბრამდე პროფკავშირების სასახლეში გამოიფინება ბრძოლებში დაღუპულთა ფოტოსურათები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ამოიცნოს ახლობლები და თავისი მოგონებები (და ფოტოსურათებიც) მიუმატოს წიგნს.

როგორც "კვირის პალიტრას" შინაგანი ჯარების ბოლო სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა გოგი თათუხაშვილმა განუცხადა, წიგნში, დაღუპული მებრძოლების გარდა, მოყვანილია დაახლოებით 700 სამხედროს საბრძოლო ეპიზოდები, რომელთა თავმოყრა ძნელი და შრომატევადი საქმე იყო.

ბევრმა, ვინც ეს ბრძოლები გამოიარა, შეიძლება თავისი თავი და თანამებრძოლები ამოიცნოს ამ საბრძოლო ეპიზოდებში, ხოლო ახალგაზრდა ოფიცრები თეორიულ ცოდნას გაიღრმავებენ, რაც აუცილებლად გამოადგებათ შესაძლო მომავალ ომებში.

კარგი იქნებოდა, ანალოგიური წიგნი ქართული არმიის სხვა სახეობებისა (თუგინდ ასევე გაუქმებული სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალების) და გვარეობების წარმომადგენლებსაც შეედგინათ, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მოსაგონებლად და საბრძოლო ეპიზოდების გასაანალიზებლად ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა.