საბჭოთა ჰაუბიცის სროლას ფრანგებს ქართველები შეასწავლიან - კვირის პალიტრა

საბჭოთა ჰაუბიცის სროლას ფრანგებს ქართველები შეასწავლიან

ავღანეთში გამგზავრების წინ 11 ფრანგ არტილერისტს ნახევარსაუკუნოვანი საბჭოთა ჰაუბიცის სროლის ნიუანსებს ქართველი კოლეგები აუხსნიან და თალიბებს ერთად გაუხსნიან ცეცხლს

აგვისტოს ბოლოს საქართველოში 11 ფრანგი არტილერისტი ჩამოვიდა. ფრანგი სამხედროები, განსაკუთრებით კი სამთო სპეციალისტები, ჩვენი ხშირი სტუმრები არიან, რადგან საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ასწავლიან მომავალ ქართველ ინსტრუქტორებს.

ამჯერად კი პირიქით, ფრანგ არტილერისტებს სწორედ ქართველი კოლეგები მოამზადებენ ავღანეთში გამგზავრების წინ. საქმე ის არის, რომ ავღანეთში ადგილობრივი არტილერისტები ქართველმა და ფრანგმა არტილერისტებმა ერთად უნდა მოამზადონ. ავღანელების ძირითადი საარტილერიო იარაღი Д-30 ტიპის ჰაუბიცაა, რომელმაც ყველაზე მეტი ჭურვი ისროლა ქართულ მიწაზე. ამ ჰაუბიცას იყენებდნენ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში: 1992 წელს ცხინვალის რეგიონში ბრძოლებში, 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში, 1998 წლის გალის მოვლენებში, 2004 და 2008 წლის ცხინვალის ომებში.

1992 წლის 22 ივნისს სწორედ ქართული Д-30-ის საარტილერიო გათვლამ უზრუნველყო სოფელ ვანათიდან მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს გამოსვლა, რომელსაც სოფელ დმენისიდან შეტევაზე გადმოსული ოსი სეპარატისტები ემუქრებოდნენ. სტატიის ავტორი იმ მოვლენების მონაწილე იყო, ასე რომ, ქართველი არტილერისტების თავგანწირვის მოწმეც გახდა.

2008 წლის ომის დროს მე-4 ქვეითი ბრიგადის არტილერისტები ერეკლე ყულოშვილის მეთაურობით სწორედ Д-30-ებით უშენდნენ ჭურვებს მოწინააღმდეგეს. სამწუხაროდ, ეს საარტილერიო დანაყოფი კონტრსაარტილერიომ კი არა (რაც მოსალოდნელი იქნებოდა ბუქსირებადი არტილერიისთვის), არამედ მტრის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა გაანადგურა, რაც ჯარების მართვაში დაშვებულ საბედისწერო შეცდომებზე მეტყველებს.

მიუხედავად ფიზიკური და მორალური დაძველებისა, სიმტკიცითა და გამძლეობით Д-30 ტიპის ჰაუბიცები ჯერ კიდევ ეფექტური საარტილერიო საშუალებაა შეიარაღებულ კონფლიქტებში, მათ შორის - ავღანეთში.

3, 2-ტონიანი ბუქსირებადი ჰაუბიცა Д-30 21,8-კილოგრამიან მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს მაქსიმალურ 15,3 კმ-ზე ისვრის; სროლის მინიმალური მანძილი 4 კმ-ს უტოლდება. კარგად მომზადებულ გათვლას წუთში 7 გასროლა შეუძლია. გათვლაში 6 არტილერისტია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების არსენალში (უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით) 94 ცალი Д-30 ტიპის ჰაუბიცა იყო, ძირითადად, ქვეითი ბრიგადების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში. მე-4 ქვეითთა ბრიგადამ ომში, სავარაუდოდ,  თავისი Д-30-ების დიდი ნაწილი დაკარგა. მათი ფოტოსურათები იმ ნაალაფარში აღმოჩნდა, რომელიც მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელთ.

სამი წლის წინ აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში 80 ცალი ჰაუბიცა Д-30, ხოლო სომხეთის შეიარაღებულ ძალებში კი 69 ცალი იყო. გარდა ამისა, სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაში, 56 ცალი Д-30 ინახებოდა.