მეათე... - კვირის პალიტრა

მეათე...

მე-3 ქვეითი ბრიგადის მებრძოლი, უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე, სამწუხაროდ, მეათე ქართველი სამხედროა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ავღანეთში დავკარგეთ.

2002 წლიდან ქართულ არმიაში მყოფმა რეზო ბერიძემ ერაყში სამსახურიც მოასწრო, მაგრამ ავღანეთიდან ვეღარ დაბრუნდა ("კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს).

ერთი წლის განმავლობაში (პირველი ქართველი სამხედრო, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს დაიღუპა) 10 დაღუპული და რამდენიმე ათეული დაჭრილი (დაჭრილების ზუსტ რაოდენობას თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს) ქართველი სამხედრო ნამდვილად შემაშფოთებელი რიცხვია, რაც გამოწვეულია ძირითადი ქართული სამხედრო კონტინგენტის (დაახლოებით 750 კაცი) ჰილმენდის პროვინციაში განთავსებით, რომელიც არათუ ავღანეთში, არამედ მსოფლიოშიც ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება.

ამას სტატისტიკაც მოწმობს: ავღანეთში დაღუპული (2001 წლის შემოდგომიდან) სხვადასხვა ქვეყნის 2699 სამხედროსგან ყველაზე მეტი, 768 კაცი, სწორედ ჰილმენდის პროვინციაზე მოდის, მაშინ როდესაც ქაბულთან მხოლოდ 137 უცხოელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ყანდაარის პროვინციაში (არანაკლებ სახიფათო ზონაში) - 396.

მას შემდეგ, რაც ჰილმენდის პროვინციაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის გაგზავნა გადაწყდა, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ძალზე სახიფათო ზონაში ჩვენი სამხედროების გაგზავნა დიდი შეცდომაა, საქართველოს ხელისუფლებას (ქაბულთან მდგარი გაძლიერებული ქართული ასეულის გარდა, ნუთუ ასე საჭირო იყო ავღანეთში უფრო მსხვილი დანაყოფის გაგზავნა, რაც, ვფიქრობთ, ასევე მცდარი გადაწყვეტილებაა) შეეძლო შედარებით მშვიდი პროვინცია აერჩია.

ავღანეთში ISAF-ის ეგიდით მოქმედი კოალიციური ძალების დანაკარგიდან (2699 კაცი) ლომის წილი ამერიკელებზე (1755) და ბრიტანელებზე (380) მოდის; კანადამ 157 ჯარისკაცი დაკარგა, საფრანგეთმა - 73, გერმანიამ - 53, დანიამ - 41, იტალიამ - 39, ესპანეთმა - 33, ავსტრალიამ - 29, პოლონეთმა - 29, ნიდერლანდებმა - 25, ნორვეგიამ - 10, საქართველომ კი 10.

კიდევ ერთი ბატალიონის ავღანეთში გაგზავნა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი მომავალი წლიდან, ბუნებრივია, გაზრდის დაჭრილთა და დაღუპულთა მატების ალბათობას.

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდა სულაც არ არის პირდაპირპროპორციული საქართველოს NATO-ში გაწევრების შანსის ზრდასთან, როგორც სურთ მოსახლეობა დაარწმუნონ, რადგან ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სრულუფლებიან წევრად შესვლა სინამდვილეში დამოკიდებულია დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკურ გარიგებებზე.