სამი შემოჭრილი შვეულმფრენი - დასაზვერად თუ დესანტის გადმოსასხმელად? - კვირის პალიტრა

სამი შემოჭრილი შვეულმფრენი - დასაზვერად თუ დესანტის გადმოსასხმელად?

ოფიციალურ თბილისს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აღარ განუცხადებია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე უცხო ქვეყნების საფრენმა აპარატებმა დაარღვიეს, არადა, ჩვენს საჰაერო სივრცეს თითქმის ყოველდღე, თანაც რამდენჯერმე არღვევენ, - რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს თბილისთან შეუთანხმებლად კვეთენ ის რუსული თვითმფრინავები და შვეულმფრენები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე დაფრინავენ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, 7 სექტემბერს 01:05 სთ-ზე ტანეს ხეობაში, სოფელ შატილის მახლობლად, სამი რუსული Ми -8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი საქართველოს საჰაერო სივრცეში 3 კმ სიღრმეში შემოიჭრა და 15 წუთის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე დაფრინავდნენ.

თუკი ვენდობით ქართველი დიპლომატების ინფორმაციას, გამოდის, ლაპარაკი საფრენი აპარატების ეკიპაჟების ნავიგაციურ შეცდომაზე არც ღირს, რადგან 15 წუთის განმავლობაში, მიუხედავად ღამის სიბნელისა, აუცილებლად შეამჩნევდნენ სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოს თავზე მოფრიალე საქართველოს დროშას.

საქმე ის არის, რომ ღამით და ისიც ხეობებში არც ერთი შვეულმფრენი არ დაფრინავს ღამის ხედვის მოწყობილობის გარეშე. მათზე ასევე დამონტაჟებულია GPS-ის სანავიგაციო სისტემა, რომელიც ადგილის განსაზღვრისას შეიძლLება მხოლოდ რამდენიმემეტრიან ცდომილებას იძლეოდეს, მაგრამ არა სამკილომეტრიანს.

ეტყობა, დაუპატიჟებელი სტუმრების შეულმფრენების ტიპი მესაზღვრეებმა გაარჩიეს (მათ ანალოგიური ტიპის ქართული შვეულმფრენები ამარაგებენ და წესით, უნდა ცნობდნენ Ми-8 ტიპის შვეულმფრენებს) და თუკი ისინი სწორად დათვალეს - სამი ერთეული, მაშინ ეს დაფიქრების საფუძველს იძლევა.

სამი შვეულმფრენით სადაზვერვო ფრენა გაუმართლებელია, რადგან იოლად შეიძლება მათი შემჩნევა. ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შვეულმფრენთა ეს ჯგუფი სადაზვერვოს ნაცვლად სადესანტო ოპერაციის ჩატარებას აპირებდა და ბორტზე თითოეულს 15-20 კარგად შეიარაღებული სპეცრაზმელიც ჰყავდათ.

შეიძლება სპეცოპერაციას ატარებდნენ შეიარაღებული ჯგუფის აღმოსაჩენად, რომელმაც ჩრდილო კავკასიაში რუს ფედერალებს დივერსია მოუწყო და მათ ედგნენ კვალში.

არსებობს სხვა, უფრო საშიში ვერსიაც - რუსეთის სპეცსამსახურები მართლაც ემზადებიან პანკისის ხეობაში ან საზღვრისპირა სხვა ქართულ რაიონში ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად და სამი შვეულმფრენით შემოფრენა ქართულ საჰაერო სივრცეში სავარჯიშო დავალება იყო.

ასეა თუ ისე, თავად ფაქტი არასასიამოვნოა და მოგვაგონებს 2008 წლის ივლისის დასაწყისში რუსული ბომბდამშენების საჩვენებელ-დამაშინებელ ფრენას ცხინვალის თავზე, თუმცა მაშინ მოსკოვმა აღიარა, რომ თვითმფრინავები მართლაც რუსეთისა იყო.

ამჯერად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კატეგორიულად უარყო 7 სექტემბრის ინციდენტში თავისი შვეულმფრენების მონაწილეობა, თუმცა ასეთივე შვეულმფრენები რუსეთის ФСБ-ს მესაზღვრეებსაც ჰყავთ და შინაგან ჯარებსაც.

საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის დამადასტურებელი უტყუარი საბუთი ჩამოგდებული რუსული შვეულმფრენის დეტალები იქნებოდა, მაგრამ ქართულმა მხარემ ამისგან თავი შეიკავა.

თუკი 7 სექტემბრის ინციდენტი მართლაც შეცდომა არ ყოფილა, ალბათ, იმავეს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.