ცხრაწლიანი პატიმრობა ქართველ პოლკოვნიკს იმისთვის, რასაც ყოველდღე აკეთებენ ჩვენი არტილერისტები ავღანეთში - კვირის პალიტრა

ცხრაწლიანი პატიმრობა ქართველ პოლკოვნიკს იმისთვის, რასაც ყოველდღე აკეთებენ ჩვენი არტილერისტები ავღანეთში

ავღანეთში ქართულ სამხედრო კონტინგენტს, რომელიც ძირითადად ქვეითებისგან შედგება, მაისში არტილერისტებიც მიემატნენ. ისინი, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნებს, მათ შორის 120 მმ-იანსაც, ისვრიან და ყოველი გასროლის გამო შეიძლება ისევე აგონ პასუხი, როგორც პოლკოვნიკმა მამუკა ფერეშიშვილმა, რადგან ნაღმსატყორცნს ორმაგი დატენისგან დამცავი მექანიზმის გარეშე ისვრიან.

2011 წლის 11 იანვარს ტრაგედია დატრიალდა კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც ავღანეთში წასასვლელად ემზადებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის 33-ე ქვეითი ბატალიონის არტილერისტები და პოლიგონზე 60, 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებით საბრძოლო ნაღმებს ისროდნენ. უეცრად ერთ-ერთი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ლულის შიგნით აფეთქება მოხდა, რამაც გაგლიჯა ლულა და ნამსხვრევებმა 3 სამხედრო მოსამსახურე იმსხვერპლა, ხოლო 12-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

"კვირის პალიტრამ" მაშინვე ივარაუდა, რომ აფეთქების მიზეზი ნაღმსატყორცნის ლულაში მეორე ნაღმის ჩაშვება იქნებოდა, როდესაც პირველი ჯერ კიდევ არ იყო ნასროლი. მოგვიანებით გამოძიებამ სწორედ ეს ვერსია დაადასტურა.

ტრაგედიიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ დააკავა 3 სამხედრო მოსამსახურე: პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელაძე, უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია და პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 403-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, კერძოდ, ეს არის "გარშემომყოფთათვის მომეტებული საშიშროების შემცველ იარაღთან მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის დაღუპვა და რამდენიმესთვის ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება".

ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" სასწავლო სფეროს საარტილერიო ქვედანაყოფების შეფასებისა და მომზადების კურსის უფროსი პოლკოვნიკი ტრისტან ტყეშელაძე  11 იანვრის სწავლებაზე სროლებს (ყველა ტიპის ნაღმსატყორცნით) ხელმძღვანელობდა. როცა ტრაგედია დატრიალდა, პოლკოვნიკი მოშორებით მდგარ შენობაში ინგლისური ენის შემსწავლელ გაკვეთილს ესწრებოდა.

ინგლისურის გაკვეთილზე მასთან ერთად იყო პოლკოვნიკი მამუკა ფარეშიშვილიც, სასწავლო ცენტრ "კრწანისში" სროლასა და ცეცხლის მართვის შეფასებისა და მომზადების განყოფილების უფროსი მასწავლებელი, რომელიც შვებულებიდან წინადღეს, 10 იანვარს დაბრუნდა და არც იმ დღეს და არც 11 იანვარს სწავლებებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მისგან დამოუკიდებლად, 6 იანვრის ბრძანებით, იგი 11 იანვრის სწავლების ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაუნიშნავთ, რის შესახებაც მან არ იცოდა(?!).

სწავლების ადგილზე იყო უფროსი ლეიტენანტი მალხაზ ქობალია, 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ოცეულის მეთაური, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების სროლას და მისი ბრძანება რომ შესრულებულიყო, ტრაგედია არ მოხდებოდა.

მალხაზ ქობალია ჩვენებაში აცხადებს: "გავეცი ბრძანება "ორი ნაღმი, გამალებული ცეცხლი", რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაღმის გასროლის შემდეგ ბრძანების გარეშე უნდა გაესროლათ მეორეც. შევამჩნიე, რომ მეორე და მესამე ნაღმსატყორცნებმა პირველი ნაღმები გაისროლეს, ხოლო პირველი გათვლის ნაღმსატყორცნს არ გაუსვრია - ლულიდან არც ცეცხლი ამოვარდნილა და არც კვამლი. ამ დროს დავინახე, რომ პირველი გათვლის წევრს - მიმტანს ნაღმი მიჰქონდა დასატენად და მაშინვე სამ-ოთხჯერ დავუყვირე, არ დაეტენათ, სროლა შეეჩერებინათ, ვინაიდან პირველი ნაღმი არ იყო გასროლილი. ჩემს ყვირილზე მემიზნემ თქვა, პირველი ნაღმი გავისროლეო, არ დაემორჩილა ჩემს მითითებას და მეორე ნაღმი ჩააგდო ლულაში, რასაც აფეთქება მოჰყვა".

მალხაზ ქობალიას ჩვენება, რომ ჯარისკაცს უყვიროდა, არ ჩააგდოთ მეორე ნაღმიო, რამდენიმე მოწმემაც დაადასტურა.

უფრო მეტიც, როგორც დაადგინეს, ტრაგედია ჯერ კიდევ წინადღეს, 10 იავნარს შეიძლებოდა დატრიალებულიყო, როდესაც იმავე გათვლის წევრები მეორე ნაღმის ჩაგდებას აპირებდნენ ნაღმსატყორცნის ლულაში, რომელშიც ჯერ კიდევ იყო ნაღმი, მაგრამ მაშინ უფროს ლეიტენანტ ქობალიას ბრძანებას დაუჯერეს და გაუსროლელი ნაღმი ფრთხილად ამოიღეს ნაღმსატყორცნის ლულიდან.

ნაღმსატყორცნის ორმაგი დატენა და ამით გამოწვეული ტრაგედიები მას შემდეგ სისტემატურად ხდება, რაც ნაღმსატყორცნი გამოიგონეს. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ამგვარი ტრაგედიების გახშირების გამო საბჭოთა არმიამ 82 და 120 მმ-იან ნაღმსატყორცნებზე ორმაგი დატენისგან დაცვის მექანიზმის დაყენება დაიწყო.

ასეთივე ორმაგი დატენისგან დაცვის მექანიზმები ჰქონდა იმ ექვს 120 მმ-იან ნაღმსატყორცნს, რომლებიც 33-ე ბატალიონის არტილერისტებმა კრწანისის სასწავლო ცენტრში ჩაიტანეს, მაგრამ 11 იანვარს ექვსივე მათგანზე ეს მექანიზმები მოხსნილი აღმოჩნდა(?!).

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2010 წლის 29 ოქტომბერს პოლკოვნიკმა მამუკა ფარეშიშვილმა შეამოწმა ნაღმსატყორცნების ტექნიკური მდგომარეობა და აღმოაჩინა, რომ ექვსივეზე ორმაგი დანეტისგან დამცავი მექანიზმები მწყობრიდან იყო გამოსული და მათი დემონტაჟის გარეშე სროლა შეუძლებელი იქნებოდა.

არტილერისტები ასეც მოიქცნენ და 2010 წლის ბოლომდე უშუალოდ პოლკოვნიკ ფარეშიშვილის ხელმძღვანელობით უპრობლემოდ და ინციდენტების გარეშე ისროდნენ ნაღმებს.

სასამართლომ პოლკოვნიკ ფარეშიშვილს სწორედ ამ ორმაგი დატენისგან დამცავი მექანიზმების მოხსნის გამო დასდო ბრალი, თუმცა ბრძანება იმის შესახებ, რომ ნაღმსატყორცნების სროლა დამცავი მექანიზმების გარეშე კატეგორიულად აკრძალულია, არ არსებობს. მოქმედებს მხოლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2005 წლის 23 ივლისის #225-ე ბრძანება, რომლის მე-5 თავში ნათქვამია: "ნაღმსატყორცნით ცეცხლის წარმოებისას აუცილებელია ორმაგი დატენისგან დამცველი ნიჩბის მდგომარეობის მუდმივი თვალთვალი" და იქვე არ არის კონკრეტულად მითითებული, დამცველი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში იკრძალება თუ არა ნაღმსატყორცნის გამოყენება.

KvirisPalitra.Geუფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის (მათ შორის - ისრაელისა და აშშ-ის) ნაღმსატყორცნები ორმაგი დატენისგან დამცავი მოწყობილობით არ არის აღჭურვილი. თავად საბჭოთა წარმოების 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების ზოგიერთ მოდიფიკაციას საერთოდ არც მოჰყვება ასეთი მოწყობილობა.

იცით, გასაკვირი რა არის? ავღანეთში ქართველი არტილერისტები ბოსნიურ 120 მმ-იან ნაღმსატყორცნს ისვრიან, რომელზეც სულ არ არის განსაზღვრული ორმაგი დატენისგან დაცვის მექანიზმის დაყენება! გამოდის, ჩვენი არტილერისტები ავღანეთში ყოველდღიურად არღვევენ გენშტაბის უფროსის 2005 წლის ბრძანებას, რაც გახდა კიდეც საფუძველი პოლკოვნიკ მამუკა ფარეშიშვილის გასასამართლებლად. ლოგიკურად რომ ვიფიქროთ, პოლკოვნიკმა ფარეშიშვილმა ორმაგი დატენისგან დამცავი მექანიზმების მოხსნით ქართველი არტილერისტების მომზადება რეალურად დაუახლოვა იმ პირობებს, რაც მათ ავღანეთში ჩასვლისას დახვდათ, - 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები ორმაგი დატენისგან დამცავი მექანიზმების გარეშე.

პოლკოვნიკმა ტყეშელაძემ და უფროსმა ლეიტენანტმა ქობალიამ აღიარეს დანაშაული, გარიგებაზე წავიდნენ სასამართლოსთან, რის შემდეგაც მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ტყეშელაძე 1,6 წელს ციხეში მოიხდის, ხოლო დანარჩენი ვადა პირობითად ჩაეთვლება, ქობალიას კი მხოლოდ ერთი წლის გატარება მოუწევს საპატიმროში, 5 წელი კი პირობითად მოიხდის სასჯელს.

მათგან განსხვავებით პოლკოვნიკმა მამუკა ფარეშიშვილმა არ ცნო თავი დამნაშავედ და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არ ხელმძღვანელობდა და არც ყოფილა 11 იანვარს ტრაგედიის ადგილზე, სასამართლომ 6,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლკოვნიკ ფარეშიშვილს გაუხსენეს 2007 წლის საქმეც, როდესაც მან, როგორც გორში დისლოცირებული საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, არ გადასცა საქმე სამხედრო პოლიციის იმ ათ, კონტრაქტით მომსახურე არტილერისტზე, რომლებმაც ათ დღეზეც მეტხანს თვითნებურად მიატოვეს სამხედრო ნაწილი. ამ საქმეზე პოლკოვნიკ ფარეშიშვილს ჯერ 5 წელი დაუმატეს, რომელიც შემდგომ ორჯერ შეუმცირეს და საბოლოოდ სასჯელების შეკრებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და რატომღაც ჯარიმად 2 ათასი ლარის გადახდაც დააკისრეს.

სასამართლო სხდომებზე 20 წლის სამხედრო სტაჟის მქონე პოლკოვნიკმა მამუკა ფარეშიშვილმა განაცხადა: - 2007 წელს იმ დაძაბულ ვითარებაში 10 არტილერისტის ჯარიდან გაყრით 10 ქვემეხი ბრძოლისუუნარო გახდებოდა, რაც საარტილერიო ბრიგადის ბრძოლისუნარიანობას დააქვეითებდა, ხოლო 2010 წლის ოქტომბერში ნაღმსატყორცნებისთვის ორმაგი დატენისგან დამცავი გაფუჭებული მექანიზმები რომ არ მოგვეხსნა და სროლა შეგვეწყვიტა, ჩაიშლებოდა ავღანეთისთვის ქართველი არტილერისტების მომზადება.

P.S. სანამ ქართველი არტილერისტები ავღანეთში არიან და ორმაგი დატენისგან დამცავი მექანიზმების გარეშე ბოსნიურ ნაღმსატყორცნებს ისვრიან, იმედია, ახსოვთ პოლკოვნიკ ფარეშიშვილის მიერ თავის დროზე ამ მექანიზმების გარეშე ჩატარებული 2010 წლის ნოემბერ-დეკემბრის სწავლებები და არ გაიმეორებენ იმ ტრაგიკულ შეცდომას, რაც მათმა თანამებრძოლებმა სამშობლოში 2011 წლის 11 იანვარს დაუშვეს.