გადაწყდა: რადარი - თურქეთში, ანტირაკეტები - რუმინეთში - კვირის პალიტრა

გადაწყდა: რადარი - თურქეთში, ანტირაკეტები - რუმინეთში

ამერიკელ სენატორებს შეუძლიათ დაისვენონ -  პრეზიდენტ ბარაქ ობამასადმი გაგზავნილი მათი მოთხოვნა, რომ ანტისარაკეტო სისტემების მძლავრი რადარი თურქეთის ნაცვლად საქართველოში განთავსებულიყო, თეთრმა სახლმა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გაითვალისწინა და ანკარასთან ხელი მოაწერა ამერიკული ანტისარაკეტო რადარის თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ. მალატიასთან განთავსებას.

ამ ადგილიდან ირანის საზღვრამდე, ისევე, როგორც საქართველოს საზღვრამდე, 500კმ-ია; ამ რადარმა თურქეთიდან უნდა აკონტროლოს ირანის საჰაერო სივრცის დასავლეთი მიმართულება და სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენისთანავე მათი კოორდინატები  Aegis-ის სისტემით აღჭურვილ სამხედრო ხომალდებს გადასცეს, რომლებიც, თავის მხრივ, SM-3 ტიპის რაკეტებით შეეცდებიან ირანული ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრას.

ასეთი ხომალდები იდრეიფებენ როგორც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ისე შავ ზღვაშიც, რუმინეთის ნაპირებთან.

თურქებთან შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში თეთრმა სახლმა რუმინეთთანაც დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ამ ქვეყნის სამხრეთში ქ. დევესელესთან განთავსდება SM-3 ტიპის ანტირაკეტების მობილური სახმელეთო ბატარეები, თუმცა ამ ანტირაკეტების სახმელეთო ვარიანტი ჯერ გამოცდას გადის და სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში იდრეიფებენ ასეთივე ანტირაკეტებით აღჭურვილი ამერიკული სამხედრო ხომალდები.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები კვლავ ამშვიდებენ კრემლს და ამტკიცებენ, რომ  NATO-ს ევროპული ანტისარაკეტო სისტემა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხეს ვერ შეუქმნის.

ეს, ერთი შეხედვით, ასეცაა, რადგან თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაყენებული ამერიკული რადარი რუსეთის საჰაერო სივრცეს ვერ გააკონტროლებს, თუმცა მას, სავარაუდოდ, შეეძლება გააკონტროლოს სომხეთის საჰაერო სივრცე, სადაც რუსული სამხედრო ბაზა და 18 რუსული ავიაგამანადგურებელია განთავსებული.

შავ ზღვაში ანტირაკეტებით აღჭურვილი ამერიკული კრეისერებისა (ისეთების, რომლებიც ამას წინათ ბათუმს სტუმრობდნენ) და საესკადრო ნაღმოსნების მონაცვლეობით გამოჩენა (არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში მუდმივად ცურვა, 1936 წლის მონტრეს ხელშეკრულების თანახმად, ეკრძალებათ) საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვის საქმეში არცთუ უმნიშვნელო მოვლენა უნდა გახდეს.

არავინ ფიქრობს, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდები ქართულ პორტებს დარაჯად დაუდგებიან  და საზენიტო რაკეტებით ქართულ ცაში შემოჭრილ რუსულ ბომბდამშენებს ჩამოყრიან, მაგრამ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნა, იმედია, უფრო თავშეკავებულს გახდის ჩვენს აგრესიულ ჩრდილოელ მეზობელს...