ვისი უპილოტო ჩამოაგდეს ყარაბაღში? - კვირის პალიტრა

ვისი უპილოტო ჩამოაგდეს ყარაბაღში?

ისრაელის წარმოების უპილოტო Aerostar-ი ბაქოში აღლუმზე ჩაატარეს

12 სექტემბერს, დილის 7.30 სთ-ზე თვითაღიარებული ყარაბაღის საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა მწყობრიდან გამოიყვანეს უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა და დაიმსხვრა.

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის, რომელსაც ბაქო სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიად თვლის, წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი აზერბაიჯანის კუთვნილება იყო და სექტემბრის დასაწყისიდან ასეთი საფრენი აპარატები ხშირად დაფრინავენ მათ სიახლოვეს.

ოფიციალურმა ბაქომ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია: "ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ უპილოტო თვითმფრინავს საერთო არაფერი  აქვს აზერბაიჯანთან," - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ხომ არ გეცნობათ სიტუაცია? სამი წლის წინ, 2008 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსმა სამხედროებმა  სეპარატისტული აფხაზეთის თავზე ებრაული წარმოების ქართული "ჰერმესი" ჩამოაგდეს, ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ იგი მას არ ეკუთვნოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორი "ჰერმესი" კიდევ ჩამოგვიგდეს, ქართულმა მხარემ აღიარა, რომ მის მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ცაში სადაზვერვო ფრენებს სწორედ უპილოტო "ჰერმესები" ახორციელებდნენ და ერთ-ერთი მათგანი რუსულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდო, რისი ამსახველი ვიდეოკადრები ("ჰერმესის" ვიდეოკამერით გადაღებული ბოლო წამები) მთელ მსოფლიოში გაავრცელა.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ისრაელში 40-მდე უპილოტო საფრენი აპარატი იყიდეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი მოდელები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს არც სჭირდება იმის დამტკიცება, რომ მისმა არმიამაც შეიძინა ქართული უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატები, რადგან ისინი საქვეყნოდ წარმოადგინეს ბაქოს ცენტრში 2011 წლის 26 ივნისს გამართულ  გრანდიოზულ აღლუმზე.

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ისრაელის წარმოების დამტვრეული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის -  Aerostar-ის დეტალები. ბაქოში გამართულ აღლუმზე სწორედ ასეთი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაატარეს.

თუ ვირწმუნებთ თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის წამომადგენლების განცხადებას, რომ უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა ერთიანი ძალით ჩამოაგდეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის საზენიტო რაკეტამ ან საზენიტო ქვემეხების ცეცხლმა კი არ ჩამოაგდო, არამედ რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემამ მწყობრიდან გამოიყვანა უპილოტოს დისტანციური მართვის მოწყობილობა და იგი უბრალოდ, ჩამოვარდა.

მომხდარის გამო უნებურად ვავლებთ პარალელს - 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს წინ უძღოდა ქართული უპილოტო "ჰერმესების" ხშირი სადაზვერვო ფრენები სეპარატისტული აფხაზეთის თავზე (თუმცა, საბრძოლო მოქმედებები სულ სხვა კონფლიქტურ რეგიონში დაიწყო), რომელთა დროსაც თბილისი ცდილობდა, აფხაზეთში დამატებით მალულად შეყვანილი რუსული სამხედრო დანაყოფები და საბრძოლო ტექნიკა აღმოეჩინა.

თუკი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩამოვარდნილი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი მართლაც აზერბაიჯანს ეკუთვნის, გამოდის, რომ გადამწყვეტი ნაბიჯის წინ ოფიციალური ბაქო კიდევ ერთხელ აზუსტებს ინფორმაციას მოწინააღმდეგის თავდაცვის ზღუდეების შესახებ...