ქართული სამხედრო ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა დასავლეთშიც აღიარეს - კვირის პალიტრა

ქართული სამხედრო ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა დასავლეთშიც აღიარეს

88 ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტებს შორის ყველაზე გაუმჭვირვალედ საქართველოს, ავღანეთის, ნიკარაგუის, აზერბაიჯანისა და მექსიკის ბიუჯეტებიც მიიჩნიეს...

"საერთაშორისო გამჭვირვალობა ინგლისის" ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო ბოლოდან მეორე კატეგორიაში მოხვდა და უკუსვლის პროცესი აშკარაა.

ამ ორგანიზაციამ შეისწავლა 88 ქვეყნის თავდაცვის უწყების ბიუჯეტებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია; საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული იყო ღია ბიუჯეტის ინდექსი, საზოგადოებრივი დანახარჯისა და ფინანსური ანგარიშვალდებულებების მონაცემთა ბაზა, გაეროს ინსტრუმენტი სამხედრო დანახარჯთა საერთაშორისო სტანდარტული ანგარიშებისთვის, თავდაცვის სამინისტროების ბიუჯეტის ხელმისაწვდომი ვერსიები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პუბლიკაციები, აკადემიური სტატიები. მიღებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, ისევე, როგორც ნიკარაგუის, ავღანეთის, მექსიკის და აზერბაიჯანის, საშუალოდან დაბალ კატეგორიაში გადავიდა.

ისე, დასავლელ მკვლევართა დასკვნის გარეშეც, საქართველოში მცხოვრებ და დაინტერესებულ პირებს დიდი ხანია, კარგად მოეხსენებათ, რომ ქართული ძალოვანი სტრუქტურების და პირველ რიგში - თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უძირო ჭას წააგავს, რომლის ამოვსება და მით უმეტეს, გაკონტროლება თითქმის შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, სამხედრო ბიუჯეტში, ისევე, როგორც სპეცსამსახურების დაფინანსებაში, არის დაფარული მუხლები, მაგრამ ამის მიუხედავად, შეიძლება ბიუჯეტი გამჭვირვალე იყოს, თუმცა რაღაა გასაკვირი, როცა სამხედრო უწყება მაღალჩინოსნების ხელფასებისა და პრემიების რაოდენობასაც კი ასაიდუმლოებს...

P.S. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მთავრობაში ახალი საკადრო "კარუსელი" იგეგმება და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გადაჰყავთ. ამ დღეებში ორი წელი გახდა, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამდენი ხანი თავდაცვის მინისტრის სავარძელში მხოლოდ დავით კეზერაშვილი თუ იჯდა, რომელიც სამხედრო უწყებას 2006 წლის 11 ნოემბრიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ოქრუაშვილს ერთი თვე დააკლდა ორწლიან თავდაცვის მინისტრობამდე - იგი ამ პოსტზე 2004 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაინიშნა, 2006 წლის ნოემბერში კი გადააყენეს.