თურქეთი-ისრაელი: რა მოჰყვება მათ დაპირისპირებას? - კვირის პალიტრა

თურქეთი-ისრაელი: რა მოჰყვება მათ დაპირისპირებას?

გუშინდელი სტრატეგიული პარტნიორები ხვალ, შესაძლოა, მოწინააღმდეგეები გახდნენ?!

საინფორმაციო საშუალებებში ერთმა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაციამ გაიელვა - თურქმა სპეციალისტებმა საკუთარ F-16 ტიპის გამანადგურებლებზე ამოცნობის სისტემა შეცვალეს, რათა ისინი ისრაელის ანალოგიური თვითმფრინავებისაგან განასხვაონო...

ორიოდე წლის წინ თურქეთი და ისრაელი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ. ებრაელი ინჟინრები თურქული ტანკებისა და თვითმფრინავების მოდერნიზაციას ახდენდნენ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტები კი თურქეთის საჰაერო სივრცეში ემზადებოდნენ.

უღრუბლო ცაზე მეხი 2010 წლის 31 მაისს გავარდა, როცა "თავისუფლების ფლოტილიაში", რომელსაც გეზი ღაზის სექტორისკენ ჰქონდა აღებული, შემავალ თურქულ გემზე ისრაელის სპეცრაზმმა ჩხრეკის ოპერაცია დაიწყო, რასაც ცხრა თურქის სიცოცხლე შეეწირა, ხუთი ისრაელელი კი დაიჭრა.

მას შემდეგ ანკარა ისრაელისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, მაგრამ ამაოდ. ამის გამო ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

სიმართლე რომ ითქვას, ზემოთ ხსენებული უღრუბლო ცა ზღვაში მომხდარ ინციდენტამდეც აღარ იყო უღრუბლო, რადგან საერთაშორისო პოლიტოლოგების აზრით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოღანი დიდი ხანია, ისლამურ სამყაროს თანაუგრძნობს და სურს, თურქეთი მის ცენტრად აქციოს.

თურქული გენერალიტეტი ყოველთვის წინააღმდეგი იყო ქვეყნის ისლამიზაციისა და ამის თავიდან ასაცილებლად  გასულ საუკუნეში რამდენიმე სამხედრო გადატრიალებაც მოახდინა.

გენერალიტეტსა და პრემიერ-მინისტრ ერდოღანს შორის რომ დაპირისპირებაა, აღარც ეს არის დაფარული. შეიძლება სწორედ მორიგი სამხედრო გადატრიალების შიშით, პრემიერ-მინისტრმა ხელი შეუწყო ცნობილი თურქი გენერლების დაპატიმრებას. თურქეთის გენერალიტეტის აშკარა პროტესტი ჯერჯერობით იმით  გამოიხატა, რომ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანმა (მათ შორის, გენშტაბის უფროსმა) დემონსტრაციულად დატოვა პოსტი, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, პრემიერ-მინისტრ ერდოღანით უკმაყოფილო გენერლებმა სულ მალე თქვან თავიანთი სიტყვა.

თურქეთი საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებების წინაშე დგას - ერთი მხრივ, დაძაბული ურთიერთობა ისრაელთან; ასევე: ტრადიციული შეტაკებები ქურთებთან, რის გამოც თურქული სპეცდანიშნულების დანაყოფები ქურთებს უკვე მეზობელი ერაყის ტერიტორიაზე ებრძვიან; ამერიკული რადარის დაყენების გამო ირანთან მეზობლური ურთიერთობის გართულების საფრთხე; ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული დაძაბულობა კვიპროსსა და საბერძნეთთან, რომელთანაც ანკარა "ცივი ომის" მდგომარეობაშია; ტერორისტული აქტების სერია თურქული ქალაქების ქუჩებში; გერმანიის უარი ევროკავშირში თურქეთის გაწევრებაზე...

თურქეთი საქართველოს მეზობელია და ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს, საით წავა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი - რადიკალური ისლამური სახელმწიფოსკენ თუ დასავლეთისკენ.

გარდა ამისა, რჩება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - თავის პრობლემებში ჩაძირული ანკარა (რომელმაც შავ ზღვაში, რუსეთის გასახარად, შეამცირა თავისი საზღვაო არმადა და ის ხმელთაშუა ზღვაში ისრაელის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს გადაისროლა) შეძლებს თუ არა ბაქოსთვის თუნდაც პოლიტიკური მხარდაჭერის აღმოჩენას, თუკი მართლაც განახლდება სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, რომელშიც მოსკოვი, ცხადია, ერევნის გვერდით დადგება...