სომხეთმა თავი ნახევარსაუკუნოვანი "სკადებით" მოიწონა... - კვირის პალიტრა

სომხეთმა თავი ნახევარსაუკუნოვანი "სკადებით" მოიწონა...

ჩვენი მეზობლები - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის დაშინებას განაგრძობენ. ა.წ. 26 ივნისს ბაქოში, გრანდიოზულ აღლუმზე, აზერბაიჯანის არმიამ ბოლო დროს შეძენილი საზენიტო "ტრიუმფები" და სარაკეტო "ტოჩკები" ჩაატარა, 21 სექტემბერს კი ერევანში გამართული აღლუმით უკვე სომხეთმა სცადა თავისი სამხედრო ძლიერების ჩვენება.

ერევნის ცენტრში შეიარაღებული პიკაპების გამოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მანამდე აზერბაიჯანმა და უფრო ადრე - ქართველმა სამხედროებმაც გამოიყვანეს აღლუმებზე ასეთი იმპროვიზებული საბრძოლო ტექნიკა.

ჩინური წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - "ტაიფუნები", რომლებიც უმართავ რაკეტებს 80კმ-ზე უშვებს, წინა აღლუმებშიც მონაწილეობდა, ამიტომ ერევნის აღლუმზე მათი გამოჩენა არავის გაჰკვირვებია.

სომხური აღლუმის სიახლედ С-300ПМУ-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Точка-У-ები იქცა. С-300ПМУ-ს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს საჰაერო სივრცით გადასროლის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში ვწერდით, მაგრამ ინფორმაცია სომხეთის არმიის შეიარაღებაში Точка-У-ების არსებობის შესახებ აქამდე გასაიდუმლოებული იყო.

აღლუმზე ჩაატარეს უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებიც, რომლებიც, ოფიციალური პირების განცხადებით, სომხური წარმოებისაა, თუმცა რაღაცით ძალიან  წააგავს ისრაელში წარმოებულ ცნობილ უპილოტოებს.

აღლუმის ერთგვარ სენსაციად იქცა "სკადის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების გამოჩენა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთში დისლოცირებული 176-ე სარაკეტო ბრიგადის  9К52 ტიპის (რომელსაც დასავლეთში "სკადს" უწოდებენ) სარაკეტო კომპლექსების 12 თვითმავალი დანადგარი სომხეთის არმიას დარჩა.

"სკადის" ბალისტიკური რაკეტა მაქსიმალურ 300 კმ-ზე მიფრინავს, განსხვავებით Точка-У-სგან, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 120კმ-მდეა. ერევნის ცენტრში "სკადების" ჩატარებით სომხეთის ხელისუფლებამ ნათლად დაანახვა აზერბაიჯანს - ომის განახლების შემთხვევაში ისინი სომხეთის ტერიტორიიდანვე მისწვდებიან ბაქოს!

გასული საუკუნის 80-იან წლებში ირან-ერაყის ომის დროს ისინი ერთმანეთის ქალაქებს სწორედ "სკადებით" ბომბავდნენ, ამიტომ ასეთი რამ გამორიცხული არც ახლაა, თუმცა საეჭვოა, სომხური "სკადები" საბრძოლო მდგომარეობაში იყოს, რადგან მის თხევადსაწვავიან ძრავას ძალზე ტოქსიკური დამჟანგველი - "მელანჟი" სჭირდება, რომლის შენახვა საკმაოდ რთულია. შეიძლება ვცდებით, მაგრამ გვგონია, რომ ერევნის ცენტრში სომხური "სკადების" "გასეირნების" მიზანი მოწინააღმდეგეზე უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა იყო...

სომეხმა სამხედროებმა და ერევნის მერმა ყველა ქალაქის პრობლემა - აღლუმზე მუხლუხებიანი ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების ჩატარება და ამასთან,  ახალდაგებული ასფალტის გადარჩენა - ორიგინალური ხერხით მოაგვარეს: მათ მუხლუხებიანი საბრძოლო ტექნიკა მძიმეწონიანი ლაფეტებით ჩაატარეს.

და კიდევ ერთი - საბრძოლო ტექნიკის ჩვენებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი (პირველ რიგში აზერბაიჯანისთვის) ის გახლდათ, რომ აღლუმზე  სომეხ სამხედროებთან ერთად თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღისა და სომხეთში გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ჩაიარეს, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - შესაძლო მომავალ ომში სამივე ძალა ერთობლივად იმოქმედებს...