კრემლმა ოკუპაცია "დაგვიკანონა" - კვირის პალიტრა

კრემლმა ოკუპაცია "დაგვიკანონა"

იმ დღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ ნიუ-იორკში, გაეროს ტრიბუნიდან, სიტყვას წარმოთქვამდა, მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ნახევარი საუკუნით აფხაზეთში და მთელი საუკუნით - ცხინვალში რუსული ჩექმის დაკანონებას, იმედია, დასავლეთი არ აღიარებს, თუმცა კრემლში ნაკლებად აინტერესებთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების პოზიცია, რადგან რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში იმას აკეთებს, რაც მოესურვება.

ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ ვივარაუდეთ, რომ რუსეთის არმია  ოკუპირებულ რეგიონებში თანდათან უფრო მძლავრ და თანამედროვე შეიარაღებას შემოიტანდა, მათ შორის - "ისკანდერებსა" და Ми-28Н "ღამის მონადირეებს".

სახელმწიფო დუმაში ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული რატიფიკაციის პროცესი, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს პრეზიდიუმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს არ დაუმალა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზები მალე "ისკანდერებსა" და "ღამის მონადირეებს" მიიღებენ.

დღეს ოკუპირებულ რეგიონებში რუს სამხედროებს შედარებით მოძველებული Точка-У-ები და Ми-24-ები ჰყავთ, მათი "ისკანდერებითა" და Ми-28Н-ებით ჩანაცვლება კი ნიშნავს, რომ რუსულ Ми-28Н-ებს 200-250 კმ რადიუსში წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება ღამითაც შეეძლებათ, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Искандер-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები კი 4-ტონიან რაკეტას 500კმ-ის მანძილზე "მიაწვდენენ".

თავად განსაზღვრეთ, რა ხდება ოკუპირებული გალისა თუ ახალგორის რაიონებიდან 250-500 კმ-ის რადიუსში...