დაგვიანებული თხოვნა თუ ახალი რადარი საქართველოსთვის? - კვირის პალიტრა

დაგვიანებული თხოვნა თუ ახალი რადარი საქართველოსთვის?

ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიცემულ ვრცელ ინტერვიუს რუსეთის მასმედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩევიან პრეზიდენტ სააკაშვილისადმი კეთილგანწყობით, აღნიშნავენ, რომ ახლა, როცა ამერიკელებს საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის რადარის განთავსებას სთავაზობს, ის პრაქტიკულად იქცევა.  როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ამ ინტერვიუს აძლევდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ვაშინგტონი და ანკარა რადარის თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებაზე შეთანხმდნენ, ამიტომ საუბარი ამ რადარის საქართველოში გადმოტანაზე უკვე დაგვიანებულია, თუმცა ამერიკელი სენატორები რესპუბლიკური პარტიიდან ჯონ კაილი და მარკ კერე, მაინც მოუწოდებენ პენტაგონს, უარი თქვას რადარის თურქეთში განთავსებაზე და ის საქართველოში გადაიტანოს.

ამ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მიესალმება X-დიაპაზონის რადარის განთავსებას საკუთარ ტერიტორიაზე, რათა  მონაწილეობა მიიღოს ირანისგან ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ანტისარაკეტო თავდაცვის რეგიონულ სისტემაში და დაამატა: "ჩვენ მზად ვართ, ეს ინფორმაცია გავუზიაროთ ნებისმიერ ქვეყანას, ისრაელის ჩათვლით."

სწორედ ოფიციალური ანკარის კატეგორიული უარი - რადარიდან მოპოვებული ინფორმაცია ისრაელისთვის მიეწოდებინა, გახდა აშშ-სა და თურქეთს შორის პოლიტიკური დებატების საფუძველი. საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ როგორც ჩანს, ისრაელს თურქეთში დაყენებული რადარით გაკონტროლებული დასავლეთ ირანის  საჰაერო სივრცეზე ოპერატიული ინფორმაციის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ძნელი დასაჯერებელია, პენტაგონმა ბოლოს მაინც გადაიფიქროს და თურქეთში 2011 წლის ბოლომდე დასაყენებელი რადარი საქართველოში გადმოიტანოს, თუმცა გამორიცხული არ არის, ლაპარაკი იყოს ახალ რადარზე.

აქამდე პენტაგონმა ამ ტიპის რადარები განათავსა იაპონიასა და ისრაელში. თურქეთსა და ისრაელში დაყენებული რადარები დასავლეთ ირანის ცას მნიშვნელოვნად გააკონტროლებს, მაგრამ ასეთივე რადარის სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში ან აზერბაიჯანში) ამუშავება ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა, რადგან აქედან ის გააკონტროლებდა ირანის ჩრდილოეთ ნაწილს და უფრო ამომწურავ, ოპერატიულ ინფორმაციას მიაწვდიდა ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის მართვის ცენტრს.

თურქეთში დადგმული რადარის ხედვის სექტორი ირანისკენაა მიმართული და რუსეთს  არავითარ პრობლემას არ უქმნის, თუმცა მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება მაინც გააპროტესტა.

რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები არ მალავენ, რომ თუკი აშშ-მა მომავალში მართლაც გაითვალისწინა პრეზიდენტ სააკაშვილის თანხმობა საქართველოში ანტისარაკეტო რადარის განთავსების თაობაზე, მოსკოვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიარაღების ახალი სისტემების, მათ შორის -  "ისკანდერის" ტიპის სარაკეტო დანადგარების შეტანის მშვენიერი საბაბი გაუჩნდება...