დასავლეთის მუქარა და ირანის პასუხი - კვირის პალიტრა

დასავლეთის მუქარა და ირანის პასუხი

ირანის წინააღმდეგ დასავლეთის შესაძლო სამხედრო კამპანიის დაწყება საქართველოზეც აისახება...

ირანის თემა აქტუალობას არ კარგავს. მისი ხელახალი წამოწევა გაეროში საფრანგეთის წარმომადგენლის მკვეთრმა განცხადებამ გამოიწვია. ფრანგმა დიპლომატმა არ გამორიცხა, რომ თუკი ირანი თავის ბირთვულ პროგრამას არ შეაჩერებს, მის  წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების სერიოზული საფრთხე გაჩნდება.

ფრანგ დიპლომატს, რომელიც ფაქტობრივად, თავისი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის აზრს გამოხატავდა, არ დავიწყებია ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის აღნიშვნაც  - ირანზე თავდასხმა მთლიანად რეგიონისთვის მოიტანს კატასტროფულ შედეგებს...

იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე უმოკლესი პირდაპირი ხაზით მხოლოდ 160 კმ-ია, მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბი ადვილად გამოსაცნობია.

ლიბიაში კადაფის რეჟიმზე საჰაერო დარტყმები პირველად სწორედ საფრანგეთმა  განახორციელა, რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ პრეზიდენტ სარკოზის ევროპაში (და არა მარტო ევროპაში) თავისი ქვეყნის გავლენის გაზრდა სურს. სხვათა შორის, ალბათ, ამითვე აიხსნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მისი აქტიურობაც.

თუკი ოფიციალურ პარიზს მართლაც ასეთი მიზნები აქვს, მაშინ სულაც არ არის გამორიცხული ირანული კარტის გათამაშება.

ირანული ბალისტიკური რაკეტები უკვე აღწევენ ორი ათას კმ-ს და რამდენიმე წელიწადში თეირანის შეიარაღებაში გამოჩნდება 4-5 ათას კმ-ზე მფრენი "შაჰაბებიც", რომლებიც თავისუფლად მიაღწევენ ირანის ჩრდილოეთ საზღვრიდან 3600 კმ-ით დაშორებულ პარიზამდე.

მას შემდეგ, რაც ირანმა რუსეთის დახმარებით აამუშავა ბუშერის ატომური სადგური და გააათმაგა ცენტრიფუგების რიცხვი, მას აღარ გაუჭირდება გამდიდრებული, საიარაღო ურანის საჭირო მარაგის დაგროვება ბირთვული ქობინების დასამზადებლად.

დასავლეთს არ სურს ბირთვული თეირანის ნახვა, ამიტომ თუ ირანთან მასშტაბურ ომს არ დაიწყებს (სახმელეთო და საზღვაო ბრძოლების ჩათვლით), შესაძლოა, მის წინააღმდეგ წერტილოვანი საჰაერო დარტყმები მაინც განახორციელოს.

თუმცა დასავლეთს ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსის გათვალისწინება მოუწევს - თეირანმა ბირთვული კომპონენტების წარმოება, ძირითადად, მიწისქვეშა ბუნკერებში გადაიტანა, რომელთა სრული განადგურება მხოლოდ უზუსტესი საჰაერო დარტყმებით (როდესაც ბეტონის მნგრეველი მართვადი რაკეტები თუ ბომბები მიწას სწორედ ამ ბუნკერების თავზე რამდენიმე მეტრის სიზუსტით დაეცემა) ან ბირთვული დაბომბვით შეიძლება.

თუკი ბირთვული იარაღი მართლაც გამოიყენეს (ან ჩვეულებრივმა იარაღმა გამოიწვია ირანის ბირთვული კომპონენტების ატმოსფეროში გაფანტვა), ეს მართლაც მოიტანს  კატასტროფულ შედეგებს (რაზეც გაეროში საფრანგეთის ელჩმა გააფრთხილა მსოფლიო) რეგიონისა და ირანიდან სულ რაღაც 160 კმ-ით დაშორებული საქართველოსთვისაც...

P.S. თვე არ გავა, ირანის ხელისუფლებამ შეიარაღების ახალი სახეობების გამოცდის შესახებ არ განაცხადოს. გასაგებია, რომ ამას, ძირითადად, დასავლეთზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად აკეთებენ, რათა შეძლებისდაგვარად გადადონ დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო კამპანიის დაწყება;

თუმცა, მეორე მხრივ, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი თავდასხმის იარაღის - ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გარდა, დიდ ყურადღებას აქცევს  თავდაცვითი-საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სრულყოფასაც.

მოსკოვის მიერ ირანისთვის ჩ-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვის შეჩერება (რუსეთმა ირანს ბედ აღებული 170 მილიონამდე დოლარი დაუბრუნა, თუმცა თეირანი მოსკოვისგან პირგასამტეხლოსაც მოითხოვს) თეირანისათვის სერიოზულ დარტყმად იქცა. ამ საზენიტო საშუალების ხუთი დივიზიონი მართლაც საიმედოდ ჩაკეტავდა ირანის საჰაერო სივრცეს და აშშ-ის, ისრაელისა თუ საფრანგეთის საბრძოლო ავიაციას წარმატებული საჰაერო ოპერაციების განხორციელების ყველა შანსს მოუსპობდა...