აფხაზეთი - "შავი ხვრელი" ტერორისტების მოსამზადებლად... - კვირის პალიტრა

აფხაზეთი - "შავი ხვრელი" ტერორისტების მოსამზადებლად...

რუსეთის სასამართლო 30-მდე პირს აფხაზეთში სამხედრო მომზადებასა და ჩრდილო კავკასიაში  ტერორისტული აქტების მოწყობაში ადანაშაულებს...

ყველაფერს ვიფიქრებდით, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტრუქტურა იმის გამო დააკავებდა თავის მოქალაქეებს, რომ მათ აფხაზეთში გაიარეს სამხედრო მომზადება, ვერ წარმოვიდგენდით.

ამჟამად რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის უმაღლესი სასამართლო განიხილავს 30-მდე პირის საქმეს, რომელთაც ბრალად ედებათ რელიგიური ექსტრემიზმი, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობა, იარაღის უკანონო ტარება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა და რაც მთავარია - შეიარაღებული გადატრიალების მომზადება.

ერთი შეხედვით ამ ბრალდებებში ახალი არაფერია, რადგან იმავე მუხლებით ასამართლებენ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ იმ ათასობით მოქალაქეს, რომელთა ნაწილი მართლაც იარაღით ხელში ებრძვის რუს ფედერალებს, ნაწილი კი სრულიად უდანაშაულოა.

ამ საქმემ ჩვენი ყურადღება სხვა რამის გამო მიიპყრო - რუსეთის ფედერაციის სასამართლომ ბრალდებულებს დაუმტკიცა, რომ მათ 2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა დროს სპეციალური სამხედრო მომზადება ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსაზღვრე სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიარეს!

რა გამოდის?

იმ სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება, რომელიც ერთი მხრივ ძმობას ეფიცება მოსკოვს, მისგან ფარულად თავის ტერიტორიაზე ამზადებდა რელიგიური ექსტრემისტებისგან დაკომპლექტებულ შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც მოსაზღვრე ყარაჩაი-ჩერქეზეთში (რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია) სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა?! ისეთ გაუკონტროლებელ ტერიტორიებზე, როგორიცაა "შავი ხვრელები" - აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი თუ მთიანი ყარაბაღი, სავარაუდოდ, სისტემატურად მიმდინარეობს რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიარაღებული ჯგუფების სამხედრო და სპეციალური მომზადება.

სად, როდის და როგორ გამოიყენებენ მათ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...