რისთვის იქმნება რუსული "ღამის სტალკერები"? - კვირის პალიტრა

რისთვის იქმნება რუსული "ღამის სტალკერები"?

რუსები რომ ამერიკელებს ბევრ რამეში ჰბაძავენ, ახალი არ არის, მაგრამ ბოლო ინფორმაცია ნამდვილად ყურადსაღებია.

როგორც ირკვევა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო სპეციალური დანიშნულების საშვეულმფრენო ნაწილის შექმნა, რომელსაც ისეთივე სპეციალური ოპერაციების ჩატარება დაევალება, როგორსაც ამერიკული 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკი Night Stalkers-ი ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პაკისტანის იმ ქალაქში, სადაც მსოფლიოს #1 ტერორისტი უსამა ბინ ლადენი იმალებოდა, ამერიკელებმა სპეცრაზმი ღამით სწორედ ამ პოლკის საიდუმლო შვეულმფრენებით გადასვეს. მცირედი ხარვეზების (ავარიაგანცდილი შვეულმფრენი) მიუხედავად, ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, რამაც აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი პოლიტიკური ქულების ჩაწერა კრემლშიც სურთ, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე პუტინი ბრუნდება (რომელიც, პრინციპში, არც არსად იყო წასული), ის პუტინი, რომელსაც, როგორც "კაგებეშნიკს", საიდუმლო ოპერაციები ლამის ესიზმრება და როგორც ამბობენ, თავად მონაწილეობს მათ დაგეგმვაში.

რუსეთის გენერალიტეტი ღამით მოქმედი სპეციალური საშვეულმფრენო ნაწილის შეიარაღებას, სავარაუდოდ, სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8АМТШ-ითა და საბრძოლო Ми-35М-ებით აპირებს. ეს უკანასკნელი კარგად ცნობილი Ми-24-ის მოდერნიზებული საექსპორტო ვარიანტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეიძინა 20 ასეთი შვეულმფრენი, რითაც, ერთი შეხედვით, შეანელა Ми-28Н "ღამის მონადირეებით" ჩრდილო კავკასიაში საჰაერო ბაზების გადაიარაღების პროგრამის მოქმედება, თუმცა ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ Ми-28Нების ათვისება დიდ დროს მოითხოვს, Ми-24-ის ბაზაზე შექმნილ Ми-35М-ს კი პილოტები კარგად იცნობენ.

სწორედ სპეცდანიშნულების საშვეულმფრენო დანაყოფის შექმნის ასეთი ტემპი გვაფიქრებინებს, რომ მისი გამოყენება არცთუ ისე შორი პერსპექტივაა.

რა თქმა უნდა, შვეულმფრენებით სპეცოპერაციის ჩატარება შეიძლება მხოლოდ 200-300 კმ-ის რადიუსში, ანუ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოების ტერიტორიაზე, რომელთა შორის პირველ კანდიდატად, საუბედუროდ, კვლავ საქართველო რჩება.

ღამის სიბნელეში, ხეობების გასწვრივ დაბალ სიმაღლეზე მფრენ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ Ми-8АМТШ-ებს და მათ გამცილებელ Ми-35М-ებს არ გაუჭირდებათ ФСБ-სა თუ ГРУ-ს სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადმოსხმა და სპეცოპერაციის შემდეგ მათი ევაკუაცია...