სარაკეტო დაშინების პოლიტიკა კავკასიაში - კვირის პალიტრა

სარაკეტო დაშინების პოლიტიკა კავკასიაში

სომხეთისა და აზერბაიჯანის "სარაკეტო ბერკეტები" (რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთისაზე) ქართულს ბევრად აღემატება...

21-ე საუკუნის ფართომასშტაბიან თუ ადგილობრივ შეიარაღებულ კონფლიქტებში მთავარი უკონტაქტო საბრძოლო მოქმედების ტაქტიკაა, ანუ როდესაც ბრძოლა წარმოებს შორსმოქმედი საარტილერიო და სარაკეტო იარაღით.

ამის მაგალითად იქცა 2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის დროსაც ქართველებიც და  რუსებიც ფართოდ იყენებდნენ შორსმსროლელ არტილერიასა და სარაკეტო დანადგარებს.

იმ მომენტისათვის ქართული არმიის ყველაზე შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარი იყო 203 მმ კალიბრის "პიონი", რომლიდანაც 110 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვის სროლა მაქსიმალურ 37,5 კმ-ზე შეიძლება. სამ დღეში ხუთმა ქართულმა "პიონმა" 600-ზე მეტი ასეთი ჭურვი გაისროლა.

მეორე საარტილერიო საშუალება, რომლის გათვალისწინებაც მოწინააღმდეგეს მოუხდა, ისრაელისგან ნაყიდი  ლარ-160 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გახლდათ. მათ 100 კგ-იანი რაკეტის 45 კმ-ზე გაშვება შეუძლიათ.

აგვისტოს ომის დროს  Lar-160 ქართული არმიის ყველაზე შორსმსროლელი საარტილერიო საშუალება იყო და ასე დარჩა დღემდე, როგორც საქართველოს ყველაზე ეფექტური სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტი.

წელს ჯერ ბაქოში, შემდეგ კი ერევანში ჩატარებულმა აღლუმებმა ჩვენთვის არცთუ დამაიმედებელი ფაქტი დაადასტურა - სამხრეთ კავკასიის ამ ორივე ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა უფრო "გრძელი სარაკეტო არგუმენტები", რომელთა გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა, როგორც სამხედრო, ისე - პოლიტიკური თვალსაზრისით.

აზერბაიჯანის არმიის შეიარაღებაში Lar-160-ების გარდა გამოჩნდა უფრო მძლავრი Смерч-ი, რომლის ახალი 800 კგ-იანი რაკეტა მაქსიმალურ 90 კმ-ზე მიფრინავს. ბაქოს აღლუმზე აჩვენეს Точка-У-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებიც. მათი ორტონიანი რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი 120 კმ-მდეა.

ბაქოს მიბაძვით, აღლუმზე სომხეთმაც გამოაჩინა მაქსიმალურ 80 კმ-ზე უმართავი რაკეტების გამშვები ჩინური წარმოების WM-80"ტაიფუნები" და ოპერატიულ-ტაქტიკური Точка-У-ები.

სომეხმა სამხედროებმა აჩვენეს "იალბუზის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო დანადგარებიც (დასავლეთში მათ Scud-B-ებს უწოდებენ), რომელთა 5,8-ტონიანი რაკეტები 300 კმ-მდე მანძილს ფარავს, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი არასაბრძოლო მდგომარეობაშია და მათი დემონსტრირებით ერევანმა აზერბაიჯანელების დაშინება სცადა.

სარაკეტო "იალბუზი" რომც გამოვრიცხოთ, სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ორივე მეზობელი საქართველოს ბევრად აღემატება სარაკეტო საშუალებათა როგორც რაოდენობრივი, ისე -  ტაქტიკურ-ტექნიკური  შესაძლებლობებით.

არავის დაშინებას არ ვაპირებთ, მაგრამ ამ ორივე ქვეყანას ზემოთ ჩამოთვლილი სარაკეტო შეიარაღებით შეუძლია, თავისივე ტერიტორიებიდან სარაკეტო დარტყმები მიაყენოს თბილისს და აღმოსავლეთ საქართველოს ძირითად სტრატეგიულ ობიექტებს ვაზიანსა და მარნეულში.

ოფიციალურ ბაქოსა და ერევანთან თბილისს, საბედნიეროდ, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მათი მხრიდან "სარაკეტო ბერკეტის" გამოყენება ამ ეტაპზე თეორიულადაც კი გამორიცხულია, მაგრამ ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში დაირღვა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსი და სამწუხაროდ, არა - საქართველოს სასარგებლოდ.