10 წელი ავღანეთში - კვირის პალიტრა

10 წელი ავღანეთში

ავღანეთის ათწლიან ომში კოალიციის 2753 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის 1801 ამერიკელი და 10 ქართველი...

7 ოქტომბერს ზუსტად ათი წელი შესრულდა, რაც ამერიკელები და მათი NATO-ელი პარტნიორები ავღანეთში შევიდნენ.

ათი წელი ნამდვილად არ არის მცირე დრო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თალიბების სრულ განადგურებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

უკვე პენტაგონშიც აღიარებენ, რომ გაიმეორეს საბჭოთა კავშირის შეცდომა და ავღანეთის ომის ჭაობში ჩაეფლნენ.

- ყველაზე რთული ისეთი ხელისუფლების ჩამოყალიბება აღმოჩნდა,  რომელსაც ავღანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნდობას გამოუცხადებდა და თალიბებს ზურგს შეაქცევდა, - განაცხადა ავღანეთში  ISAF-ის ყოფილმა სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა (სხვათა შორის, სწორედ მაკკრისტალმა გააცნო ავღანეთში ახალჩასული ქართული სამხედრო კონტინგენტის მთავარი წარმომადგენელი ავღანეთის პრეზიდენტ ყარზაის).

თავად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა კი ავღანეთის პრობლემებში პაკისტანს ადანაშაულებს და მართალიცაა, რადგან თალიბები სწორედ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე და თავად პაკისტანში იკრებენ ძალებს და იარაღდებიან. ასე ხდებოდა 1979-89 წლებშიც, როდესაც ავღანეთში საბჭოთა არმია იბრძოდა, ოღონდ მაშინ ავღანელ მოჯაჰედებს პაკისტანელების გარდა გვერდით ამერიკული სპეცსამსახურებიც ედგნენ.

ამ დღეებში ავღანეთმა და ინდოეთმა სტრატეგიულ პარტნიორობას მოაწერეს ხელი. პაკისტანთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ინდოეთთან ასეთი დაახლოება ნამდვილად დაძაბავს ურთიერთობას ოფიციალურ ქაბულსა და ისლამაბადს შორის.

თუკი ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანთან ურთიერთობა აშშ-საც დაეძაბება, ადვილი მოსალოდნელია თალიბების გააქტიურება, რაც გააძნელებს 2014 წლისთვის ავღანეთიდან დასავლეთის და მათ შორის - საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას...